ზაფხულის შემდეგ ბევრი ადამიანი უჩივის კანზე ჭორფლის მომრავლებას, ახალი ხალების გაჩენას - რას უკავშირდება ეს და საჭიროა თუ არ ამ დროს მივმართოთ ექიმს? - ონკოლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე ზაფხულის შემდეგ ბევრი ადამიანი უჩივის კანზე ჭორფლის მომრავლებას, ახალი ხალების გაჩენას. ლაზერული ეპილაცია და ხალები, გარუჯვა და მისი უარყოფთი მხარეები - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება.
- ზაფხულის შემდეგ ბევრი ადამიანი უჩივის კანზე ჭორფლის მომრავლებას, ახალი ხალების გაჩენას - რას უკავშირდება ეს და საჭიროა თუ არ ამ დროს მივმართოთ ექიმს?
- მოგეხსენებათ არის დაავადებები, რომლებსაც ახასიათებთ სეზონური აქტივობა. ყოველი ზაფხულის შემდეგ ონკო-დერმატოლოგის კაბინეტში პაციენტების მომართვიანობა იზრდება ერთიორად. ისევე როგორც მაგალითად ზამთარში, პირველი მოყინვების შემდეგ - ტრავმატოლოგ-ორთოპედებთან.
მიუხედავად საკმაოდ ხშირი, საჯარო ახსნა-განმარტებებისა, ადამიანები არ ერიდებიან მზეზე აქტიურ, ხშირად ზღვარგადასულ - დამწვრობამდე მისულ "გარუჯვას". ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებენ კანზე. დადგენილია, რომ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენენ პიგმენტური წარმონაქმნების შემთხვევაში, მელანომის განვითარებაში, ძირითად მიზეზად ითვლება მელანოციტის დნმ-ის დაზიანება ულტრაიისფერი გამოსხივებით. ამიტომ, ზაფხულის შემდგომ ხშირია არსებული პიგმენტური ლაქების აქტივაცია, ხშირად გაავთვისებიანებაც. პაციენტები ხანდახან აღნიშნავენ, რომ საერთოდ არ ჰქონდათ პიგმენტური წარმონაქმნი და "ზღვის შემდეგ გაუჩნდათ". ამ დროს, უმეტეს შემთხვევაში ხდება თვალით უხილავი წარმონაქმნების აქტივაცია, ზრდა. ყოველი ასეთი წარმონაქმნის აღმოჩენისას საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს, ონკო-დერმატოლოგს. საყურადღებოა, რომ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა მელანომა, ის სხვებზე ადრე იძლევა რეგიონალურ და შორეულ მეტასტაზებს, ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზით.
- ზაფხულის შემდეგ ხშირია ასევე შემთხვევები, როდესაც ხალი იცვლის ფერს, რამდენად არის საგანგაშო ეს ფაქტი?
- რატომღაც ითვლება, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ხალის გამუქება, მაშინ როდესაც, ერთნაირად საყურადღებოა პიგმენტური წარმონაქმნის გაღიავება-გაფერმკრთლება და გამუქებაც, ორივე შემთხვევაში ეს მუთითებს არასასურველ აქტივაციას.
- როდესაც ხალი ან პიგმენტური ლაქა დიდდება, რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ეს?
- ხალის ზომაში მატებაც მისი აქტივაციის ნიშანია. თავისთავად პიგმენტური წარმონაქმნი, რომლის დიამეტრიც 6 მმ ან მეტია, უკვე საყურადღებოა, საორიენტაციოდ ეს ზომა შეიძლება შევადაროთ ფანქრის ბოლოზე მიმაგრებულ საშლელის დიამეტრს.
- რამდენად საშიშია და საყურადღებო ხალზე მექანიკური ტრავმა? აგლეჯვა, დაჩხაპნა, სისხლდენა ხალიდან?
- ულტრაიისფერი სხივების გარდა მელანომის განვითარებას ხელს უწყობს მექანიკური ტრავმირება, გენეტიკური წინასწარგანწყობა, პაციენტების საშუალო ასაკი არის 45 წელი, თუმცა ბოლო პერიოდში გაახალგაზრდავდა და 20-25 წლის ადამიანებშიც გვხვდება, ქალები ავადდებიან უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.
აგლეჯა, დაჩხაპნა, სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია და საჭიროებს დაუყოვნებლივ კვალიფიციურ ჩარევას.
- შესაძლოა თუ არა ხალისთვის ზიანის მომტანი იყოს ე.წ ლაზერული ეპილაცია?
