''არ შეუშინდეს ბულერს, არ გამოამჟღავნოს შიში და შფოთვა. გამოიყენოს სხეულის ენა, შეეცადოს პრობლემის მხოლოდ ვერბალური გზით მოგვარებას"
’’ განრისხებული ვარ!!! უფრო მეტიც, ცოფებს ვყრი!!! ბაღში შვილს ვიღაც ბავშვი მიჩაგრავს!!! გუშინაც სახლში ბავშვი გაკაწრული მოვიდა. ეს კიდე ისეთი ’’დობრი ტიპია“ , თვადაცვას კი ვასწავლი. ვეუბნები , თუ ვინმე დაგარტყამს შენც დაარტყითქო და არ შეიძლებაო ასე მპასუხობს“- მსგავსი შინარაარსის ტექსტს არაერთი მშობელი აქვეყნებს სოციალურ ქსელში, როცა მისი შვილი ჩაგვრის ობიექტი ხდება. რადგან, საქმე პატარებს ეხება, პრობლემა უფრო მწვავეა და მისი გადაჭრის გზები არცთუ ისე ადვილია.ზოგიერთს ასეთ დროს მიაჩნია, რომ მჩაგრევრელი ''გონს უნდა მოიყვანოს'' და საპასუხოდ მის წინააღმდეგ აგრესიას მუქარას, შეურაცხყოფას არ ერიდება.იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა დავიცვათ შვილი ბულინგისგან და როგორ ვუპასუხოთ ბულერის ცუდ საქციელს mshoblebi.ge განათლების ფსიქოლოგს თინათინ გოგმაჩაძეს გაესაუბრა.
- როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ბულინგისგან ?
- ბულინგი ჩვენს რეალობაში საკმაოდ აქტუალური და მძიმე თემაა. მისი პირდაპირი მნიშვნელობა აგრესიულ ქცევას, დაშინებას, ტერორს მოიაზრებს. დღევანდელი მონაცემებით, ბულინგის მაგალითებს ვხვდებით სკოლაში, ბაღში - ბავშვთა სოციუმის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ძირითადად, ამ თემის პრობლემად აღქმა ჩვენს საზოგადოებას უჭირს. მშობლები ფიქრობენ, რომ თუკი ბავშვები ერთმანეთს დაარტყამენ, მიაყენებენ შეურაცხყოფას ან უბრალოდ ხელს კრავენ ერთმანეთს - ეს უბრალოდ ბავშვური, უწყინარი გართობაა. სინამდვილეში, ეს გახლავთ პრობლემა, რომელზედაც თვალი საზოგადოების არც ერთმა წევრმა არ უნდა დავხუჭოთ. ამ პრობლემის მოგვარების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის დამოკიდებულებასა და პოზიციას. თუკი ჩვენ, როგორც მშობლები ვხვდებით, რომ ჩვენს შვილს მეგობრებთან ურთიერთობების პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა ვეცადოთ მის დახმარებას.
კარგი იქნება, თუ ბავშვთან გვექნება მუდმივი დიალოგი, მოვუსმენთ მას, ვუამბობთ ისტორიებს პირადი გამოცდილებიდან, ვაჩვენებთ ჩვენი ქცევის პოზიტიურ მაგალითებს. სანამ ამ პრობლემის წინაშე დავდგებით, მნიშვნელოვანია, რომ პრევენციისთვის რიგი ღონისძიებები გავატაროთ - ბავშვი წავახალისოთ იმისთვის, რომ იმეგობროს გარშემომყოფებთან, აღმოაჩინოს საერთო ინტერესები, გატაცებები, ჩამოაყალიბოს სამეგობრო წრე, სადაც თავს დაცულად, კომფორტულად იგრძნობს. თუკი ბავშვს ვასწავლით სხვების მიღებას, პატივისცემას, თანაგრძნობასა და ზრუნვას, მაშინ მის პიროვნულ და სოციალურ განვითარების პროცესს საფრთხე არ დაემუქრება.
საინტერესოა, რომ ბულინგის რისკ-ჯგუფში ხვდებიან ის ბავშვები, რომლებსაც არ ჰყავთ მეგობრები, აქვთ თვითშეფასების დაბალი მაჩვენებელი და არიან პასიურები, როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული მიმართულებით. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია ბავშვს ბოლომდე მოვუსმინოთ, არ დავაფრთხოთ ჩვენი ემოციით, სერიოზულად მოვეკიდოთ მონათხრობს და მხარი დავუჭიროთ მის პოზიციას. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად და გააზრებულად მივიღოთ ზომები, გავესაუბროთ სკოლის/ბაღის დირექციას, ავუხსნათ სიტუაცია და ვთხოვოთ ჯგუფისთვის შეიმუშავოს ეთიკური კოდექსი, მორალური/ზნეობრივი ნორმები. რაც შეეხება მსხვერპლს, აუცილებელია მასთან როგორც ფიზიკური, ასევე მორალური სიახლოვე და მხარდაჭერა.
