"მიუხედავად იმისა, რომ საკმაოზე მეტად შეძლებული ოჯახია, ბავშვმა ამის შესახებ არაფერი იცის..." როგორც უკვე იცით, ცოტა ხნის წინ ქალბატონი დაგვიკავშირდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაუგროვდა და უნდა, ჩვენს მკითხველებს - ქალებს, დედებს, ზოგადად მშობლებს გაანდოს. მისი ისტორია ერთი შეხედვით ძალიან ბანალური და იმავდროულად, მუდამ აქტუალური და საინტერესოა - როგორი ძნელია სამსახურის შოვნა ქალისთვის, რომელსაც შვილები ჰყავს და როგორ უწევს მას ბევრ დათმობაზე, დამცირებაზე წასვლაც კი, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის... ის, თუ როგორია სინამდვილეში ქართული ბაღების კულუარები და რის კეთება უწევთ ქართველ ძიძებს აქ თუ საზღვრებს გარეთ.... ერთი სიტყვით, წინ დიდად საინტერესო და რაც მთავარია, ნამდვილი და გულწრფელად აღწერილი ამბები გელით... ამჯერად ძიძის ახალი ოჯახის ამბების გაგრძელებას ვნახავთ:
გაგრძელება. იხილეთ მეოთხე ნაწილი. (იხილეთ დასაწყისი)
ბავშვის დაბადებიდან 2 თვის შემდეგ კლინიკიდან დაუკრეკეს ჩემს უცხოელებს და ახალშობილის გეგმიური ვიზიტის შესახებ აცნობეს. შემოვიდა ოთახში ბავშვის მამა და მეუბნება, 15 წუთში მე, შენ და ბავშვები კლინიკაში მივდივართო. გამიკვირდა, თქვენი მეუღლე არ მოდის-მეთქი და იმასაც გაუკვირდა, კი მაგრამ, ახალნამშობიარები ფეხზე როგორ ადგება და გარეთ როგორ გამოვაო. უკაცრავად-მეთქი, ვუპასუხე, ავიყვანე ბავშვი და წავედით.
კლინიკაში უამრავი ხალხი ირეოდა, როგორც ყოველთვის. მივდივარ მე, ჩემი პატარა აზიელი ბავშვებით და მომყვება ბავშვის მამა. ხან კარს გამიღებს, ხან სკამს გამომიწევს. უყურებს ეს ხალხი და მესმის ერთი ქალი მეორეს ეუბნება, არა რა, ხომ ვამბობ, გადაგვარდა ყველაფერი-მეთქი, დავიჯერო ქართველი ვერ ნახა, ამ აზიელს რომ არ გაყოლოდა ცოლადო? გამეცინა, მაგრამ რამის თქმას აზრი არ ჰქონდა.
არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცუდი დედაა, ვერ დავაბრალებ, ეს გოგო სუფთაც არის, ყურადღებიანიც, მაგრამ ჩვენგან განსხვავებული. როგორ აგიხსნათ, არ ვიცი. უფროსი შვილი 7 წლის გახდა. იცით, როგორ ჰყავს გაზრდილი? გეფიცებით, ვუყურებ ამ ბავშვს და ვფიქრობ ხოლმე, ნეტა ასეთმა ინერტულმა ქალმა ასეთი შვილი როგორ გაზარდა-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოზე მეტად შეძლებული ოჯახია, ბავშვმა ამის შესახებ არაფერი იცის, უნდა ნახოთ, როგორ მოკრძალებითა და მოწიწებით მექცევა, ყველაფერზე მადლობას მიხდის და თუ რამის თქმა უნდა, ჯერ მებოდიშება. ერთ დღეს მეუბნება, შეიძლება სანამ ჩემი ძმა გაიზრდება, ვითომ ჩემი ძიძა ხარო. ისე გამიხარდა, გული ამიჩუყდა. ამ ბავშვს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ დაწოლის წინ შხაპი უნდა მიიღოს, რომ სადილის წინ ხელები უნდა დაიბანოს, რომ ითამაშებს, სათამაშოები უნდა აალაგოს. თან ამ ყველაფერს მარტო აკეთებს, დამოუკიდებლად. ვერ იგრძნობ, რომ სახლში ბავშვია, მარტო თამაშობს მთელი დღე. მიუხედავად იმისა, რომ სახლში სულ მცირე 3 კომპიუტერია, 5 პლანშეტი, 3 ლეპტოპი და უამრავი ტელეფონი, არ აქვს უფლება რომელიმე აიღოს და რამე ითამაშოს. ჰო, მართლა, ტელეფონი საერთოდ არ აქვს. დღეში ნახევარი საათი აქვს გამოყოფილი მულტფილმისთვის და იმასაც იმიტომ უყურებს, რომ მშობლიური ენა არ დაავიწყდეს. მეცადინეობს, უკრავს ფორტეპიანოზე. არ ვაზვიადებ, გეფიცებით, ამ ყველაფერს ეს პატარა ბავშვი უთქმელად აკეთებს, რამდენიმე თვეა ამ ოჯახში ვარ და არ მახსოვს, დედამისს სერიოზული შენიშვნა მიეცა. საერთოდ, ნაკლებად კონტაქტობენ ერთმანეთთან, როგორც ეს გოგო მეუბნება, ეს ახლაო, პატარა რომ მეყოლაო, თორემ ადრე სულ ერთად ვაკეთებდით ყველაფერსო. ალბათ, მართალს მეუბნება. არ ვიცი, ფაქტია, რომ ასეთი აღზრდილი ქართველი ბავშვი, თანაც შეძლებული ოჯახისშვილი, იშვიათად მინახავს.
