სარკევ, სარკევ, მითხარი, ჩემზე კარგი ვინ არი? იყო და არა იყო რა. ერთ შორეულ სამეფოში ერთ ზამთარს დედოფალი გიშრის ჩარჩოიან სარკმელთან იჯდა, კერავდა, თან უყურებდა, რა ლამაზად ცვიოდა ციდან მსხვილი, ფუმფულა, ქათქათა ფიფქები. უნებურად თითში ნემსი იჩხვლიტა. სისხლის სამი წვეთი თოვლს დაეცა და ისე აელვარდა რომ დედოფალმა ინატრა, - ნეტავი გოგონა გამიჩნდებოდეს ამ თოვლივით თეთრი, ამ სისხლივით ლოყაწითელი და ამ გიშერივით შავთმიანიო. არ გასული დიდი ხანი, რომ დედოფალს გოგონა შეეძინა - თეთრყირმიზი და შავთვალ-წარბა. გოგონას ფიფქია დაარქვეს; მაგრამ სამწუხაროდ, დედოფალი შვილის დაბადებას გადაჰყვა. ერთი წლის შემდეგ მეფემ მეორე ცოლი შეირთო. ახალი დედოფალი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მაგრამ გოროზი და გული ღვარძლით ჰქონდა სავსე. ვინმეზე რომ გეთქვა, ლამაზიაო, ბოღმით სკდებოდა.
დედოფალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა.
ხშირ-ხშირად იხედებოდა შიგ. ტკბებოდა თავისი სილამაზით და თან სარკეს ეკითხებოდა:
- სარკევ, სარკევ, მითხარი.
ჩემზე კარგი ვინ არი?
სარკე პასუხობდა: - შენზე ლამაზი არავინ დაბადებულაო და დედოფალიც ნაამები იღიმებოდა. იცოდა, სარკე არასოდეს ტყუოდა.
ფიფქია კი იზრდებოდა და მშვენდებოდა. შვიდი წლისა დედოფალსაც კი სჯობდა.
ერთ დღეს დედოფალმა ისევ ჰკითხა სარკეს:
- სარკევ, სარკევ, მკითხარი,
ჩემზე კარგი ვინ არი?
სარკემ მიუგო:
- შენზე ყიერმიზი
მხოლოდ ფიფქიაა,
მასზე ლამაზი
ქვეყნად არავინაა!
დედოფალი შურით გულზე გასკდა. თვალს მოჰკრავდა თუ არა გერს, სიძულვილი ახრჩობდა. დღედაღამ მის თავიდან მოცილებაზე ფიქრობდა.
ერთ მშვენიერ დღეს მოიხმო ერთგული მსახური და უბრძანა:
- წაიყვანე ფიფქია უღრან ტყეში, მოკალი და დასტურად მისი გულ-ღვიძლი მომიტანეო.
მსახურმა წაიყვანა გოგონა ტყეში, ამოიღო დანა და ის იყო, უნდა მოეკლა, რომ ფიფქია ტირილით შეეხვეწა:
- ოღონდ ნუ მომკლავ და თვალით არასოდეს დაგენახვებითო.
შეებრალა მსახურს გოგონა და უთხრა:
- კარგი, არ მოგკლავ, ოღონდ აქედან უნდა გადაიკარგოო.
ამ დროს ბუჩქებიდან ირემი გამოვარდა. მსახურმა ესროლა მშვილდ-ისარი, მოკლა, გულ-ღვიძლი ამოუღო და მიუტანა დედოფალს. გაიხარა დედინაცვალმა და მზარეულს უბრძანა, ახლავე შემიბრაწეო. ეგონა, გერის გულ-ღვიძლი იყო.
დარჩა საბრალო ფიფქია მარტოდმარტო უსიერ ტყეში, შიშით კბილს კბილზე აცემინებს, აქეთ-იქეთ იყურება, აღარ იცის, რა ქნას. ადგა და გაიქცა. მირბის თავქუდმოგლეჯილი, მიარღვევს ეკალ-ბუჩქნარს, ირგვლივ მხეცები დაძრწიან, მაგრამ ფიფქიას არავინ ეკარეგბა. დიდხანს ირბინა და ბოლოს არაქათგამოცლილმა კორდზე ამოყო თავი. ამასობაში დაბინდდა კიდეც. უცებ პაწია ქოხი დაინახა და გახარებული შიგნით შევიდა. ქოხი დაწკრიალებულ-დაკრიალებული იყო, შიგ ყველაფერი კოპწია და კოხტა ელაგა. შუა ოთახში, თეთრ სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე შვიდი პატარა თეფში, კოვზი, დანა-ჩანგალი და ჭიქა ეწყო. კედლის გასწვრივ შვიდი პატარა, ქათქათა საწოლი იყო ჩამწკრივებული.
ფიფქიას შიოდა. ჩამოუარა თეფშებს, თითო ულუფიდან თითო ლუკმა ამოიღო და ერთი ყლუპი ღვინო დალია. ტყეში ნახეტიალებს და ნარბენს ძილი მოერია. პირველ სწოლში ჩაწვა - ეპატარავა, მოსინჯა მეორე, მესამე... მხოლოდ მეშვიდე საწოლი გამოდგა შესაფერისი. დაწვა და ფშვინვაც ამოუშვა.
