"მე მას შვილი გავუჩინე, ამიტომ უნდა მომიაროს და იბზრიალოს სახლში, აბა რა..." როგორც უკვე იცით, ცოტა ხნის წინ ქალბატონი დაგვიკავშირდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაუგროვდა და უნდა, ჩვენს მკითხველებს - ქალებს, დედებს, ზოგადად მშობლებს გაანდოს. მისი ისტორია ერთი შეხედვით ძალიან ბანალური და იმავდროულად, მუდამ აქტუალური და საინტერესოა - როგორი ძნელია სამსახურის შოვნა ქალისთვის, რომელსაც შვილები ჰყავს და როგორ უწევს მას ბევრ დათმობაზე, დამცირებაზე წასვლაც კი, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის... ის, თუ როგორია სინამდვილეში ქართული ბაღების კულუარები და რის კეთება უწევთ ქართველ ძიძებს აქ თუ საზღვრებს გარეთ.... ერთი სიტყვით, წინ დიდად საინტერესო და რაც მთავარია, ნამდვილი და გულწრფელად აღწერილი ამბები გელით... დღეს ამ ქალბატონს უკვე ძიძის ამპლუაში გავიცნობთ:
დასასრული. იხილეთ დასაწყისი
გადიოდა საათები, დღეები, კვირები. ჩინურ ოჯახს ძალიან დავუახლოვდი. მათთან გატარებული ყოველი დღე სულ უფრო და უფრო საინტერესო იყო. ერთმანეთს საკუთარ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ვაცნობდით. ხან ის გოგონა იყო გაოცებული და ხან - მე და ამ ყველაფერზე გულიანად ვიცინოდით.
ვუყურებდი, ყოველდღე როგორ აგროვებდნენ გადასაყრელად ნაგავს და დამებადა კითხვა, ყველაფერს ერთად რატომ არ ყრიან-მეთქი. სამზარეულოს ნარჩენებს ცალკე ყრიდნენ, მინის ბოთლებს - ცალკე, პოლიეთილენს – ცალკე, ქაღალდებს - ცალკე. უფრო სწორად, კი არ ყრიდნენ, ალაგებდნენ. მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ აკეთებდნენ ამას. მერე ვკითხე, ასე რატომ ყრით, ნაგავი ერთად რატომ არ გაქვთ-მეთქი და გულწრფელად გაოცებულმა მიპასუხა ჩემი აღსაზრდელის დედამ, აბა, როგორ, ერთმანეთში ხომ არ ავურევთ, მერე ხომ მენაგვეების დასახარისხებელი იქნებაო. ჩვენ ყველაფერს ერთად ვყრით-მეთქი და არ დამიჯერა. ჩვენთან ყველაფრისთვის ცალკე ურნა დგას და ისე ვყრით ნაგავს, ერთად ჩაყრა როგორ შეიძლებაო, ეს ყველაფერი ხომ უნდა გადამუშავდესო. აქ არავინ არაფერს ახარისხებს, შეგიძლიათ ერთად ჩაყაროთ- მეთქი, მაგრამ იმდენად აქვთ გამჯდარი ეს ჩვევა, მაინც ცალკე "ალაგებდნენ".
ძალიან ხშირად ვსაუბრობდით კერძებზე. ერთადერთ, რაც საქარველოში მენატრება, ბოსტნეულიაო, ამბობდა. მერე ჩინური ბაზრის ფოტოები მანახა, მართლაც იმდენი სახის ბოსტნეული ჰქონიათ, არც მეგონა, საერთოდ თუ არსებობდა ამდენი. ერთხელ ინტერნეტში მაჩვენა ფოტო, ეს ერთ-ერთ სასტუმროში გავსინჯე და ძალიან მომეწონაო, ორი ფოტო მანახა, ერთზე მჭადი იყო, მეორეზე ოლადები. ეს ერთიდაიგივე არ არის-მეთქი, კი, როგორ არაო. მჭადი რასთან ერთად მიირთვი-მეთქი და მარტო მივირთვი და ძალიან მომეწონაო.
