’’საკმაოდ მკაცრი რეჟიმი აქვთ, 8 საათზე უკვე დასაძინებლად მიდიან" - როგორ ცხოვრობს კალაძისა და არეშიძის ოჯახური წყვილი ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მათ ოჯახს ბევრი სამაგალითოდ მიიჩნევს და არც კომენტარებს იშურებენ მათთან დაკავშირებული თემების განხილვისას. თუმცა ანუკი და კახი პირად თემებზე ინტერვიუებით დიდად არ ანებივრებენ მედიასაშუალებებს. ამიტომ ვიფიქრეთ, საინტერესო იქნებოდა თქვენთვის ეს ინტერვიუ, სადაც წყვილი საკუთარ ოჯახსა და შვილებზე საუბრობს. ინტერვიუ მათ საარჩევნო ბუკლეტში გამოქვეყნდა, თუმცა ცოლ-ქმარმა თავიანთი ოჯახური ცხოვრების საკმაოდ საინტერესო დეტალები გაახმაურა.
კახა:
- ახლა რომ ჰკითხო ჩემს შვილებს, ყველას ფეხბურთელობა უნდა (იღიმება), მაგრამ ხომ იცით, როგორ იცვლება ჩვენი ოცნებები. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ნამდვილ, კარგ ადამიანებად გაიზარდონ, საკუთარ ქვეყანას და ხალხს გამოადგნენ. მე ვიცი, რა არის გაჭირვება, რთული წლები... ვიცი, რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია გქონდეს ის, რაც გსურს; რას ნიშნავს, იშრომო და იბრძოლო შენი ოცნებების ასრულებისთვის.
ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვეულებრივად ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს. უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი არ შეიძლება მიიღო, მით უმეტეს, დამსახურების გარეშე.
- ხშირად ეუბნებით "არას"?
ანუკი:
- ძალიან ხშირად და თან მათ საკმაოდ მკაცრი რეჟიმი აქვთ, 8 საათზე უკვე დასაძინებლად მიდიან, რომ მეორე დღისთვის დასვენებულები წავიდნენ სკოლაში.
კახა:
- ძალიან დაკავებული ვარ და ბავშვებთან ერთად, ძირითადად, შაბათ-კვირას ვატარებ, ამიტომაც შედარებით დამყოლი ვარ, მიჭირს მათთვის უარის თქმა ან გაბრაზება - არ მინდა, ერთად ყოფნის ის მცირე დროც ნაწყენები იყვნენ რამეზე, თუმცა, ცხადია, განსაზღვრულ წესებს ხშირად არ ვარღვევთ.
ანუკი:
- როცა დასასვენებლად მივდივართ, შეგნებულად არ მიგვაქვს გასართობი ნივთები. ეს მათ უბიძგებთ, რაღაცები გამოიგონონ, ითამაშონ იმით, რასაც ადგილზე მიაგნებენ... სანაპიროზე მოგროვებული ნიჟარებით, კენჭებით და ა.შ.
როცა ბევრი სათამაშო არ აქვთ, ფანტაზია გაცილებით მეტადაა ჩართული და საოცარ რაღაცებს აკეთებენ. მე გაცილებით უფრო მკაცრი ვარ, რადგან ბავშვებთან მეტ დროს ვატარებ, მაგრამ კახას ერთი გამოხედვა საკმარისია მათ გასაჩერებლად. საერთოდ, კახა ხმას არასოდეს უწევს. რაღაც საოცარი უნდა მოხდეს, რომ იჩხუბოს (იცინის).
- თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ. თქვენს შვილებს თქვენთან შედარებით უკეთესი სასტარტო პირობები აქვთ. რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათ ეს არ მიიღონ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა?
კახა:
- ის, რომ ისინი ჩემი შვილები არიან, სულაც არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად წარმატებულები იქნებიან. რა თქმა უნდა,ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილები მასზე უკეთესი, ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია, მათ ჰქონდეთ მიზანი და იცოდნენ, რომ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო.
მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ ეს მასწავლეს. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ფრიადოსანი ვიყავი, ეს მთლიანად დედაჩემის დამსახურებააა _ ძალიან დიდ ყურადღებას მითმობდა და ყველა საგანში მამეცადინებდა. არ გვქონდა საშუალება მასწავლებლები დაგვექირავებინა. მე ვიცოდი, რომ ჩემით უნდა მესწავლა. ამას არასოდეს დავუვიწყებ ჩემს მშობლებს.
მამაჩემს უნდა ვუმადლოდე ჩემს სპორტულ კარიერას. მან მასწავლა, რომ თუ მიზნის მიღწევა გსურს, ძალიან ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი და იშრომო თავდაუზოგავად. განსაკუთრებით ეს თინეიჯერობის პერიოდშია რთული, როცა ყველას გართობა უნდა და მუშაობა - არა (იღიმება).
მაგრამ ოჯახის და გარკვეული გარემოებების დამსახურებით, მე ეს პერიოდი გავიარე. ჩვენ ვიცით მაგალითები ძალიან ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც დაიკარგნენ სწორედ იმიტომ, რომ ცდუნებებს ვერ გაუძლეს. ამაზე ხშირად ველაპარაკები ჩემს უფროს შვილს და, ზოგადად, ყველა ახალგაზრდას, ვისთანაც შეხება მაქვს. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რას ნიშნავს მონდომება და შრომა და რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა.
როცა პირველად კიევში მოვხვდი, ურთულესი ვარჯიშები მქონდა. ძალიან ძნელი იყო ფიზიკურად ამ ტემპის გაძლება, მაგრამ არ დავნებდი და ბოლოს ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული მოთამაშე ვიყავი.