თურმე ეს ქოხი შვიდი ჯუჯის იყო. ჯუჯები მთაში მადანს თხრიდნენ. ჩამობინდდა და შინაც დაბრუნდნენ. აანთეს პაწია ლამპები და ნახეს, რომ რომ ქოხში ვიღაც ყოფილა.
- ვინ იჯდა ჩემს სკამზე? - იკითხა პირველმა ჯუჯამ.
- შენ შეჭამა ჩემი კერძი? - გაუკვირდა მეორეს.
- ვინ მოატეხა ჩემ პურს? - განცვიფრდა მესამე.
- ვინ შესანსლა ჩემი სალათი? - შეჰყვირა მეოთხემ.
- ვინ იხმარა ჩემ ჩანგალი? - მხრები აიჩეჩა მეხუთემ.
- ვინ ახლო ხელი ჩემს დანას? - გაცხარდა მეექვსე.
- ვინ დალია ჩემი ღვინო? - თვალები გაუფართოვდა მეშვიდეს. პირველმა ჯუჯამ მოათვალიერა ქოხი და ნახა, რომ მის საწოლზე ვიღაცას ეკოტრიალა და იკითხა:
- ვინ იწვა ჩემს საწოლზე?
სხვებმაც მიმოიხედეს და განცვიფრდნენ:
- ჩვენს საწოლებზეც წოლილა ვიღაცო.
მეშვიდე ჯუჯამ დახედა თავის საწოლს, წევს გოგონა და ტკბილად სძინავს. დაუძახა დანარჩენებს. ჯუჯებმა მოირბინეს, მოიტანეს ციცქნა ლამპები და ფიფქიას დაანათეს.
- რა ლამაზი გოგონაა, - მოეწონათ.
ისე გაეხარდათ მისი ნახვა, რომ არც კი გააღვიძეს. მეშვიდე ჯუჯას თითო საათი ეძინა დანარჩენი ჯუჯების საწოლებში. ამასობაში გათენდა კიდეც. გაეღვიძა ფიფქიას. დაინახა შვიდი ჯუჯა და შეშინდა. მაგრამ მათ ალერსიანად ჰკითხეს:
- რა გქვია?
- ფიფქია. - მიუგო გოგონამ.
- ჩვენს ქოხში როგორ გაჩნდი? - ისევ ჰკითხეს.
გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო ჯუჯებს.
- თუ გინდა, ჩვენთან დარჩი. სახლს დაგვილაგებ, დაგვირეცხავ, სადილს მოგვიმზადებ და ჩვენც არაფერს მოგაკლებთო, - უთხრეს ჯუჯებმა.
ფიფქია სიხარულით დათანხმდა.
ჯუჯები დილით მთაში სამუშაოდ მიდიოდნენ და საღამოსღა ბრუნდებოდნენ. ფიფქია მათ ვახშამს ახვედრებდა. გოგონა მარტო რჩებოდა შინ და ჯუჯები არიგებდნენ:
- უფთხილდი შენს დედინაცვალს. მალე გაიგებს შენს ადგილსამყოფელს. ამიტომ შინ არავინ შემოუშვა.
დედინაცვალს კი, რახან ფიფქია მოიშორა, თავი მთელ ქვეყანაზე ულმაზესი ეგონა. მივიდა სარკესთან და ჰკითხა:
- სარკევ, სარკევ, მითხარი,
ჩემზე კარგი ვინ არი?
სარკემ მიუგო:
- ახლა კი ხარ მშვენიერი,
მაგრამ მალე გაჯობებს
ფიფქია-ფიფქისფერი,
მეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს.
დედოფალი ბრაზით აცახცახდა - სარკე ხომ არასდეს ტყუოდა! მიხვდა, მსახურს არ მოუკლავს ფიფქია და იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ მოეშორებინა თავიდან საძულველი გერი. ბოლოს, მოიფიქრა: რომ ვერ ეცნოთ, სახე მოიხატა, ვაჭარი დედაბრის კაბა ჩაიცვა, შვიდი მთა გადაიარა და შვიდი ჯუჯის კარს მიუკაკუნა:
- კარი გამიღეთ, ძვირფასი სავაჭრო მოგართვითო.
სარკმლიდან ფიფქიამ გამოიხედა და ჰკითხა:
- გამარჯობა, ბებო, რას ჰყიდიო?
- ვაშლს ვყიდიო, - მიუგო დედაბერმა და კალათაში ჩალაგებული წითელი ვაშლები აჩვენა.
"ამის შინ შემოშვება შეიძლებაო", - გაიფიქრა ფიფქიამ, კარი გაუღო და ერთი ვაშლი გამოართვა.
ვაშლი თურმე მოწამლული იყო - როგორც კი ჩაკბიჩა, უსულოდ დაეცა.
