პატარა ოლივიას ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მას მერე, რაც ქეთა თოფურიამ შვილი გააჩინა, მისი პატარა გოგონა და აღზრდის მისებური მეთოდები გამუდმებით დიდ ინტერესს იწვევდა და იწვევს. პრესის ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა მომღერალმა იმით, რომ ერთ წლამდე ოლივიას ფოტოებს სრულად არ აქვეყნებდა და არავინ იცოდა, როგორი იყო ქეთასა და მისი ბიზნესმენი ქმრის ლევ გეიხმანის პატარა ქალიშვილი. ქეთა მის ფოტოებს სმაილიკებს ადებდა ან შავი სათვალით უმალავდა სახეს.
როგორც ივარაუდებოდა, ქეთამ ერთი წლის ოლივიას გრანდიოზული ფოტოსესია მოუწყო და გლამურული ჟურნალისთვის გადაუღო ფოტოები. უკვე ყველამ გაიცნო გოგონა და იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ოლივია უფრო მამას ჰგავს.
ფოტოებზე ქეთას პატარა მისივე დიზაინით შექმნილ ტყავის ქურთუკშია გამოწყობილი - ცნობილია, რომ ქეთამ დიზაინერობა წამოიწყო და ქმნის კოლექციებს როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. რასაკვირველია, პირველ რიგში მის მოდურ სამოსს მისი ქალიშვილი ირგებს.
რუსი ჟურნალისტები და ქეთას თაყვანისმცემლები ერთხმად აღნიშნავენ - ქეთას გოგონას გამორჩეულად აცვია და ისეთივე სუპერმოდურია პაწაწინობიდანვე, როგორც მისი ცნობილი დედიკო. მხოლოდ მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმლის გახსენება რად ღირს.
ასევე იმასაც აღნიშნავს ბევრი, რომ ქეთამ მშობიარობის შემდეგ მალე ჩადგა ფორმაში და ამჟამად განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. მისი სტილი, რომელიც უდაოდ გამორჩეული და აღიარებულია რუსულ ესტრადაზე, არც მშობიარობის შემდეგ ჩამორჩენია მოდას და ქეთას ჩაცმლობაზე - სცენაზე თუ მის გარეთ, კვლავაც ბევრს წერენ რუსულ პრესაში. მართლაც, ქეთას გემოვნებასა და გარეგნობაზე ძნელია, რაიმე უარყოფითი თქვა. ის ჩვეულებრივ შავ კაბაშიც დახვეწილი და ორიგინალურია და ცისფერ პომადაშიც კი.