დიდი ხნის წინ ერთი ბრძენი მეფე ცხოვრობდა... დიდი ხნის წინ ერთი ბრძენი მეფე ცხოვრობდა. ამ მეფეს უცნაური წესი ჰქონდა - ყოველი სადილის შემდეგ, ერთგულ მსახურს კიდევ ერთი კერძი უნდა მიერთმია თავდახურული ლანგრით. არავინ იცოდა, რა იდო ლანგარზე, რადგან მეფე მხოლოდ მაშინ ახდიდა სახურავს, როცა მარტო რჩებოდა.
ასე გრძელდებოდა დიდხანს. ერთხელაც მსახურს ცნობისმოყვარეობამ სძლია და გადაწყვიტა, გაეგო რა იყო ლანგარზე. შეიტანა თავის ოთახში, ახადა სახურავი და რას ხედავს, ლანგარზე თეთრი გველის ხორცი დევს. მსახურმა თავი ვერ შეიკავა, პატარა ნაჭერი მოიჭრა და პირში ჩაიდო. იმ წუთშივე ფანჯრიდან საოცრად ნაზი ჩურჩული შემოესმა. ფანჯარას მიუახლოვდა, მიაყურადა - ხედავს ბეღურები ესაუბრებიან ერთმანეთს და ველ-მინდვრებსა და ტყეებში ნანახ ათას ამბავს ჰყვებიან.
სწორედ იმ დღეს დედოფალს ძვირფასი ბეჭედი დაეკარგა. ეჭვი სწორედ ამ მსახურზე მიიტანეს, რადგან სასახლის ყველა ოთახსა და კუთხე-კუნჭულში შესვლის უფლება ჰქონდა. მეფემ მსახური იხმო და უბრძანა, თუ დილამდე დამნაშავეს არ მომგვრი, ციხეში ჩაგალპობო. შეშინებული მსახური გარეთ გამოვიდა, ხედავს მდინარესთან ორი ბატი ტკბილად საუბრობს. ერთი ბატი მეორეს ეუბნება: - კუჭი ისეთი დამძიმებული მაქვს, არ ვიცი, რა ვიღონო. დედოფლის ფანჯრის რაფაზე ბეჭედი იდო და უცბად გადავყლაპეო. მსახური ბატს კისერში სწვდა, სამზარეულოში მიიტანა და მზარეულს უთხრა:
- ერთი ეს ბატი დამიკალი, ხომ ხედავ, როგორი მსუქანიაო.
მზარეულმა ბატს თავი მოკვეთა და გამოშიგნვა დაიწყო. ხედავს კუჭში რაღაც ბრჭყვიალა ნივთი დევს. მსახური სიხარულით ცას ეწია, ხელი სტაცა ბეჭედს და მეფეს მიურბენინა. მეფემ უთხრა; - რაც გინდა მთხოვე, თუ გინდა, სასახლეში ყველაზე პატივსაცემ თანამდედობას გიბოძებო. მაგრამ მსახურმა იუარა, მხოლოდ ცხენი და გზის ფული მოთხოვა, - წავალ, ქვეყანას ვნახავ, ვიმოგზაურებო. მეფემ თხოვნა შეუსრულა და მსახურიც გზას გაუდგა.
ერთ ტბასთან გაიარა, დაინახა, რომ სამი თევზი ლელქაშში გაჩხერილა და წყლისკენ გაღწევას ლამობს. ხომ ამბობენ, თევზები მუნჯები არიანო, მაგრამ მსახურმა მათი წუწუნი გაიგონა - განა ასეთი საშინელი სიკვდილის ღირსები ვართო? ბიჭი მასინვე ცხენიდან ჩამოხტა და თევზები ტბაში გადააგდო. აფართხალდნენ გახარებული თევზები, თავები წყლიდან ამოყვეს და უთხრეს: - ამას არ დაგივიწყებთ და ჩვენი გადარჩენისთვის მადლობას აუცილებლად გადაგიხდითო.
მსახურმა გზა განაგრძო და უცებ ქვემოდან ხმა მოესმა, ჭიანჭველების მეფე ჩიოდა, ნეტავ ამ ხალხმა ძირს დაიხედოს, ფეხით რომ არ გაგვსრისოსო. ბიჭი მაშინვე გზიდან გადავიდა და ჭიანჭველების მეფემაც დიდი მადლობა გადაუხადა, - ამას არასოდეს დაგივიწყებთო. მიდის მსახური, მიაჭენებს ცხენს, ტყეში შევიდა და დაინახა, დედალ-მამალი ყვავი თავიანთ ბარტყებს ბუდიდან ყრის, - უკვე დიდები ხართ და თავად მოიპოვეთ საკვებიო. საწყალი ბახალები მიწაზე ფართხალებდნენ და საცოდავად ჩხაოდნენ.