ბოროტმა დედინაცვალმა დახედა ძირს გაშოტილ ფიფქიას და ღვარძლიანად გადაიხითხითა:
- თეთრყირმიზო, თმაგიშერავ,
დადგა შენი აღსასრული.
ვერ გიშველიან ჯუჯები, -
ისე ამოგხადე სული!
დაბრუნდა შინ და სარკეს ჰკითხა:
- სარკევ, სარკევ, მითხარი,
ჩემზე კარგი ვინ არი?
სარკემ უპასუხა:
- შენზე მშვენიერი არავინ არისო.
დამშვიდდა და გამხიარულდა ბოროტი და შურიანი დედინაცვალი.
შინ დაბრუნებულ ჯუჯებს ფიფქია უსულოდ გაშოტილი დახვდათ. რა არ იღონეს, მაგრამ არაფერმა უშველა - საბრალო გოგონა გაშეშებული იწვა. რაღას იზამდნენ. შემოუსხდნენ ირგვლივ და დაიწყეს ტირილი. სამი დღე ცხარე ცრემლით დასტიროდნენ. მერე დასაფლავება გადაწყვიტეს, მაგრამ ვერ გაიმეტეს - ფიფქია ცოცხალივით ფითქინა და ლოყაწითელი იყო. ასეთი მშვენიერება მიწაში როგორ ჩავაწვინოთო, თქვეს. გააკეთეს ბროლის კუბო, ჩაასვენეს შიგ ფიფქია, რომ ყოველდღე ეყურებინათ მისთვის, ოქროს ასოებით დააწერეს ფიცარზე - "მეფის ასული ფიფქია", დაადეს გულზე, აიტანეს კუბო მთის წვერზე და ყოველდღე სათითაოდ დარაჯობდნენ. ფრინველებიც კი გლოვობდნენ ფიფქიას. ჯერ ბუებმა დაიტირეს, მერე ყვავებმა, შემდეგ ქედნებმა...
დიდხანს, ძალიან დიდხანს იწვა კუბოში ფიფქია. გეგონებოდა, ძინავსო - თოვლივით თეთრი, სისხლივით ლოყაწითელი და გიშერივით შავთმიანი.
ერთ მშვენიერ დღეს ტყეში უფლისწული ნადირობდა. შემოაღამდა და ჯუჯებს მადგა ღამის გასათევად. ნახა მთაზე კუბო, - კუბოში ულამაზესი ფიფქია იწვა, წაიკითხა ოქროს ასოებიანი წარწერა და ჯუჯებს სთხოვა:
- ოღონდ ეს კუბო მომეცით და რაც გამაჩნია, ყველაფერს მოგართმევო.
- ფიფქიას მთელი ქვეყნის ოქროზე არ გავცვლითო, - იუარეს ჯუჯებმა.
- მაშინ ნება მომეცით, ვეამბოროო, - მივიდა და ეამბორა ფიფქიას. ჯადოსნურმა ამბორმა გოგონას წყევლა მოხსნა - თვალი გაახილა, წამოდგა და იკითხა:
- სადა ვარ და რა მჭირსო?
- ჩემთან ხარ, - გაუხარდა უფლისწულს და ყველაფერი უამბო, რაც შეემთხვა. შემდეგ უთხრა: - ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ, წავიდეთ, მამაჩემს ვეახლოთ, შენ ჩემი ცოლი უნდა გახდეო.
ფიფქია დათანხმდა. გახარებულ ჯუჯებს დაემშვიდობა და გაჰყვა უფლისწულს.
ეახლნენ მეფეს. მეფემ დალოცა ორივენი და დიდი ქორწილიც გადაუხადა.
ცხადია, ქორწილში შვიდი ჯუჯაც მიიწვიეს.
ქორწილში ბოროტი დედინაცვალიც იყო დაპატიჟებული - ის ხომ მეზობელი სახელმწიფოს დედოფალი იყო! მორთულ-მოკაზმული დადგა სარკის წინ და ჰკითხა:
- სარკევ, სარკევ, მითხარი,
ჩემზე კარგი ვინ არი?
სარკემ მიუგო:
- შენ აქ კი ხარ მშვენიერი,
მაგრამ ნორჩი დედოფალი
სოლამაზით და იერით
მართლაც ქვეყნის არის თვალი!
ო, როგორ გაბრაზდა დედოფალი, სულ შემოიგლიჯა ტანსაცმელი. ჯერ იფიქრა, ქორწილში არ წავალო, მაგრამ ძალიან მოუნდა მეტოქის ნახვა. როგორც კი სასახლეში ფეხი შედგა და პატარძალს შეხედა, ფიფქია იცნო. შიშით ადგილს მიეყინა, მალე წინ გახურებული რკინის ფეხსაცმელები დაუწყვეს და უბრძანეს, - ჩაიცვი და იცეკვე მანამ, სანამ სული არ ამოგხდებაო...
რას იზამდა ბოროტი დედოფალი... მალე მან თქვენი ჭირი წაიღო.
ფიფქია, უფლისწული და შვიდი ჯუჯა კი ბედნიერად ცხოვრობდნენ...