”ქმრის ოჯახმა არ მიმიღო შვილიანი...” - 8 თვის ორსული და მისი 7 წლის ვაჟი შიმშილობენ - მშობლები

”ქმრის ოჯახმა არ მიმიღო შვილიანი...” - 8 თვის ორსული და მისი 7 წლის ვაჟი შიმშილობენ

2017-09-27 10:21:32+04:00

”საკუთარმა ოჯახმაც უარი მითხრა თავშესაფარზე... რამდენჯერ დაუძინია ბავშვს მშიერს... მეც, 8 თვის ორსული, ვშიმშილობ” 8 თვის ორსული, 31 წლის ვენერა დანელია თავის 7 წლის ბიჭთან ერთად ნათესავის სახლს არის შეკედლებული -ოზურგეთში, ჯავახიშვილის 44 ნომერში. გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო იძულებულია, დახმარება ითხოვოს. სახლი, რომელშიც ის შვილთან ერთად ცხოვრობს, ავარიულია, გარდა ამისა, მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დედა-შვილს ხშირად უწევს შიმშილობა. mshoblebi.ge-სთან საუბარში ვენერა აღნიშნავს, რომ ქმრის ოჯახმა (რომლისგანაც ბავშვს ელოდება), რძლად არ მიიღო, რადგან შვილიანი იყო. რაც შეეხება პირველ ქმარს, როგორც ვენერა ამბობს, მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა. ბავშვის მამას ახლა ოჯახი აქვს, საზღვარგარეთ ცხოვრობს და აბრაამის მიმართ არანაირ მზრუნველობას არ იჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ქმართან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება, თვლის, რომ კიდევ ერთხელ შეცდა და დაუშვა შეცდომა, რადგან უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი თქმით, ქმარი პათოლოგია, სვამს. მას შემდეგ, რაც დაორსულდა, სულ უფრო გაურთულდა მასთან ურთიერთობა, რაც ეკონომიკურმა პრობლემებმაც უფრო გაამძაფრა.

- მეუღლის ოჯახმა ჩემზე უარი თქვა და მამიდაჩემის სახლში ვცხოვრობდი. საკუთარმა ოჯახმაც უარი მითხრა თავშესაფარზე. მამა არ მყავს. ჩემი ძმა პატიმარია. არც მასთან და არც დედაჩემთან არ მაქვს დალაგებული ურთიერთობა. დამხმარე არავინ არ მყავს, მხოლოდ მამიდა მიდგას გვერდით, რომელსაც თავისი ოჯახი ჰყავს და ჩვენც ვყავართ შეკედლებული. მე მისი სახლის ნახევარ ნაწილში ვცხოვრობ. იმის გამო, რომ ყოველთვიურად ჩვენი შემოსავალი ძალიან მწირია, ბავშვს ნორმალურად ვერ ვკვებავ. რამდენჯერ დაუძინია მშიერს. სკოლაში ბავშვი რომ გამეშვა, მერიამ მომცა ერთჯერადი დახმარება 250 ლარი. იმით ვუყიდე რვეულები და ტანსაცმელი. თვითონ მეც, 8 თვის ორსული, ვშიმშილობ, რის გამოც ნაყოფი განვითარებით მის ასაკს ჩამორჩება... არ მაქვს არანაირი პირობები. ოთახში ყოველ გაწვიმებაზე ჭერიდან წყალი ჩამოდის. ჩემს მეუღლეს არ აინტერესებს ჩვენი უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა, ფაქტობრივად მიგვატოვა და პასუხისმგებლობაც აიცილა თავიდან. მუშაობა არ მეთაკილება. დამლაგებლადაც ვმუშაობდი, მაგრამ ახლა 8 თვის ორსული როგორ შევძლებ მუშაობას”, - ამბობს გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი.

მან ისიც თქვა, რომ სოციალური დახარების სახით მიღებული 120 ლარით თვიდან-თვემდე თავის გატანას ვერ ახერხებს. ექიმის გამოწერილი წამლების ყიდვაც არ შეუძლია. არასათანადო კვების, გაუარესებეული ჯანმრთელობის გამო მას საკეისრო კვეთით მოუწევს შვილის გაჩენა. დაახლოებით სამ კვირაში ბავში გაჩნდება. მერიაში უთხრეს, რომ საკეისრო ოპერეაციისთვის საჭირო თანხას დაუფარავენ და რომ ერთ წლამდე ბავშვს საკვებით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

თუ გაქვთ სურვილი, დახმარების ხელი გაუწოდოთ 8 თვის ორსულ ვენერა დანელიას და მის 7 წლის ბიჭს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 599 12 82 13

რუსკა კილასონია