ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ორი შორეული ნათესავი. ერთი ღარიბი იყო და ტყის პირას ერთი პატარა ქოხი ჰქონდა, მეორეს - მდიდარს კი - ქალაქში დიდი და ლამაზი სახლი.
ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ორი შორეული ნათესავი. ერთი ღარიბი იყო და ტყის პირას ერთი პატარა ქოხი ჰქონდა, მეორეს - მდიდარს კი - ქალაქში დიდი და ლამაზი სახლი. ერთხელ ღარიბი ტყეში მიდიოდა და უცებ ხის ქვეშ მოკაშკაშე ოქროს ფრთა დაინახა, აიხედა მაღლა - ხეზე ოქროსბოლოიანი მამალი იჯდა. აიღო ღარიბმა ოქროს ფრთა და ქალაქში მდიდარ ნათესავს მიუტანა.
გასინჯა მდიდარმა ოქროს ფრთა და უთხრა:
- კარგია, მაგრამ მაინცდამაინც ძვირფასი არ არის. ამ ფრთაში ერთ ვერცხლის ფულს მოგცემო.
ღარიბს თავის სიცოცხლეში ოქრო არ ენახა და არ იცოდა, რომ ის ფრთა სუფტა ოქროსი იყო. უბრალოდ, რაღაც უცნაური ბრჭყვიალა ნივთი ეგონა და გადაწყვიტა, რომ ერთი ვერცხლი კარგი საფასურიაო.
მეორე დღეს ღარიბი კვლავ გაემართა ტყისკენ და იმავე ხის ქვეშ ისევ ნახა ოქროს ფრთა. მიუტანა მდიდარს და კვლავ ერთი ვერცხლის ფული მიიღო. ასე გაგრძელდა დიდხანს. ერთხელაც ღარიბი იმ ხესთან მივიდა და ხედავს, რომ ოქროსბოლოიანი მამალი ხეზე ზის და გაიძახის:
- ვინც ჩემს გულს შეჭამს, ყოველ დილით სასთუმალქვეშ ორ ოქროს კვერცხს იპოვისო!
განცვიფრდა ღატაკი. გაიქცა ქალაქში და ყველაფერი თავის მდიდარ და ხარბ ნათესავს უამბო. მან კი უთხრა:
- თუ შენ იმ მამალს მომიყვან, ათას ვერცხლს მოგცემო.
- არ მინდა შენი ფული! მირჩევნია, ჩემი ორი ვაჟი წამოიყვანო და საკუთარი შვილებივით გაზარდო. მინდა, რომ ნასწავლები და ჭკვიანები გამოვიდნენო.
მდიდარმა პირობა მისცა, შენს შვილებს წამოვიყვან და სასწავლებელში მივაბარებო, ოღონდ ის მამალი მომიყვანეო.
დილაადრიან გაემართა ღარიბი ტყისკენ. ჯადოსნური მამალი ხეზე იჯდა და მშვიდად გადმოსცქეროდა. მოზიდა ღარიბმა მშვილდი და ჩამოაგდო ოქროსბოლოიანი მამალი, გადასცა თავის შვილებს და გაუგზავნა ქალაქში მდიდარს.
მდიდარმა რომ ოქრსბოლოიანი მამალი დაინახა, სიხარულით ხტუნვა დაიწყო, ოქროს ფრთები თვითონ დააძრო, მამალი ძმებს გადასცა და უბრძანა:
- მომიხარშეთ და სადილზე მომართვითო. - გულში კი გაიფიქრა, ბიჭებს არ ვასწავლი, უმჯობესია შინ ისხდნენ და მომემსახურონო.
გავიდნენ ძმები სამზარეულოში და საქმეს შეუდგნენ. სულითა და გულით ცდილობდნენ, ნათესავის გულის მოსაგებად სადილი გემრიელი გამოსულიყო. მაგრამ უბედურება დატრიალდა: როცა მამალი მოიხარშა, ქვაბში წვენი უცებ ათუხთუხდა და მამლის გული პირდაპირ იატაკზე გადმოისროლა.
- ამ გულის გადაგდება მოგვიხდება, შეხედე, პირდაპირ ნაგავში ჩავარდა. როგორღა მივართვათ ჩვენს ბატონსო, - თქვა უფროსმა ძმამ.
მაგრამ უმცროსი შეეხვეწა:
- არ გადააგდო, დილიდან არაფერი მიჭამია, მოდი, გავრეცხოთ და ჩვენ შევჭამოთო.
ასეც მოიქცნენ: გარეცხეს მამლის გული, გაჭრეს შუაზე და შეჭამეს.
მერე მამალი მდიდარს მიუტანეს. მდიდარმა ქვაბში გულის ძებნა დაიწყო. ეძება, ეძება, მთელი მამალი შეჭამა, მაგრამ გული მაინც ვერ იპოვა. მაშინ ძმებს ჰკითხა:
- სად არის მამლის გული, რა უყავითო?
ძმები ყველაფერში გამოუტყდნენ. ხარბი ნათესავი ისე გაბრაზდა, რომ ჯოხს წამოავლო ხელი და ორივენი სახლიდან გაყარა. აცრემლებული ძმები თავიანთ ღარიბულ ქოხში დაბრუნდნენ. ვერა და ვერ მიმხვდარიყვნენ, ასე რატომ გაცოფდა მდიდარი რაღაც მამლის გულისთვის. მაგრამ გავიდა ღამე და დილით ორივემ სასთუმალქვეშ თითო ოქროს კვერცხი იპოვა. მიუტანეს მამას და ყველაფერი უამბეს.
- მაწყენინა ჩემმა მდიდარმა ნათესავმა! - უთხრა მამამ, - რადგან გარეთ გამოგყარათ. ამ კვერცხებს ყველას მივყიდი და იმას კი არაო!
სწორედ ამ დროს მოხეტიალე ვაჭარმა ჩამოიარა და სწორედ მას მიჰყიდა კაცმა კვერცხები. აღფრთოვანებულმა ვაჭარმა იმდენი ოქროს ფული მისცა, ღარიბს სიცოცხლეში არ ენახა. მხოლოდ ახლა მიხვდა საცოდავი, როგორ ატყუებდა მდიდარი ნათესავი. `არა უშავს, - გაიფიქრა მან, - ამბობენ, ვინც სხვის მოტყუებას შეეცდება, თვითონვე დარჩება მოტყუებულიო, და ასეც გამოვიდაო~.
მას შემდეგ ძმები ყოველ დილით ნახულობდნენ სასთუმალქვეშ თითო ოქროს კვერცხს. მამა მათ კარგ ფასად ყიდდა და ცხოვრობდნენ უზრუნველად. რაც მთავარია, ძმებს ოცნება აუხდათ: ორივენი სწავლობდნენ და დიდი მეცნიერებიც გამოვიდნენ.