ანუკი:
- კახას პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა აქვს არც ერთი ვარჯიში არ გაუცდენია.
ერთხელ მილანში, მახსოვს, მთელი ღამე ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა. არც მიფიქრია, რომ ამ მდგომარეობაში ვარჯიშზე წავიდოდა, მაგრამ დილას ადგა, ჩაიცვა და მაინც წავიდა.
კახა:
- ყოველთვის ვგრძნობ ჩემი ოჯახის ზურგს. მათ გარეშე ვერასოდეს მივაღწევდი იმას, რაც მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემი დაოჯახება. პირველი შვილიშვილის გაჩენის შემდეგ დედაჩემი ძალიან შეიცვალა. ჩვენ უდიდესი ტკივილი გადავიტანეთ და, რა თქმა უნდა, ვერაფერი მოაშუშებს ამ ჭრილობას, მაგრამ ჩემი პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დედა სულ სხვანაირია.
- ანუკი, გიოცნებიათ ოდესმე იმაზე, თუ როგორი ოჯახი გექნებოდათ?
ანუკი:
- (იღიმება) ისეთი, როგორიც მაქვს. მე ჩემი მშობლების ურთიერთობის მაგალითზე გავიზარდე. ჩვენ ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს. არ არსებობს დღე, ერთმანეთს რომ არ დაველაპარაკოთ. თან სახლში ერთადერთი გოგო ვიყავი და ძალიან მანებივრებდნენ ყურადღებით. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. სულ ვცდილობ, მეტი დრო დავუთმოთ ბავშვებსაც და ერთმანეთსაც.
- კახა, თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ სპორტული ცხოვრების წესის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საკითხია.
კახა:
- საერთოდ, სპორტული ცხოვრების წესი არა მხოლოდ კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს - ეს გარკვეული დისციპლინაცაა. რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, ვცდილობ, დილას ვივარჯიშო. მერე მთელი დღე გაცილებით უფრო კონცენტრირებული და ენერგიული ვარ. ამიტომაც ვთვლი, რომ აუცილებელია ბავშვებს, ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, ივარჯიშონ. ამისთვის პირობები უნდა შევუქმნათ. რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
ფეხბურთის როლი ჩემთვის შეუცვლელია. თითქმის ყველაფერი, რაც კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ფეხბურთის დამსახურებაა. მე რომ მილანში არ ვყოფილიყავი, ალბათ ანუკის ვერ შევხვდებოდი და ასეთი ოჯახი არ მექნებოდა.
- თუ გახსოვთ, რა გაიფიქრეთ, პირველად რომ შეხვდით ანუკის?
კახა:
- ძალიან მომხიბვლელი იყო (იღიმება). უპირველეს ყოვლისა, მისმა თავმდაბლობამ და უბრალოებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება.
- თქვენ დღეს ძალიან მძიმე რეჟიმი გაქვთ. არასოდეს გქონიათ ცდუნება, გეთხოვათ ანუკისთვის, თავი დაენებებინა საკუთარი საქმისთვის და ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმო?
- არა, არასოდეს. ვთვლი, რომ მან აუცილებლად უნდა განავითაროს საკუთარი ნიჭი. მგონი, ძალიან კარგად გამოსდის თავისი საქმე და ეს უნდა აკეთოს. თანაც, დილას ანუკის მიჰყავს ბავშვებვი სკოლაში და მერე 5 საათამზე დროს საკუთარ საქმეს უთმობს. სკოლის მერე კი სახლშია, მათთან ერთად, და საკმარის დროს ატარებს ბიჭებთან. ამიტომაცაა უფრო მკაცრი (იღიმება).
ანუკი:
- როცა მილანში ვცხოვრობდით, კახას დღეში 2 ვარჯიში ჰქონდა. ერთი ძალიან კარგი ჩვევა აქვს - შეუძლია 15 წუთი დაიძინოს და ძალები აღიდგინოს. ვარჯიშებს შორის ასე იქცეოდა. მთელი დღე გასული იყო, ამიტომ საღამოობით მივდიოდით სადმე ერთად. ახლაც ვცდილობთ, რომ ეს მოვახერხოთ. ეს ჩვენი ტრადიციაა.
- მგონი, მილანის შემდეგ კახა საკმაოდ შეიცვალა...
ანუკი:
- კი, მართალია. არასოდეს ეზარება რამის სწავლა ან ახლის გაგება. სულ შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა. ღამე ძალიან გვიან რომ მოვიდეს, მაინც სულ რაღაცას ეძებს ინტერნეტში, სულ რაღაცას კითხულობს...
ადრე ძალიან მიამიტი იყო, ყველასი სჯეროდა; მართლა კეთილი ადამიანია და უნდოდა ყველასთვის კარგი გაეკეთებინა. მე სულ ვაფრთხილებდი, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად კარგი არ არის და ნდობას ყველა არ იმსახურებს. ამის გამო ბევრი გულისტკივილიც ჰქონია, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო გამოცდილია.
სულ მაფრთხილებს, ყველას ეუბნება, რომ ქველმოქმედებაზე არ ვილაპარაკოთ. არც ისე მინდა გამოვიდეს, თითქოს ამ სიჩუმითაც თავს ვიწონებთ, მაგრამ არის თემები _ და ქველმოქმედება მათ შორისაა _ რომლებზეც, მგონია რომ, არ უნდა ვისაუბროთ. თუ ადამიანის დახმარება შეგიძლია, უნდა დაეხმარო, ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ამ საქმეს.