მე და ჩემს ბიჭუნას დაგვიგროვდა ბევრი დადებითი ემოცია, კრეატიული იდეა და მინდოდა სხვა დედებისთვის გაზიარება... ფეისბუქზე ერთი ძალიან საინტერესო და სასარგებლო ჯგუფი აღმოვაჩინე. თუ თქვენი ფეისბუქის საძიებო ველში აკრეფთ - მოდი ვითამაშოთ - ნამდვილად დადგებით თამაშის ხასიათზე, ახალი იდეებიც გაგიჩნდებათ და სასწრაფოდ დაიწყებთ თქვენს პატარებთან ერთად თამაშს. გვერდის შემქმნელი და იდეის ავტორი მაია შერვაშიძეა, რომელიც ორი შვილის, ლეგას (5 წლის) და ნანას(10 თვის) დედიკოა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამსახურში მუშაობს, მაინც ახერხებს, დიდი დრო დაუთმოს ბავშვებს, მათთან თამაშს და განვითარებას. მაია მოგვიყვება, როგორ დაიწყო კრეატიული სათამაშოების შექმნა და რამდენიმე თამაშს გვასწავლის კიდეც.
- ლეგა რომ დაიბადა, ბევრი დრო მქონდა, სხვას არაფერს ვაკეთებდი, მთელ დროს მას ვუთმობდი. ვკითხულობდი ბევრს ბავშვის განვითარებაზე და ფსიქოლოგიაზე. სულ ციცქნა იყო, ალბათ, 2 წლისაც არა, რომ პატარა მაკრატელი ეჭირა და ფერად ფურცლებს ჭრიდა ჩემთან ერთად. სულ რაღაცას ვჩხირკედელაობდით, ვხატავდით, ვჭრიდით, ვაწებებდით. ასაკთან ერთად გავართულეთ თამაშებიც, ხან ტომატის ქილისგან ფანქრების ჩასადებს ვაკეთებდით, ხან - მაკარონისგან ყელსაბამს, შიგადაშიგ ჩვენს ნამუშევრებს ჩემს პირად ფეისბუქზე ვდებდი მეგობრებისთვის. ამ ზაფხულს, მე და ჩემმა ბიჭმა ერთი ძალიან სახალისო სათამაშო გავაკეთეთ - საყინულეში წყლით სავსე ჯამში გავყინეთ სათამაშოები, შემდეგ ბავშვს სხვადასხვა ხელსაწყოთ ეს სათამაშოები ყინულისგან უნდა გაეთავისუფლებინა. პატარა არქეოლოგი დავარქვი ამ თამაშს, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემი მეგობარი დედიკოების და ბავშვების მხრიდან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა სპეციალური გვერდი თამაშებისა და სათამაშოებისთვის.
- სხვადასხვა თამაშს თავად იგონებთ თუ ინტერნეტიც გეხმარებათ ამაში?
- თამაშების იდეების უმრავლესობას ინტერნეტში ვპოულობ, ხშირად თვითონაც ვიგონებ, თამაში სულაც არ უნდა იყოს რაიმე გრანდიოზულად კრეატიული. აი მაგალითად, წინა დღეს რომ გაწვიმდა და ჩვენს ქუჩაზე წყლის ნაკადი მოედინებოდა, საჩქაროდ გავაკეთე ქაღალდის გემი, გავაქცუნე თვალებგაბრწყინებული ლეგა გარეთ და გავუშვით გემები წყალში. აღფრთოვანებული იყო ბავშვი. ასეთი მომენტებია მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი...
- სანამ ბავშვი გეყოლებოდათ მანამდე თუ იყავით დაინტერესებული ხელთანკეთი ნივთებით?
- კი, მანამდეც ვიყავი დაინტერესებული, ბავშვობიდან. მახსოვს, დედაც ასე იგონებდა ჩემთვის თამაშებს და გასართობებს, მითმობდა დროს. ვგრძნობდი და დღემდე მახსოვს, რაღაცნაირ თავდაჯერებულობას მაძლევს დღემდე, რომ მე დედა გულით მითმობდა დროს, დედას უყვარდა ჩემთან ყოფნა, დედას ვუყვარდი მე. ეს ძალაა, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება და გულით ატარებ.
- რას ემსახურება გვერდი?
- როგორც ვახსენე, გვერდის გახსნის მიზანი და მიზეზი იყო ის, რომ მე და ჩემს ბიჭუნას დაგვიგროვდა ბევრი დადებითი ემოცია, კრეატიული იდეა და მინდოდა სხვა დედებისთვის გაზიარება, იდეების მიწოდება და მთავარი მესიჯის გაგზავნა, რომ ბავშვებს უნდა დავუთმოთ დრო, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მათი პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს ხომ მხოლოდ თამაში არ არის, ეს არის სწავლა, შეგრძნება და აღქმა. უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია მამების ამ პროცესში აქტიურად ჩაბმა, სამწუხაროდ, ხშირად ბავშვის აღზრდა, განვითარება და გართობა დედის საქმეა მხოლოდ, ეს არასწორია. უბრალოდ, გული მწყდება ამაზე. იმედია, მამებსაც მოეწონებათ ჩვენი თამაშები და აქტიურად ჩაერთვებიან, ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენც ბავშვი იყავით!
ახლა კი რამდენიმე თამაში:
"discovery bottle" ასე ქვია ამ თამაშს. შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიის მიხედვით ქილაში, ბოთლში ჩაყაროთ სხვა რამ, სიმინდის მარცვლები იქნება ეს, წიწიბურა, ქვიშა თუ სხვა. შეარჩიეთ პატარა ნივთები, მოათავსეთ ბრინჯთან ერთად, კარგად აურიეთ და ძალიან კარგი სათამაშოც მზად არის. ბავშვმა უნდ ამოძებნოს ყველა ნივთი, უნდა ატრიალოს და აჯანჯღაროს ბოთლი, რათა ყველაფერი იპოვოს. შეგიძლიათ გაუკეთოთ ამ ნივთების სია, რომელსაც იპოვის გადახაზოს, ან მანამდე ყველა საგანს გადაუღეთ ფოტო და ამობეჭდეთ, ძებნის დროს გვერდზე დაიდოს ბავშვმა და ეცოდინება რა დარჩა მოსაძებნი.
ჩემი 10თვის გოგოს რა აღარ უნდა თამაში თუ რა. მომწონს ეს ბოთლის იდეები, უბრალოდ პლასტმასი საზოგადოდ არ მიყვარს, ვცდილობ ხის სათამაშოები ჰქონდეთ, მაგრამ ნუ სულ ამის გარეშეც არ გამოდის.
შეგვიძლია ჩავყაროთ ნებისმიერი ფერადი ნივთი, შეგვიძლია დავამატოთ სახატავი საღებავი ფერის მისაღებად. მომწონს, კიდე გავაკეთებ სხვა ვარიანტებს, ეს მობეზრდა.
ყუთი შეღება ჩემმა ბიჭმა ჩვეულებრივი საღებავებით, დავაცადეთ გაშრობა, გამოვჭერით ფანჯრები და კარები.