რა უნდა ვიცოდეთ ალერგიაზე, დიათეზზე, ალერგიულ დერმატიტზე... დიათეზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მიდრეკილებას რაღაცის მიმართ. ალერგიული დერმატიტი არის კონტაქტი ამა თუ იმ ალერგენთან, გამონაყარი კი - კანის საპასუხო რეაქცია. ალერგენი ორგანიზმში შესაძლოა 3 გზით მოხვდეს:
საკვებით სასუნთქი გზებით უშუალო კონტაქტით ალერგენთან (ტანსაცმელი, პამპერსი, სარეცხი საშუალებები).
არ უნდა გადატვირთოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. მშობელი ხშირად იციკლება იმაზე, რომ მისმა ბავშვმა რაღაცა შეჭამა და აქვს ალერგია, სინამდვილეში მან ბევრი ჭამა და კუჭ-ნაწლავმა ვერ გადაამუშავა ის ბოლომდე, სისხლში გამოიყო ანტისხეულები და ეს ყველაფერი აისახა კანზე.
თუ ბავშვს ალერგიისკენ აქვს მიდრეკილება, როდესაც მას აბანავებთ ქლორირებულ, ონკანის წყალში, ცალკე უნდა გქონდეთ გადადუღებული წყალი, რომ ჩამობანოთ ქლორი და ამის მერე გაამშრალოთ.
ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 20 გრადუსი, ტენიანობა კი - 50-70%. თუ ეს პარამეტრები დარღვეულია, მაშინ ბავშვი ოფლიანობს და ეს პირდაპირ აისახება კანის მდგომარეობაზე.
უნდა დააკვირდეთ ასევე სარეცხის ფხვნილს, პამპერსს. ზოგიერთი სარეცხის ფხვნილი და საპონი ბავშვს კანს უღიზიანებს ან ალერგიას იწვევს. ასევეა პამპერსი - თუ შეამჩნევთ, რომ ჩვეულებრივ ვადებში გამოცვლილი პამპერსის ქვეშ მაინც გამუდმებით უღიზიანდება კანი, ე.ი. ამ საფენში შემავალ რომელიღაც შემადგენელზე პატარას ალერგია აქვს და უნდა გამოცვალოთ სხვა ფირმის საფენით.
ბოლო დროს ხშირია ალერგია მტვერზე. დააკვირდით, თუ პატარა ხშირად იწყებს ცემინებას, როცა ოთახს ალაგებთ, ან როდესაც ყვავილებს შორის მოხვდება, ფუმფულა სათამაშოებთან და ა.შ., ე.ი. საყურადღებოა და ალერგოლოგს უნდა მიმართოთ. თუ რეაქცია ბავშვის ალერგიულ გამონაყარზე დროული არ გექნებათ, შესაძლებელია, ალერგიის გამოვლინება გამწვავდეს და მერე უფრო გაგიჭირდეთ მკურნალობა.
როდესაც წარმოთქვამთ სიტყვა დიათეზს, დაუფიქრებლად ვეძებთ "დამნაშავეს", სინამდვილეში უნდა ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. უნდა იცოდეთ რას ჭამს თქვენი შვილი და რამდენს, ოფლიანობს თუ არა, რასთან აქვს კონტაქტი. დერმატიტი და დიათეზი დროებითი უსიამოვნებებია, სხვადასხვა გამაღიზიანებლით გამოწვეული. ალერგია უფრო ხანგრძლივი პრობლემაა. მთავარია იცოდეთ როგორ იმოქმედოთ სწორად.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