იყო და არა იყო რა, იყო ერთი საბრალო, ღარიბ-ღატაკი ობოლი ბიჭი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი საბრალო, ღარიბ-ღატაკი ობოლი ბიჭი. ერთხელ ობოლმა ერთი გუდა საფქვავი იშოვა. წაიღო წისქვილში და დაფქვა. ამ დროს წისქვილში ქოსამატყუარამაც დაფქვა თავისი ერთი გუდა მარცვალი და წასვლის დროს ობოლს უთხრა: ერთად ვიაროთო.
- ძალიან კარგიო, - დათანხმდა ობოლი.
დაადგნენ გზას. ქოსამ უთხრა: - იცი, რა ვქნათო?
- რაო? - ჰკითხა ობოლმა.
- რა და, მოდი, ორივეს ფქვილით მოვზილოთ ცომი და შოთები გამოვაცხოთო.
- ძალიან კარგიო, - დაეთანხმა ობოლი.
მოზილეს, ჩააკრეს კეცში და წითელ-წითელი შოთები დააცხვეს.
ეს შოთები რომ ნახა ქოსამატყუარამ, უთხრა: მოდი, ვინც უკეთესი ტყუილი თქვას, შოთები იმას დარჩესო.
- ძალიან კარგიო, - უპასუხა ობოლმა.
ქოსამატყუარამ დაიწყო: ერთი ბატი მყავდა, პაპაჩემის გაზრდილი. ის ოხერი და ტიალი ისეთი კარგი რამ იყო, რომ მთელ ოჯახს გვინახავდა; სახნავი იყო, სათიბი იყო, თუ მგზავრობა, სულ ის დაგვყავდა; მე ვჯდებოდი ზედ და ხან მინდვრებზე დავაჭენებდი და ხან მთებზე. ერთხელ, საუბედუროდ, ტყეში მივაჭენებდი, უცებ ვნახოთ, ერთი მშიერი ტურა გადმომიხტა, ეცა ჩემს ბატს და გამოაგლიჯა გვერდი. წაიქცა ბატი და ვეღარ დგებოდა. მაშინვე აზრზე მოვედი. მოვგრიხე წნელი, გამოვუწან იმით გვერდი, წამოვახტუნე და გავაჭენე სახლში... ახლა შენი ჯერია, ობოლოვო!
ობოლმა დაიწყო: მამაჩემს ასი თვალი ფუტკარი ედგა. ყოველდღე ჩამოუვლიდა და თვლიდა. ერთხელაც ვნახოთ, დათვალა ფუტკრები და ერთი არ დააკლდა სათვალავში?! აქეთ ვეძებეთ, იქით ვეძებეთ... თურმე ფეხი მოსტეხია და დარჩენილა ზღვის გაღმა; ვიღაც ცუდ ხალხს დაუჭერია, წაუყვანია, შეუბამს გუთანში და ახვნევინებენ.
მამაჩემმა რომ ნახა, ძალიან გაჯავრდა: ვინ მოგცათო? - ჰკითხა. უარზე იყვნენ. ბოლოს, წაავლო მამაჩემმა ყურზე ხელი ფუტკარს და წასაყვანად მოქაჩა. უცებ ფუტკარს კისერი მოსწყდა და მისი თავი მამაჩემს ხელში შერჩა! მაშინვე ამოიღო მამაჩემმა ჯიბიდან ნიგოზი, მოუსვა კისერზე ფუტკარს და ისევ მოება თავი. ნანიგვზარზე კი ხე ამოვიდა! გაიზარდა უშველებელი, დაისხა კაკალი. იმდენს ისხამდა, ყოველდღე ვბერტყავდით და ვყიდდით.
ერთხელ კაკალს ყვავი შემოეჩვია და სულ გააჩანაგა. ესროლა მამაჩემმა ბელტი და ზედ არ დარჩა?! გაიზარდა ის ბელტი, გადიდდა, გაკეთდა სახნავ-სათიბი მიწები, გავაშენეთ ზედ ვენახი. დაისხა ყურძენი, დამწიფდა მშვენივრად; ვაზებზე მტევნები სულ წითლად ღვიოდა. მაგრამ, საუბედუროდ, ერთი მელა-ტურა შემოგვეჩვია. სულ გამოჭამა ვენახი. გადავწყვიტე, დავიჭერ და სულ კუდით ქვას ვასროლინებ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ვიპოვე ადგილი, საიდანაც მელა-ტურა შემოძვრებოდა ხოლმე, დავჯექი და დავუწყე ლოდინი. ერთიც ვახოთ, მოდის რაღაც და მოაფაჩუნებს. მე თან გული მისკდება შიშით, თან ჯავრით ვსკდები და თან სიხარულით მაკანკალებს: ერთი მელა-ტურა დავიჭირო-მეთქი. მართლაც, მელა-ტურა არ იყო?! ვტაცე კუდში ხელი და დავიჭირე, გავუსვი და გამოვუსვი სახრე, გავუსვი და გამოვუსვი; ვცემდი და ის კიდევ სულ ბარათებსა ჰყრიდა...
- რა ეწერა იმ ბარათებში? - ჰკითხა ქოსამატყუარამ.
- ობოლს კვერი და ქოსატყუილას მტვერიო!
დარჩა შოთები ობოლს.
ჭირი იქ დავაგდე,
ლხინი აქ მოვიტანე,
ქატო იქ დავაგდე,
ფქვილი აქ მოვიტანე.