აბა, მოვედი. როგორ ხართ? ხომ მელოდით? მე და ბაჯბაჯამ ისეთი რამეები ჩავიდინეთ, მხოლოდ თქვენ უნდა მოგიყვეთ აბა, მოვედი. როგორ ხართ? ხომ მელოდით? მე და ბაჯბაჯამ ისეთი რამეები ჩავიდინეთ, მხოლოდ თქვენ უნდა მოგიყვეთ. დედაჩემს ხომ არ ეტყვით? არ გამამხილოთ, ხო? მე კი გპირდებით, რომ ასე აღარ მოვიქცევი. ახლა გიამბობთ, რაც მოხდა.
გუშინ მე და ბაჯბაჯა ეზოში ვთამაშობდით. დედამ გაგვაფრთხილა, ეზოდან ფეხი არ მოიცვალოთო, თვითონ ალუბლის მურაბას აკეთებდა და ვერ ჩამოგვყვა ეზოში.
ცოტა ხანს ვითამაშეთ. მე ჩემს მეგობარ ლიკუნას ვეთამაშებოდი - სათამაშო სარეცხის მანქანა უყიდა დედამისმა და იმას ვსინჯავდით. ბარბის ტანსაცმელი შევყარეთ და ვრეცხავდით. მე დედიკო ვიყავი, ლიკუნა - სამრეცხაოს უფროსი. ბაჯბაჯა მარტო დაძუნძულებდა, ჩვენთან არ მოვიდა - გოგოებთან რა მინდაო. ხან ქვიშაში ჩაჯდა და მთლად გაიმტვერა, ხან სადარბაზოს კიბეებზე მოჰყვა ზემოთ-ქვემოთ სიარულს. დედამ ბურთიც არ გადმოუგდო, სადღაც გაგორდება და შორს არ გაგიტყუოსო. ბოლოს ისე მოიწყინა ბაჯბაჯამ, თავი ხელებში ჩარგო და მობუზული ჩამოჯდა კიბეზე.
ამასობაში ლიკუნას მამიკო გამოჩნდა. ლიკუნა მამისკენ რომ გაექანა, სულ მივავიწყდი. ცოტა კი მეწყინა ეს უყურადღებობა. ველოდე, ველოდე, ვატრიალე სარეცხის მანქანა და მისი თოჯინა... როგორც იქნა, ცოტა ხანში ლიკუნაც გამოძვრა სახლიდან. გაპრანჭული იყო. ასე გამომიცხადა, მამაჩემმა ზოოპარკში უნდა წამიყვანოსო. მოხვია ხელი თავის სათამაშოებს და დამტოვა გაღიმებული.
გავბრაზდი, ესაა მეგობრობა? გავებუტე და უკვე მეორე დღეა არ ველაპარაკები...
მაგრამ ამით არ დასრულებულა ჩვენი ამბავი. ლიკუნაზე გაბრაზებული ბაჯბაჯას მივუჯექი გვერდში და ერთად დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეყვანა დრო. ჩვენს სადარბაზოში, კიბესთან ახლოს, სარდაფია. დედა სულ გვაფრთხილებს, ახლოს არ მიეკაროთო. მაგრამ მოწყენილები ვიყავით და გადავწყვიტეთ, გაგვეგო, ასეთი რა იმალებოდა იმ სარდაფში. მოკლედ, გავიპარეთ მე და ბაჯბაჯა სარდაფისკენ. მე ამაყად მივაბიჯებდი, ბაჯბაჯა ცოტა მშიშარაა და კაბის კალთაზე ჩამოკიდებული მომყვებოდა დაფეთებული თვალებით.
კარი ღია იყო, კიბეზე ჩავედით და შევძვერით. საშინელი სიბნელე იყო. წინ რამდენიმე ჟანგიანი მილი დაგვხვდა, ერთმანეთში გადახლართული. გადავწყვიტეთ, ზედ გადაგვებიჯებინა. მე კი გადავძვერი იოლად, მაგრამ ეს ბაჯბაჯა ხომ იცით, როგორი ბოთეა? ერთი ფეხი ძლივს გადმოათრია, მეორე კი მილსა და მილს შორის გაეჭედა. აღრიალდა, მაგრამ რა აღრიალდა!
- დედააა, დედააა! მიშველეეეთ!
- ბიჭო, გაჩუმდი, რა გაღრიალებს, დედა გაიგონებს და აქ რომ დაგვინახავს, კარგი დღე არ დაგვადგება, - ვაჩუმებდი მე თვითონაც შეშინებული და ვფიქრობდი, რა გამოსავალი მომეძებნა. ვექაჩე, ვექაჩე ბაჯბაჯას ფეხს, მაგრამ ვერ ამოვაწევინე. არც გარეთ გამიშვა ვინმეს დასაძახებლად, - აქ მარტო არ დამტოვო, მეშინია, ვირთხები შემჭამენო. ვიდექით ასე და ველოდებოდით, რა მოხდებოდა. კიდევ კარგი, ჩვენი მეზობელი, ბადრი ძია იმ დროს შინისკენ მოდიოდა. როგორც კი ღრიჭოში თვალი მოვკარით, ორივენი ავყვირდით:
- ბადრი ძიაა, ბადრი ძიაა!
შეშფოთებული შემოვარდა, შეეშინდა, რამე ხომ არ დაემართათო. ისე უცებ ამოაძრობინა ბაჯბაჯას ფეხი, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით. მერე იქვე დაგვაყენა ორივენი და შეგვარცხვინა:
- დედიკო ალბათ არ გიშვებთ ასეთ ადგილებში და როგორ გაბედეთ? ხომ შეიძლებოდა, კარი ჩაგკეტვოდათ და ვერც ვერავის გაეგო თქვენი ხმა? მეორედ აღარ ჩამოხვიდეთ აქ.
- არა, ბადრი ძია, აღარ ვიზამთ, - ვუთხარი და ტირილი წამსკდა, სულ არ მინდოდა, მაგრამ
ცრემლები თავისით წამომცვივდა, - ოღონდ დედიკოს არ უთხრათ რა, თორემ საერთოდ აღარ გამოგვიშვებს ეზოში, - შევეხვეწე.
დაგვპირდა, არ ვეტყვიო, მერე ორივეს თავზე ხელი გადაგვისვა და ჩვენც სახლისკენ მოვკურცხლეთ.
დედიკოს მურაბა უკვე მოეხარშა და ქილებში ჩაესხა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცალკე დაეტოვებინა ლამბაქზე და ისე გემრიელად ჩავიტკბარუნეთ პირი, კარგა ხანს აღარც გაგვხსენებია ბნელი და საშიში სარდაფი.