"ყველაფერი დედას მოქსოვილი და შეკერილი გვეცვა, ადრე სად იყო ამდენი ტანსაცმლის მაღაზია" "სოფიკო საერთოდ მეგობრული იყო და ყველას თან გადაყოლა უყვარდა - მეგობარი იყო, კოლეგა, მეზობელი თუ სხვა... ასეთივე იყო შვილებთან!" - ამბობს ნიკუშა შენგელაია, რომელიც დედაზე, უდიდეს მსახიობზე - სოფიკო ჭიაურელზე გვესაუბრა...
- სოფიკო ძალიან ენერგიული იყო და დაკავებულობის მიუხედავად, შვილების თუ ოჯახის მოვლას ყოველთვის კარგად ახერხებდა. თითქმის ყოველდღე ჰქონდა რეპეტიციები და გადაღებები, მაგრამ ყველაფერს ასწრებდა. მკაცრი არასოდეს ყოფილა, უფრო პედაგოგიურად და მეგობრულად გვზრდიდა. თუ რამეს დავაშავებდით, ყველაზე დიდი სიმკაცრე დედისგან ის იყო, რომ მთელი დღე გაგვებუტებოდა და ხმას არ გვცემდა. მაშინ ვხვდებოდით, რომ ცუდად მოვიქეცით... საერთოდ არ იცოდა დაყვირება და გაბრაზება. აღმზრდელობითი, სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. სოფიკო საერთოდ მეგობრული იყო და ყველას თან გადაყოლა უყვარდა –მეგობარი იყო, კოლეგა, მეზობელი თუ სხვა... ასეთივე იყო შვილებთან!
დაათვალიერეთ: სოფიკო ჭიაურელის ანტიკვარული ნივთები და ნიკუშა შენგელაიას გემოვნებით შექმნილი ინტერიერი...
- ბაღიდან გამოყავდით, სკოლაში თქვენს სწავლას აკონტროლებდა?
- სოფიკოს არ ჰქონია გართულება, რომ მისი შვილები აუცილებლად ხუთოსნები უნდა ყოფილიყვნენ. უბრალოდ აკონტროლებდა, რომ კარგად გვესწავლა და მინიმუმი მაინც შეგვესრულებინა... საბავშვო ბაღში, რასაკვირველია, გვაკითხავდა, მაგრამ სკოლაში - იშვიათად. ჩვენს დროს ძალიან სიწყნარე იყო და პირველი კლასიდან სკოლაში მარტო დავდიოდით. სკოლა სახლის გვერდით გვქონდა. თუ რამ ოდნავ პრობლემატური იყო, მძღოლი გვაკითხავდა ხანდახან... ჩემს დროს ბავშვები ფეხით მივდიოდით და დღეს რომ მშობლებს სულ მანქანით დაჰყავთ, ასე არ იყო.
- ყველა ბიჭისთვის დგება ის პერიოდი, როდესაც ქუჩა იზიდავს და ხიფათებიც ბევრია...
- აი მაშინ კი ნამდვილად დაგვდევდა სოფიკო. თუმცა ისეთი უბანი იყო, ყველაფერი კონტროლდებოდა მეზობლებისგან, მეწაღეებისგან, ქარხნის მუშებისგან და რა ვიცი... ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობდა მაშინ თბილისში და ყველა ყველას იცნობდა. სრულიად განსხვავებული დრო იყო, ვიდრე დღეს არის. უფროსებმა იცოდნე,ნ ვინ ვისი შვილი იყო და ხედავდნენ. მშობლებიც უფრო წყნარად იყვნენ.
- გვითხარით, რომ ქალბატონი სოფიკო სახლის საქმეებსაც ასწრებდაო...