- დიახ, ლაზერული ეპილაცია უშუალოდ პიგმენტურ ნევუსზე (ხალზე) ამოსულ თმიან საფარზე არ კეთდება და ეს ყველა ექიმმა იცის, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული. ზოგადად, კი როდესაც პიგმენტური წარმონაქმნზე თმა იზრდება, მას კეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვს და პირიქით, თუ თმიანმა საფარმა იწყო ცვენა, საგანგანგაშოა და სასწრაფოდ არის კვალიფიციური ჩარევა საჭირო.
რადგან ესთეტიკურ მედიცინას შევეხეთ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სოლარიუმის ულტრაიისფერი ნათება და გარუჯვა ისეთივე საზიანოა, როგორც მზის.
- თუ ადამიანს აქვს ბევრი ხალი რას უნდა ერიდოს ის? როგორია თქვენი რეკომენდაციები?
- ბევრს ჰგონია, რომ პიგმენტური ლაქები არის მხოლოდ კანზე, პიგმენტური ლაქები, ნევუსები გვხვდება შინაგან ორგანოებზე, ნაწლავებზე, თვალზე, როგორც ფერად გარსში, ასევე სკლერაზე, ფრჩხილზე და ფრჩხილბუდეში, ფაქტობრივად ყველგან.
საერთოდ ითვლება, რომ ადამიანი, რომელსაც სხეულზე 50 და/ან მეტი პიგმენტური წარმონაქმნი აქვს, რისკჯგუფს მიეკუთვნება, ისევე, როგორც ღია-თეთრი კანის ფერის მქონე პირები, თუ ჰქონდათ ადრე კანის დამწვრობა. ყველა ისინი განსაკუთრებით უნდა მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს, ისარგებლონ მზისგან დამცავი ქოლგებით, მაღალი ნუმერაციის დამცავი სპეციალური საცხებით, ე.წ. UV პროტექტორებით.
- რა ნიშნების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
ამერიკელებმა შეიმუშავეს სწრაფი და მარტივი, საგანგაშო სიმპტომების გამოვლენის ერთობლიობა, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელი და გამოსაყენებელია, ეს არის ლათინური ანბანის პირველი ხუთი ასობგერის აბრავიატურა - ABCDE.
სქემატურად ასე გამოიყურება:
A – Asymetrical ასიმეტრია, ეს ნიშნავს, რომ წარმოსახვაში, როცა წარმონაქმნს ვუყურებთ, ნორმაში, როგორც არ უნდა გავყოთ ის შუაზე ორ ტოლ ნაწილად, ორივე მხარე პროპორციული - სიმეტრიული უნდა იყოს;
B – Border საზღვრები, ჩვეულებრივ წარმონაქმნს დანარჩენ ქსოვილებთან მიმართებაში აქვს მკაფიო, გლუვი, თანაბარი საზღვრის რკალი, განსხვავებით დაკბილული და უსწორმასწორო კიდეებისგან, რომელიც მელანომას შეიძლება ჰქონდეს;
C – Color შეფერილობა, როგორც წესი ჩვეულებრივ პიგმენტურ ნევუსს აქვს ერთიანი შეფერილობა, ძალიან ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფრამდე, შეიძლება ასევე იყოს მოლურჯო, მოწითალო, მაგრამ, ყოველთვის ერთფერი, ნებისმიერი აჭრელება და სხვადასხვა ფერის მარცვლოვანი ჩანართების გაჩენა უკვე საყურადღებოა. 2 ან მეტი ფერი ერთ წარმონაქმნში მიანიშნებს მის აქტივაციას.
D – Diameter დიამეტრი, ითვლება, რომ 6 მმ-მდე დიამეტრის წარმონაქმნი კეთილად მიმდინარეა და არ შეიჩავს გაავთვისებიანების რისკს;
E – Evolving ევოლუციონირება. პაციენტი აღნიშნავს, რომ "თითქოს ხალს ვგრძნობ, ადრე ასე არ იყო" ან აქვს ქავილის, ან წვის შეგრძნება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი ნორმაშია, მაგრამ, წარმონაქმნი სიმაღლეში "წამოიბურცა", ზედაპირზე გაუჩნდა ფუფხივით, აქვს გამონადენი, გვერდზე გაჩნდა პატარა, თითქოს შვილობილი წარმონაქმნები და სხვა.
ყველა ხუთივე ნიშანი არის ზოგადი და საშუალებას აძლევს პაციენტს ჩაიტაროს ერთგვარი თვითგამოკვლევა, წინასწარი დაკვირვება, მაგრამ, არ იძლევა სრულ სურათს.
საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის სწორი, ოპტიმალური ტაქტიკის შესარჩევად, წარმონაქმნი უნდა დათვალიერდეს დერმატოსკოპით. დროული დიაგნოსტიკა ბევრ საშიში პრობლემას აგაცილებთ თავიდან.
სალომე გორგოშიძე