როგორ ემზადებიან გერმანელი პირველკლასელები და რა სხვაობა თუ მსგავსებაა ჩვენს რეალობასთან ანას ქართველი დედა ჰყავს, თუმცა უცხოეთში დაიბადა და დღეს გერმანიაში ცხოვრობს. ისიც პირველკლასელია. ვიფიქრეთ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, როგორ ემზადებიან გერმანელი პირველკლასელები და რა სხვაობა თუ მსგავსებაა ჩვენს რეალობასთან.
გაინტერესებთ, ალბათ, რატომ უჭირავს ანას თაიგულის ფორმის სასაჩუქრე ყუთი.
ეს ადგილობრივ განათლების სისტემაში დამკვიდრებული ტრადიციაა - ბავშვები ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში თავისი ხელით ამზადებენ ამ ყუთებს, რომელიც სკოლაში წასვლის წინ მშობლებმა საჩუქრებით უნდა გაუვსონ.
ანას დედა, ნატო ბეჟანიშვილი თავადაც მასწავლებელია და თბილისში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ნატო ამბობს, რომ სკოლისგან ერთი თვით ადრე მიიღეს იმ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც სწავლის დაწყებამდე უნდა მოიმარაგონ.
ნატო ბეჟანიშვილი:
"ჩანთა ჩემი გემოვნებით მქონდა ნაყიდი და აღმოჩნდა, რომ იმ ჩანთით არ დაგვიშვებდნენ. ზუსტად მიგვითითეს, რომელი ჩანთა უნდა ჰქონოდა - სპეციალური მასალისგანაა დამზადებული და ძალიან მსუბუქია. სპეციალური ძირი აქვს, რომ იატაკზე დაიდგას და არ გადაბრუნდეს.
ეს ჩანთა 1-4 კლისისთვისაა გათვალისწინებული, დიდდება და პატარავდება ბავშვის ზომის მიხედვით. მოჰყვება ფანქრები, პენლები, სპორტული ჩანთა, სააუზმისთვის ყუთი და წყლის ბოთლი.
ფასიც შთაბეჭდავია 250-300 ევრო. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ამას ყიდულობს. ეს ჩანთები თბილისშიც მაქვს ნანახი და სეილზე 300 ლარი ღირდა... თან ყველაფერი ამოცლილი აქვს და იმ ნივთებს ცალკე ყიდიან.
ნახეთ ეს ჩანთა ვიდეოში
სუპერჩანთა - ევროპელი ბავშვები სკოლაში ამ ჩანთით დადიან
აქ ჩანთით წიგნები არ უნდა ატაროს ბავშვმა, მასში მხოლოდ საკანცელარიო ნივთებს და საშინაო დავალებებს შეინახავენ. წიგნები სკოლაში ექნებათ, სახლში კი მხოლოდ ფურცლებზე ამობეჭდილ დავალებებს შეასრულებენ.
- სკოლაში რამდენ საათს ატარებენ?
- სწავლა 8 საათზე იწყება. პირველკლასელები 12 საათამდე რჩებიან. თან აქვთ ოთახის ფაჩუჩები, სპორტული ტანსაცმელი ფიზკულტურისთვის, სახატავი მოწყობილობები... ყველაფერი სკოლაში რჩება, თითქმის არაფერს ვატარებთ.
- ალბათ დიდ სხვაობას ხედავთ იმ სკოლასთან შედარებით, რომელშიც თავად ასწავლიდით...
- განსხვავება მართლა დიდია, სკოლის ინვენტარით დაწყებული ურთიერთობებით დამთავრებული. აქ მასწავლებელს ვერ დაუდგები წინ და კითხვებით ვერ აავსებ. ყველაფერი წერილებით, მაილებით ირკვევა და იგეგმება. ეგეც საკმაოდ დამღლელია, რადგან ზედმეტად ფორმალურია. მერხები აუცილებლად ხისაა და ზუსტად უნდა ერგებოდეს ბავშვს სიმაღლის მიხედვით. დანარჩენი ვნახოთ, სასწავლო პროცესი ჯერ წინაა.
ასევე დაგაინტერესებთ სტატია ფინურ სკოლებზე: "მთავარი ცხოვრებისთვის მომზადებაა და არა გამოცდებისთვის"