"მე შენი მამა ვარ... საჩუქარი თუ სასჯელი, ამას დრო დაადგენს... სანამ ცოცხალი ვარ - შენ არაფერი გაგიჭირდება.." მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძე უკვე ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა როგორც მამა, ამჯერად ისე წარდგება საზოგადოების წინაშე. ნიკამ წერილი მიუძღვნა თავის პატარა თომას, რომელიც ნამდვილად თბილი, გულწრფელი და ძალიან ემოციურია.
"ამბობენ, წვიმაში მოსულ ადამიანს სულ სხვანაირი სიყვარული შეუძლიაო... იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა... აპრილის წვიმა იყო და ერთი წვეთის მაგივრად, ჩვიდმეტი წვეთი აგრილებდა ჩემს გახურებულ შუბლს... უცნაურად გეგებებოდა სამყარო... თუმცა სამყაროზე მეტად - ჩვენ, მთელი ექვსი თვე დარწმუნებულნი იმაში, რომ გოგო იყავი. ასე გხედავდა ექიმი და ჩვენც კრძალვითა და სიფრთხილით გირჩევდით სახელს, ვარდისფერ ტანცაცმელს და რას აღარ... ხომ ვამბობ, უცნაურად გეგებებოდა სამყარო... ბოლოს კი სასიამოვნოდ გაგვაკვირვე, როცა დედაშენის მუცელში დატრიალდი და გვერდი იცვალე... ერთმა უწყინარმა მოძრაობამ შეგვცვალა ყველა - ექიმი გაწითლა, დედაშენი დაიბნა, მე კი სიამაყით გამებადრა სახე.... ჰო... იმ დღეს წვიმდა... კოკისპირულად... და მე შენ პირველად გნახე... გნახე და რაღაც მოხდა, უსასრულოდ დიდი და ვრცელი... გული შეხტა და სხვა ხმით დაიწყო ფეთქვა... ვიგრძენი, რომ ხარბად დავიწყე საავადმყოფოს უცნაური და მძიმე ჰაერის ყლაპვა... თვალები გამიფართოვდა... მე შენ პირველად გნახე... ჩემი სისხლი და ხორცი... მერე აღარ მახსოვს, წაგიყვანეს თუ მე წავედი... მახსოვს წვიმა, შამპანური, ღიმილი მეგობრების სახეებზე და გაწითლებული ყური....
თომა გიწოდეთ... დღეს სამი წლის ხარ... იზრდები, ვითარდები და დრო გადის... ისე სწრაფად, რომ მეშინია... ხვალ, ზეგ, მაზეგ და ვიცი, კაცი გახდები... არ ვიცი, როდის და რა ვითარებაში წაიკითხავ იმას, რასაც ვწერ, არც ის ვიცი, რამდენად გასაგები იქნება შენთვის ის, რისი თქმაც მინდა... წინ ან მომავალში რა იქნება - ადამიანებმა არ ვიცით... ჩვენ მხოლოდ იმედს ვიტოვებთ და ვოცნებობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... და მეც ამ განწყობით მთვრალი გაბარებ აღსარებას და ვიტოვებ იმედს, რომ მომისმენ, გაიაზრებ და გამიგებ, თუნდაც წლების მერე...
შენ ჩემი სხეულის ნაწილი ხარ და ამას ვერსად ვერასდროს გაექცევი... მშობლებს არ ირჩევენ, ირჩევენ ცხოვრების გზას, წესს, რიგს, მეგობარს, საყვარელ ადამიანებს და ასე შემდეგ, მაგრამ მშობელს ვერ და არ ირჩევენ... ამიტომ მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ და არ შეგრცხვეს ჩემი... მე შენ მიყვარხარ და შენ მე მაბედნიერებ... რომ არსებობ და ხარ - ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოვლენაა, რომელიც სასწაულის ტოლია... ადრე თუ გვიან შენც მშობელი გახდები და გაიგებ, იმას რასაც ახლა ვწერ.... დაიწყებ ფიქრს, აზროვნებას და ცხოვრების შეცნობას....
ვიცი, მოგბეზრდება ზღაპრები და გადაშლი წიგნს, რომელსაც ცხოვრება ჰქვია... უნდა გაგაფრთხილო, უნდა გითხრა, უნდა იცოდე - სწორად ცხოვრება ძალიან ძნელია, მამა... გეტკინება, დაეცემი, უკან დაგხევენ და მაინც უნდა ადგე, ფეხზე მყარად დადგე და გზაა გააგრძელო. არავის მისცე უფლება, შენს მაგივრად იცხოვროს და იფიქროს, პატივიცი ეცი სხვის უფლებებს და ეცადე არასოდეს დაარღვიო... გიყვარდეს ადამიანები და გეშინოდეს მათი... ცოტას მეც დაგეხმარები... თუმცა დადგება დრო და სხვა მარადისობაში გადავალ, აი მაშინ კი მარტოს მოგიწევს ყველაფრის კეთება....