მეორე დღეს დილით ადრე ავდექი, დავუცხვე ცხელი მჭადები, დავადე ზემოდან კარგი მეგრული სულგუნი და წავუღე, აი, მჭადი ასე უნდა მიირთვა-მეთქი. ისე მოეწონათ, გაგიჟდნენ, არ ვიცოდით, ერთად თუ უნდა გვეჭამაო. მერე ოლადები გავუკეთე. ხო, აი ამაზე გეუბნებოდი, სასტუმროში მივირთვი საუზმეზეო. ისიც ძალიან მოეწონა. ახლა ჩემი ჯერია, ჩინურ ხინკალს გავაკეთებ და დაგპატიჟებო. მართლაც, ჩამოუტანეს ჩინეთიდან სპეციალური ბოსტნეული, ერთი შეხედვით მწვანე ხახვის მსგავსი, მაგრამ მწვანე ხახვი არ არის, აქ არ იყიდება, ჩინეთიდან ჩამოაქვთ ხოლმე, შეურევენ საქონლის ხორცში, ჩადებენ ცომში, ოღონდ საფუარიან ცომში აკეთებენ და ორთქლზე ამზადებენ. მართლაც გემრიელია, თუმცა მე ქართული ხინკალი ბევრად მირჩევნია...
ერთ საღამოსაც ვსხედვართ ერთად, საქართველოზე მესაუბრებიან, მომავალ არჩევნებზე. მეუბნება, კალაძე ძალიან მომწონს, ყველაზე ცნობილი ქართველი ეგ გყვათ და ალბათ მერად მას აირჩევენ, მაგაზე კარგი ვინ გეყოლებათო. თუმცა ბოდიში, სტალინი დამავიწყდა, სტალინის შემდეგ არის ყველაზე ცნობილი ქართველიო. სტალინი გიყვართ-მეთქი? რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ბელადი იყოო. ცოლი მეუბნება, იმდენჯერ ვართ გორში ნამყოფები, სტალინის სახლ-მუზეუმში, ყველა ქართველს ვაჯობებო. საქართველოში ვინმე ჩინელი თუ ჩამოდის, პირველ რიგში გორში მიგვყავს და მერე სხვა ადგილებშიო, სტალინის სახლი თუ არ ნახა ჩინელმა, სირცხვილიაო. თქვენ რატომ არ სცემთ სტალინს პატივსო. იმიტომ, რომ საქართველოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებია-მეთქი და, მერე რა, ჭკვიანი კაცი იყოო.
მერე მეკითხება, ქართველი პოეტი რომ გყავთ, გიორგი, ისიც ძალიან გვიყვარს, მისი ლექსები ჩინურ სკოლებში ისწავლებაო. გავოცდი, უმაღლესი მაქვს დამთავრებული, უნივერსიტეტი, თან ფილოლოგიური და ქართველი პოეტი გიორგი, რომელსაც ჩინეთშიც ასწავლიან, როგორ არ ვიცი-მეთქი, შემრცხვა. ეცადა უფრო კონკრეტულად აეხსნა, დაახლოებით სტალინის ხნის იქნება და სულ სამშობლოზე წერს ლექსებსო. გადავირიე, ვერაფრით მივხვდი, ვისზე მეუბნებოდა. რომ შემატყო, აზრზე ვერ მოვედი, მოდი, ინტერნეტში ფოტოს გაჩვენებო. გამიხარდა, ფოტოთი მაინც ხომ ვიცნობ-მეთქი და ვერც წარმოიდგენთ, ვისი ფოტო მაჩვენა. არც მეტი, არც ნაკლები, ფოტოზე მაქსიმ გორკი იყო. კი მაგრამ, ეს გიორგი კი არა, მაქსიმ გორკია-მეთქი. გაგიჟდა, გიორგი ხომ ქართული სახელია და მე მეგონა, ეს გიორგი იყოო. გიორგი კია ქართული სახელი, მაგრამ ეს "გიორგი" გორკია-მეთქი. ძალიან გაუკვირდა, ამდენი ხანი მეგონა ქართველი გიორგი იყოო.