ამას წინათ დაბადების დღე ჰქონდა, 7 წლის გახდა. ერთი კვირით ადრე მახარა, დაბადების დღე მექნება მალეო. სად იხდი-მეთქი, გაოცებით შემომხედა და რაღაც უთხრა დედამისს თავიანთ ენაზე. მერე დედამისი მეკითხება, რას ნიშნავს გადახდაო. კი ვყოფილვართ დაბადების დღეებზე გასართობ ცენტრებში, მაგრამ ეს რა სიამოვნებაა არ მესმის, ისეთი აურზაურია, იქ როგორ უნდა გაერთოო. ან რა საჭიროა ეს გადახდაო. კი მაგრამ, ბავშვს ხომ უნდა მიულოცონ-მეთქი. ჩვენ არასდროს ვულოცავთო. ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ განსაკუთრებული დღეა მისი დაბადების თარიღი და ვინმეს მისი დაბადება განსკუთრებულად გაუხარდაო. ჩვენ ბავშვებს ასე ვზრდითო. ძალიან გამიკვირდა და შემეცოდა ეს პატარა ბიჭი. მერე თავს უფლება მივეცი და ვკითხე, ტორტი რომ მოვუტანო საჩუქრად, წინააღმდეგი ხომ არ იქნები-მეთქი და როგორც გინდაო, მითხრა, ჩვენ ტორტს არასდროს ვყიდულობთო, რაღაც გრძელი მაკარონები მანახა, ასეთს ვუხარშავთ სიმბოლურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებთო.
გათენდა დაბადების დღეც. გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ვიყიდე ლამაზი ტორტი, სანთლები, ქუდები, მოვკიდე ჩემს ორ შვილს ხელი და წავედით მისალოცად. დილა იყო. ვიფიქრე, ლიფტიდან რომ გავალ, სანთლებს ავანთებ და კარს რომ გამიღებს, ვუმღერებთ-მეთქი, მაგრამ გაიღო ლიფტის კარი და ბავშვი ჩაცუცქული მელოდებოდა. სანთლების ანთება ვერც მოვასწარით. დედამისმა მითხრა, 8 საათიდან აქ დგასო, ვიცი, უსაჩუქროდ არ მოვა და მომილოცავსო. რა ჭირს ამ ბავშვს ჩემი შესაცოდი, მაგრამ გული დამეწვა. ვუმღერეთ, სანთლები და შუშხუნა ავუნთეთ, არც დედა გამოსულა და არც მამა.
მერე მთხოვა, ტორტი მომიტეხეო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.მოგიჭრი-მეთქი და არა, მომიტეხეო. მოვუტეხე და ჩამეხუტა, ვიცოდი, რომ მომილოცავდიო.
ისე გავიდა მთელი დღე, არც არავის დაურეკავს და არც არავინ მოსულა, თუმცა საღამოს მამამ წაიყვანა და რაღაც სათამაშო უყიდა. ეს იყო და ეს. ჩაიარა დაბადების დღემ...