- დიახ! სამზარეულოშიც ტრიალებდა, როდესაც სტუმრები გვყავდა. ყოველთვის გვყავდა დამხმარე ქალბატონი, მაგრამ სოფიკოც სახლის საქმეებს გვერდს არ უვლიდა... მე და ჩემი ძმა გადასაღებ მოედანზე და თეატრის კულისებში გავიზარდეთ, რადგან სულ თან დავყავდით. როდესაც შესვენება იყო, დედა მე და ჩემს ძმას აუცილებლად რაღაცას გვიქსოვდა, ან გვიკერავდა... ჩვენს დროს არ იყო ამდენი ტანსაცმლის მაღაზიები და ბრენდები. ერთ ხელ ტანსაცმელში ვიზრდებოდით, ერთმანეთს გადავულოცავდით ხოლმე, როცა აღარ გვრგებდა... სვიტრები, ხელთათმანები თუ კაშნეები სულ დედას მოქსოვილი გვქონდა. სოფიკო ძალიან ხელმარჯვე იყო და კერავდა კიდეც. თვითონაც სულ თავის შეკერილი ეცვა. მხოლოდ ტანსაცმელს კი არა, ქუდებსაც კერავდა. მძივებს აწყობდა და ამ ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებდა. ძვირადღირებული მაღაზიების მიმდევარი არ იყო და არც იყო მაშინ საშუალება. გასტროლებზე რომ დადიოდა, ზოგჯერ თუ ჩამოიტანდა რაღაცას იაფად შეძენილს.
- განსაკუთრებული ოჯახის შვილები იყავით და როგორ აბალანსებდა ქალბატონი სოფიკო, ბავშვებს თანატოლებისთვის ზემოდან არ გეყურებინათ?
- ძალიან მარტივად! ჩვენი ოჯახის მიმართ ამიტომ არის ხალხის ყველაზე დიდი სიყვარული, რომ ძალიან უბრალოები იყვნენ ყველა! არავიზე მაღლა თავს არ აყენებდნენ! ჩვენც ასე გაგვზარდეს. სოფიკო ერთნაირად ურთიერთობდა ქვეყნის პრეზიდენტებთან თუ მძღოლებთან, ყვავილების გამყიდველებთან, დამლაგებლებთან... ზუსტად ამიტომაც უყვარდათ! ვერასოდეს ვერავინ გრძნობდა, რომ ცხვირაწეული იყო და ვარსკვლავური დაავადება ჰქონდა.
მეც ერთნაირად ახლო ურთიერთობა მაქვს ცნობილებთან, ხელოსნებთან, გლეხებთან... ძალიან მიყვარს უბრალო ადამიანები! უამბიციო და გულწრფელი ხალხია! ვინც შრომობს თავის ხელით და ტვინით, ისინი ყოველთვის კარგები არიან! იუმორიც უკეთესი აქვთ და ესმით უკეთესად, ვიდრე ამბიციურ და გაბღენძილ ხალხს!
- დედა რამდენად ერეოდა თქვენს პირად ცხოვრებაში?
- სხვათა შორის, საერთოდ არ ერეოდა... ისეთი დამოკიდებულებაც არ გვქონდა ამ საკითხის მიმართ, რომ მისთვის პირადი ყველაფერი გამეზიარებინა... სულ მეუბნებოდა, რასაც შენ გულწრფელად გრძნობ, შენს გვერდით ვდგევარო.
- შვილიშვილების მიმართ როგორი იყო?
- გაგიჟებული ბებია იყო ჯერ ჩემს უფროს შვილზე –ნატოზე და შემდეგ გიორგიზე. უბედნიერესი იყო ბოლო წლები შვილიშვილებთან ურთიერთობით.
სოფიკოზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი... ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ის ყოველთვის ჩემს გულშია. ვცდილობ მისი თვალებით ვიყურო. თუ რამეს ვაკეთებ, სულ ვფიქრობ, როგორ მოვიქცე ისე, რომ მშობლების სახელი არ შევარცხვინო. უბრალოდ, ფიზიკურად ძალიან მენატრება! ტრაგიკულია ადამიანის ბედი და ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვკარგავთ ამ ცხოვრებაში... ბედნიერი ვარ იმ მხრივ, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, ასეთი მშობლები მარგუნა ღმერთმა, ასეთი ბებიები და ბაბუები... მატერიალური არ არის ჩემთვის მთავარი, არამედ – სულიერება, ნიჭიერება, ადამიანების სიყვარული. მადლობა უფალს ამისთვის, რაც გამაჩნია!
დაათვალიერეთ: სოფიკო ჭიაურელის ანტიკვარული ნივთები და ნიკუშა შენგელაიას გემოვნებით შექმნილი ინტერიერი...