უცნაური და საინტერესოა ცხოვრება, თუ დააკვირდები და მის შეცნობას დაიწყებ... რას აღარ შეადარეს და რასთან არ გააიგივეს... ჩემთვის კი, როგორც წერას ატანილი არტისტისთვის, ცხოვრება და სიცოცხლე მატარებელს ჰგავს... ერთ დიდ მატარებელს, უსასრულოდ წინ მავალს, უამრავი გაჩერებებით, უამრავი ხალხით, ჩამსვლელით და ამომსვლელით... შენ შენი კუპე უნდა იპოვო ამ მატარებელში, საინტერესო და ერთგული ხალხით, რომ არ გაგიჭირდეს, არ მოიწყინო და არ გაბოროტდე... და მზად უნდა იყო, რომელიღაც სადგურზე მე ჩავალ, მა... მინდა - არ მინდა ეს მოხდება და შენ ყველაფერს კაცურად უნდა გაუმკლავდე... თუ ხელის დაქნევა მოვასწარი, ხომ კარგი... თუ არადა - სანერვიულოც არაფერია მანდ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშეც წასულან და კიდევ წავლენ...
მოიწყინე ხო? - არაუშავს, ესეც ცხოვრებაა... იმდენჯერ შეგვეცვლება ზნე, ხასიათი, განწყობა, რომ ვინ მოთვლის... მიეჩვიე ყველაფერს, მიეჩვიე... ისწავლე... იკითხე... ეძიე... და იპოვი, აუცილებლად იპოვი... საკუთარ თავს - პირველ რიგში...
აი მეც და ეს ჩემი წერილი სხვა არაფერია თუ არა აღსარება და ახსნა-განმარტებითი ბარათი შენს წინაშე, ჩემი მშობლების წინაშე და თუ გნებავს ჩემი ერის წინაშე... სამშობლოზე არაფერი მითქვამს და განზრახ, სისხლში გვაქვს მისი სიყვარული ისე, რომ ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება... მე შენ მოგეცი ეს სიყვარული, მე - მამაჩემმა, მამაჩემს - მამამისმა და ასე უსასრულოდ... ნელ- ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს მიხვდები, ჩემი ჯილა ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი...
და მაინც, რა უცნაურად წვიმდა იმ დღეს... როგორ მიხაროდა ეგ წვიმა და შენი დაბადება... სამი წელი გავიდა... იზრდები, ვითარდები და დრო გადის... ნეტავ როდის წაიკითხავ ამ ყველაფერს - ან მე ვინ ვიქნები მაგ დროს, რა სახელი მექნება, რას გეტყვიან ჩემზე, რას ილაპარაკებენ... ვინ იცის... არავინ არ იცის... მომავალში რა იქნება, არავინ იცის... ჩვენ მხოლოდ ვოცნებობთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
შენ ახლა დედაშენის თმებში გაქვს თითები და ისე გძინავს... გეშინია, არავინ წაგართვას და იხუტებ მთელი ძალით... მე ვთქვი, წვიმიდან მოსულებს სხვანაირი სიყვარული შეუძლიათ-მეთქი... იძინე მშვიდად - მანდ სიმშვიდეა და არაფერი გაგიჭირდება... მე სად ვარ? მეც მანდ ვარ, სადაც შენ ხარ, იქ ვარ ყოველთვის... ფიქრით, აზრით, შეგრძნებით, სურვილით, ენერგიით და ასე შემდეგ... იძინე მშვიდად... ყოველ ღამე შენს ძილს ვდარაჯობ, ვტეხავ ღამეებს და გათენებას შევხარი...
წერას აყოლილი არტისტისთვის ყველაზე დიდი სასწაული ხარ... გჯეროდეს ჩემი, გიყვარდე და პატივი მეცი... მე შენი მამა ვარ... საჩუქარი თუ სასჯელი, ამას დრო დაადგენს... სანამ ცოცხალი ვარ - შენ არაფერი გაგიჭირდება, ყველგან მოგაგნებ და გიპოვი... დილამდე, მა... ჩემო ახდენილო სასწაულო... გოგოდ ჩაფიქრებულო და კაცად მოვლენილო... წვიმაში მოსულო უდიდესო სიხარულო... მარად და ყველგან შენი "გიკუშა"!!!"