ჩემი აზიელები ჩინელები არიან. მოგეხსენებათ, ჩინეთი უზარმაზარი ქვეყანაა, ძალიან დიდი და ორ შვილზე მეტის გაჩენა კანონით აკრძალულია. ჰოდა, ჩინელებსაც ვერ წარმოუდგენიათ მრავალშვილიანი ოჯახები. საქართველოში ქალებს ბავშვები როგორ უყვართ, სამ და ოთხ ბავშვს რომ აჩენენო? ვუთხარი, რომ 11-12-შვილიანი ოჯახიც არ არის ჩვენთან იშვიათობა და არ დამიჯერა, აზვიადებო. 2 ბავშვზე მეტს ვინც გააჩენს, საკმაოდ დიდი ჯარიმა აქვთ გადასახდელი. ჩინურ ოჯახებში ძირითადად ერთ ბავშვი ჰყავთ და ასე არიან მიჩვეულები მარტო თამაშს. რა გიკვრის, იქ ყველა ბავშვი ასეთიაო, ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვათამამებთ, რა ბავშვის საქმეა, რამდენი მაქვს შემოსავალი, მან თავისი ცხოვრება თავად უნდა მოიწყოს, ჩემი ვალი კი ის არის, კარგი განათლება მივცეო. სიმართლე გითხრათ, მომწონს მათი ასეთი მიდგომა ბავშვისადმი, თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვს უფრო მეტი სიყვარული და სითბო სჭირდება. რა ვიცი, შეიძლება ეს ქართული მიდგომაა, მაგრამ ვფიქრობ ქართველ დედას ვერავინ შეედრება.
ვწერ ახლა ამას და ვფიქრობ, რას ვუწუნებ ჩინელ დედას? არაფერს, იცით როგორ დაფოფინებს პატარას თავს? საწოლიდან რომ არ ამდგარა 2 თვე, ესეც ალბათ ჩვენ გვიკვირს, ქართველ ქალებს, თორემ მათი ტრადიციებიდან გამომდინარეა. ამბობს, რომ ჩინეთში ქალები ძალიან სუსტები არიან, ძვლების პრობლემა აქვთ და საქმეს იმიტომ ვერ ვაკეთებთო. ჭურჭელს თუ შეალაგებს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ორი საათი ისვენებს, ძალიან დავიღალე, იმდენი ჭურჭელი დავრეცხეო. იმ დღეს კიდევ მეზობელზე მიყვებოდა, ისეთი ჯანმრთელი ქალია, სახლსაც თვითონ ალაგებს და საჭმელსაც თვითონ აკეთებსო...
ძალიან მოსწონთ საქართველო და ქართველი ხალხი. რა კეთილები ხართო. თვითონვე ეცინება ხოლმე, სამშობიაროში ყველაზე გამხდარი და პატარა მე ვიყავი და 3 დღეს საწოლიდან ვერ ამაყენეს, ეს ქართველი ქალები კი ნახევარ საათში დარბოდნენო, როგორი ძლიერები ხართ, ალბათ იმიტომ, ყველს რომ ჭამთო და გადარეულია მაწონზე. ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამიაო. ჰო, კიდევ, ძალიან მოსწონთ ტარხუნის ლიმონათი, თუმცა ძლივს მივხვდი, რომ ტარხუნას გულისხმობდნენ, უბრალოდ ბოთლი დავინახე და ისე მივხვდი, თორე ტალაჰუნ, ტალაჰუნო, გაიძახოდნენ.
იცით, რაზე მწყდება გული? უცხოელები აფასებენ ქართულ ბუნებას, წყალს, მართლა ეფერებიან აქაურობას, სად არ დადიან, უნდათ ყველაფერი მოინახულონ, ყოველ შაბათ-კვირას ექსკურსიებზე დადიან, ჩვენ კი საკუთარ სიმდიდრეს ვერ ვაფასებთ, რა სიმწვანე და რა სუფთა ჰაერი გაქვთ, როგორ არ მინდა აქედან წასვლაო. ძალიან უყვართ საქართველო, ასე მგონია, სამოთხეში ვცხოვრობო. მე კი ამ დროს სიამაყით ვივსებ და მიხარია, რომ ქართველი ვარ, მიხარია, რომ ვიღაც უცხოელი ასეა შეყვარებული ჩემს სამშობლოზე, ჩემს გაჭირვებულ სამშობლოზე, რომელიც მისთვის სამოთხედ ქცეულა და ვხვდები, რომ უბედნიერესი ვარ, სწორედ საქართველოში რომ დავიბადე, მადლობა ღმერთო, ამისთვის.