ჩამოხტა კეთილი ყმაწვილი ცხენიდან, რაც კი საგზალი ჰქონდა, სულ ბარტყებს დაუტოვა და მერე გზა გააგრძელა. ბევრი იარა, თუ ცოტა, ერთ დიდ ქალაქს მიადგა. ქუჩებში დიდი ფაცი-ფუცი იყო. უცებ გამოჩნდა მხედარი და გამოაცხადა - მეფის ასული მეუღლეს ეძებს, ვისაც მისი შერთვა უნდა, ჯერ ძნელი დავალება უნდა შეასრულოს, ვინც ვერ შეძლებს, სიცოცხლეს გამოესალმებაო.
ყმაწვილმა მეფის ასული რომ დაინახა, მაშინვე გულში ჩაუვარდა. მივიდა მეფესთან და უთხრა - შენი სიძე უნდა გავხდეო. მაშინვე მიიყვანეს ზღვის ნაპირას და მის თვალწინ ზღვაში ბეჭედი მოისროლეს. მეფემ ზღვის ფსკერიდან ბეჭდის ამოღება უბრძანა და დასძინა:L თუ უკან უბეჭდოდ დაბრუნდები, ზღვაში გადაგიძახებთო. ყველას შეეცოდა ლამაზი ყმაწვილი. დატოვეს მარტო ზღვის პირას, ის კი იდგა და ფიქრობდა, - რა ვქნა, რა მოვახერხოო.
უცებ ხედავს - მოცურდა ნაპირთან სამი თევზი, სწორედ ისინი, ვინც მან გადაარჩინა. ერთ-ერთს პირში ნიჟარა უჭირავს. გადმოაგდო ნაპირზე ნიჟარა, გახსნა ყმაწვილმა და შიგ ოქროს ბეჭედი იდო. გახარებულმა ბეჭედი მეფეს მიართვა, მაგრამ მეფის ასულმა რომ გაიგო, შენი საქმრო უბრალო მსახური არისო, ფეხები გააფიჩინა, - მაგას ცოლად არ გავყვები, ახლა სხვა დავალება მიეცითო. ქალი ბაღში ჩავიდა, ბალახზე ათი ტომარა მარცვალი დაყარა და ბიჭს მიმართა - დილისთვის, სანამ მზე ამოიწვერება, ეს მარცვლები უნდა გადაარჩიო და ტომრებში ჩაყაროო.
ყმაწვილი საგონებელში ჩავარდა, მთელი ღამე ფიქრობდა, თავს როგორ ვუშველოო. ის იყო ყველა იმედი გადაეწურა, რომ ხედავს, ათივე ტომარა მარცვლითაა სავსე. თურმე ღამე ჭიანჭველების მეფეს, თავისი ათასობით ჭიანჭველა მოუყვანია და ტომრები აუვსიათ.
დილით მეფის ასულს სავსე ტომრები რომ დახვდა ბაღში, ახალი დავალება მოიფიქრა:
- სანამ სიცოცხლის ხიდან ოქროს ვაშლს არ მომიტანს, მანამდე ცოლად არ გავყვებიო.
ბიჭმა არ იცოდა, სად იზრდებოდა სიცოცხლის ხე, მაგრამ მაინც გაუდგა გზას. შემოიარა სამი სამეფო და ბოლოს ტყეში შევიდა. დაჯდა ხის ძირას და უცებ ტოტების შრიალი მოესმა, ზემოთ აიხედა და პირდაპირ ხელებში ოქროს ვაშლი ჩაუგორდა, მუხლებზე კი სამი ყვავი დაასკუპდა - ეს ჩვენ ვართ, ბახალები, შენ რომ შიმშილით სიკვდილს გადაგვარჩინეო.
გაუხარდა ყმაწვილს, გაეშურა სასახლისკენ და მეფის ქალს ოქროს ვაშლი მიართვა. ახლა კი უარს ვეღარ იტყოდა მზეთუნახავი. ქალ-ვაჟმა სიცოცხლის ვაშლი შუაზე გაიყვეს, შეჭამეს და ქალიშვილის გული ვაჟისადმი სიყვარულით აივსო. დიდი ქორწილიც გადაიხადეს და ღრმა მოხუცებულობამდე ბედნიერად იცხოვრეს.