- ხშირად მშობლები ბულინგის მსხვერპლ შვილებს უბიძგებენ საპასუხო აგრესისკენ- ,,თუ გცემა, შენც ცემე”- რას იტყვით მშობლების ამგვარი მიდგომის შესახებ?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- ასეთ შემთხვევებში, მშობლების მიდგომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მესმის, მშობლისთვის რთულია საკუთარი შვილის მსხვერპლის როლში აღქმა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, დავფიქრდეთ და შვილებს გონივრული რჩევა მივცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის რა სახის ქცევასაც წავახალისებთ, ის სწორედ ამ ქცევას დაისწავლის და მსგავს შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებს მას. დაუშვებელია, მსხვერპლს მოვუწოდოთ ძალადობას ძალადობითვე უპასუხოს! ამ გზით მივაღწევთ იმას, რომ მსხვერპლი ბულერად ანუ ე.წ. მოძალადედ იქცევა. ეს კი, დამიჯერეთ, ბევრად დიდ პრობლემას შეუქმნის როგორც მას, ასევე მის ირგვლივ მყოფ საზოგადეობას. კარგი იქნება, ბავშვს მოვუწოდოთ ჩვენთან გულწრფელი საუბრისკენ. საჭიროების შემთხვევაში, შევთავაზოთ რიგი რეკომენდაციები, რომლებიც მას თავის დასაცავად გამოადგება. მაგ, არ შეუშინდეს ბულერს, არ გამოამჟღავნოს შიში და შფოთვა. გამოიყენოს სხეულის ენა (გამართული დგომა, თვალებში ყურება, თავდაჯერებული ხმის ტემბრი). შეეცადოს პრობლემის მხოლოდ ვერბალური გზით მოგვარებას.
- როცა მშობელი დაჩაგრული შვილის დაცვას ცდილობს,ხშირ შემთხვევაში ბულერის მიმართ აგრესიულია . როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ისე, რომ ბულერი ბავშვის ფსიქიკაზე არ იძალადოს და ისე აღმოფხვრას პრობლემა?
- ამ შემთხვევაში მსხვერპლის მშობელს დიდი მოთმინება მართებს. შვილის თანდასწრებით, ბულერის მიმართ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვავლინოთ აგრესიული დამოკიდებულება, პირიქით - ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ სინამდვილეში ე.წ. მოძალადეც მსხვერპლია. და ეს ასეცაა, ძალიან ხშირად იმ ბავშვების უკან, რომლებიც აგრესიული ქცევებით გამოირჩევიან, საკმაოდ მძიმე სოციალური, ეკონომიკური, ოჯახური ფონია. საინტერესოა, რომ ხშირად ბულერს პრობლემურ ოჯახში უწევთ ცხოვრება, სადაც იგი მრავლად აწყდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითებს. ბავშვს კი, სამწუხაროდ, ამ ტიპის ქცევა ნორმად მიაჩნია, სწავლობს მას და თავის სოციალურ გარემოში იმეორებს. სწორედ ამიტომ, მშობლებისა და გარშემომყოფების ვალდებულებაა, ბულერი არა დამნაშავედ, არამედ მსხვერპლად მიიღონ და ხელი შეუწყონ მის ცნობიერებაში არსებული აგრესიული საწყისების ჩახშობას. როგორც წესი, ასეთ დროს მშობლები შვილებს ბულერებთან ურთიერთობას, ახლოს გაკარებასაც კი უკრძალავენ. შედეგად კი საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვს ვიღებთ. ვფიქრობ, არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული, ე.წ. მოძალადე ბავშვის ჯგუფიდან გარიყვა.