ერთხელ მეკითხებიან, ქართველი კაცები ცოტა ზარმაცები ხომ არ არიანო? სიმართლე გითხრათ, არ მესიამოვნა ეს შეკითხვა. მეც კი ვფიქრობ ხანდახან ასე, მაგრამ უცხოელებთან ამის აღიარება არ მინდოდა. რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ, საიდან მოიტანეთ-მეთქი, ვეკითხები. სიღნაღში ვიყავით შაბათ-კვირას, საოჯახო სასტუმროში. რომ მივედით, ძალიან დიდი ჭიშკარი უნდა გაეღო მასპინძელს. ქალბატონი გამოვიდა და ძლივს გააღო, ჩემი ქმარი მიეხმარაო. ვიფიქრეთ, საწყალს ალბათ ქმარი არ ჰყავსო. მერე ოთახში წყლის პრობლემა შეგვექმნა, რაღაც მილი იყო გადასაკეტი და ისევ ეს ქალბატონი ამობრძანდა ინსტრუმენტით. ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ მარტო ცხოვრობდ, თუმცა ვახშამზე რომ ჩავედით, გვერდით ოთახში მისი ქმარი იყო წამოწოლილი და იქიდან ეძახდა, წყალი მომიტანეო. მართლა ძალიან გაგვიკვირდა, ამდენი კაცის საქმე ქალმა რატომ ან როგორ გააკეთაო.
რა უნდა მეთქვა, სიმართლე გითხრათ, ცოტა შემრცხვა, თუმცა თავის დაძვრენა ვცადე, ეტყობა, ცუდად იყო ის კაცი-მეთქი. აბა, შენი ქმარი სადილებს რომ აკეთებს და სახლს რომ ალაგებს ხოლმე, ეგ ხომ ქალის საქმეა და რატომ აკეთებს-მეთქი?როგორ თუ რატომ, მე ხომ შვილი გავუჩინე და ნება იბოძოს და მომიაროსო. ისე, ჩემმა დედამთილმა რომ დაინახოს როგორ ბზრიალებს ჩემი ქმარი სამზარეულოში, გაგიჟდება, არ დაიჯერებს, კიდევ კარგი შორს ცხოვრობს და ვერ ხედავსო.
ამ ჩემს ჩინელ დიასახლისს თურქი დაქალი ჰყავდა. ჰოდა, ბავშვის სანახავად მოვიდა ერთხელაც. ერთმანეთს ინგლისურად ესაუბრებოდნენ და მათი ინგლისური უნდა მოგასმენინათ. თავიდან მეც ძალიან ვნერვიულობდი, კარგად არ ვფლობ ენას-მეთქი, თუმცა გავესაუბრე თუ არა დიასახლისს, ნერვიულობამ მაშინვე გადამიარა, ისეთი საოცარი აქცენტით საუბრობენ და ისეთ შეცდომებს უშვებენ. ჩემ ჩინელს ისე უხაროდა, კიდევ კარგი, ძალიან გამართული ინგლისურით არ მესაუბრები, თორემ ერთმანეთს ვერაფერს გავაგებინებდითო. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ვსხედვართ ოთახში ქართველი, ჩინელი და თურქი და ძალიან დამტვრეული ინგლისურით ვსაუბრობთ მშობიარობაზე, ძუძუს თავებზე და ჩვილ ბავშვებზე. ვიშველიებით ყველაფერს, ოღონდ ერთმანეთს გავაგებინოთ - ხელებს, ფეხებს... ღმერთო, რა სასაცილო იყო, ვერც კი წარმოიდგენთ...
ერთი სიტყვით, ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო სამსახური იყო ესეც და დიდი გამოცდილება. გარდა იმისა, რომ ჩემს ძალიან საყვარელ არსებას ვზრდიდი, ყოველდღიურად ახალ-ახალ რაღაცას ვსწავლობდი და ეს მართლაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ვეცნობოდი აზიურ კულტურას, ვსაუბრობდი უცხო ენაზე და საკუთარი ქვეყნის ნაკლსაც კი მაქსიმალურად ღირსებად წარმოვაჩენდი, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი...
და ბოლოს ვიტყვი, არასოდეს არ უნდა თქვა მართლა "არასოდეს". ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებით არის სავსე და ყველაფრისთვის ღია უნდა იყო. ცხოვრების ყველა ეტაპი გვაძლევს რაღაც მნიშვნელოვანს, გვიტოვებს საინტერესო მოგონებებს, გამოცდილებას და ადამიანებს...
დასასრული