დამერწმუნეთ, ამ ფაქტს ინდივიდის ფსიქიკაზე, პიროვნებაზე, არსებულ და სამომავლო სოციალურ ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება. საბოლოოდ, საზოგადოების მიმართ ჩამოუყალიბდება აგრესია, მეტიც - ზიზღი და მომავალში იგი ძალადობრივ ხასიათს უფრო დიდი და სავალალო მასშტაბებით გამოავლენს. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილები, კორექტულები უნდა ვიყოთ. კარგი იქნება, თუკი ბულერის მიმართ გავაძლიერებთ კონტროლს, თუმცა არა გამაღიზიანებელი ფორმით. დავეხმაროთ, დაინტერესდეს სხვადასხვა მიმართულებით, დავტვირთოთ სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით, მაგალითად, წავახალისოთ მისი მონაწილეობა კლასგარეშე წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებში. ამ ტიპის დატვირთვა ბავშვს ენერგიის ჯანსაღი გზით დახარჯვაში დაეხმარება და შესაბამისად, აგრესიაც იკლებს. ასევე, ვეცადოთ მასთან ფიზიკურ სიახლოვე, როცა სხვა ბავშვებთან თამაშობს, დავანახოთ თანატოლების დადებითი პიროვნული მხარე და დავეხმაროთ მათთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
- ბაღში ვინ უნდა უზრუნველყოს ბავშშვების ბულინგისგან დაცვა. მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ მასწავლებელი ამას ვერ შეძლებს, რადგან ჯგუფში ძალიან ბევრი ბავშვია. რამდენად არიან ჩართული ამ პროცესში ბაღის ფსიქოლოგები ?
- დიახ, ბაღი და სკოლა გახლავთ ის დაწესებულებები, სადაც ბულინგის მაგალითებს ყველაზე ხშირად ვაწყდებით. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ემპათიის გრძნობის გამომუშავება ასწავლოს. ეს პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა. აუცილებელია ჯგუფთან საუბარი ურთიერთობების შესახებ. მასწავლებელმა ბავშვებს ერთმანეთის სიყვარულის, პატივისცემის, მზრუნველობისკენ უნდა მოუწოდოს - როგორც ვერბალურად, ასევე ასაკის შესაბამისი აქტივობებითა და თამაშებით. თუკი ხედავს, რომ ბულინგის რომელიმე ტიპი იწყებს განვითარებას, მაშინვე უნდა მიიღოს ზომები და ემოციური ბალანსის დასამაყრებლად ბაღის/სკოლის ფსიქოლოგი დაიხმაროს. რეალურად, ამ პრობლემას მხოლოდ ერთი რგოლი ვერ მოერევა. სკოლა/ბაღი, ოჯახი, ფსიქოლოგი, საზოგადოება - ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს.
- რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ ბულერის დამოკიდებულება და განწყობა შევცვალოთ, რათა მას აღარ გაუჩნდეს თანატოლების დაჩაგვრის სურვილი?
- უპირველეს ყოვლისა, შევუქმნათ ჯანსაღი, კომფორტული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ ბულინგის შემთხვევები გაცილებით ნაკლებია მაშინ, როცა ბავშვები მშობლების მხარდაჭერადა გვერდით დგომას გრძნობენ. ჩვენ, როგორც მშობლებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მორალური წარმოდგენების ფორმირება, ზნეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება მოზარდობის ასაკის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მახასიათებელია. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკის ადამინებს ზოგჯერ საკუთარი თავის არასწორი, დამახინჯებული აღქმა ახასიათებთ. შესამჩნევია უკიდურესი დამოკიდებულელებიც, რომლებიც დღის განმავლობაშიც კი შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს. ზოგჯერ მათ საკუთარი ინდივიდით უკმაყოფილება, თავში ჩაკეტვა, თვითგვემა სჩვევიათ, ან პირიქით – საკუთარი თავის მეტისმეტი განდიდება, ძლიერი ეგოცენტრიზმი და ნარცისიზმიც კი. ეს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები, ბუნებრივია, შინაგანი აგრესიის გაღვივებასა და გარშემომყოფებთან კონფლიქტის დაწყების საწინდარია.იმისთვის, რომ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელმა პრობლემებმა ნაკლებად იჩინონ თავი, აუცილებელია მშობლის მაქსიმალური ჩართულობა შვილის აღზრდის საკითხში. ბავშვისთვის სასიცოხლოდ საჭიროა, რომ მას ჰყავდეს ავტორიტეტი, ქცევის მოდელი, ვისაც რჩევას დაეკითხება, მის ღირებულებებს გაიზიარებს. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა რომ ჩვენი შვილები ფსიქო-სოციალური, პიროვნული მიმართულებით სწორად განვითარდნენ, აუცილებელია მეტი დრო დავუთმოთ მათ, მოვუსმინოთ, გავუგოთ, და რაც მთავარია, ბავშვს ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ყოველთვის დგანან მშობლები, რომელთაც ის უპირობოდ უყვართ ზუსტად ისეთი, როგორიც არის.
რუსკა კილასონია