”ლოჟაში კამერები აინთო და ლალი, სცენისკენ კიბეზე თაიგულით ხელში დაეშვა. მუხლები ამიკანკალდა და ძალა წამერთვა, გავითიშე...” თეატრალური ოჯახიდანაა. ხელოვანების გარემოცვაში იზრდებოდა. რამდენიმე წელი დედა ზესტაფონის თეატრის მსახიობი იყო, მაგრამ თავად რა გზას აირჩევდა, დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა. ამბობს, რომ ბავშვობაში ძალიან კარჩაკეტილი იყო. მიიყვანეს ფეხბურთზე, კარატეზე, მუსიკაზე, მაგრამ არც ერთმა არ მიიზიდა. შინ, ოთახში მარტო მყოფი არაფერს აშავებდა, მაგრამ არც არაფერს აკეთებდა. კარგი შვილი იყო, რომელიც უბრალოდ, ყოველთვის ბევრს ფიქრობდა. სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრი რომ გახდა, მასწავლებლებზე იუმორისტულ ჩანახატებს ქმნიდა. ლექსები განსაკუთრებლად უყვარდა და როცა აღმოაჩინა, რომ მათი წაკითხვაც შეეძლო, ბედი თეატრალურ უნივერსიტეტში სცადა. პირველივე წელს გოგი თოდაძის სოხუმის მიზნობრივ ჯგუფში, უფასო განყოფილებაზე მოხვდა და მსახიობის პროფესიისადმი უფრო მძაფრად დაინტერესებაც სწორედ აქედან დაიწყო.
25 წლის ნიკა ფაიქრიძე მესამე წელია, რაც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. სცენაზე ისეთი სახეები შექმნა, როგორებიცაა: რომეო, სოსოია, ჯუჯა ცხვირი, ალი ყული ხანი, დონ პედრო, მაიმუნების ბელადი "მაუგლიდან"... 15-ზე მეტ საპასუხისმგებლო როლთან ერთად, მის ანგარიშზე უკვე ერთი მონოსპექტაკლი - "ღამე და თუთიყუშია". ახლახან კი ის სპექტაკლში - "ბილოქსი ბლუზი" მაყურებლის წინაშე ინტელექტუალი და მგრძნობიარე ჯარისკაცის, ეპშტეინის როლით წარდგა.
- 17 წლიდან თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. ცხოვრებასა და პროფესიაში პოეზიის სიყვარული ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, ნებისმიერი პიესა და სპექტაკლი ყოველთვის ჰგავს რომელიმე კარგი პოეტის ერთ კონკრეტულ ლექსს და ისინი პატარა ჩანახატებია. სწორედ ასეთ პარალელებს ვეძებ მუშაობისას. დღეს მეც ვწერ ლექსებს. გიჟი ხარო, - მეუბნებიან, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე კარგი "გამოსავალია", როცა პრობლემას ვაწყდები, რამე მიხარია, იმედგაცრუებული ვრჩები და ა.შ. საკუთარ თავზე ლაპარაკის მერიდება. კარგად ვხვდები, არავისგან გამორჩეული არ ვარ, ამიტომ, როცა სცენაზე ტაშს მიკრავენ და ჩემი ლექსები მოსწონთ, მიკვირს.
- დიდი ხანია, ლექსებს წერ?
- კი, მოზარდში რომ მიმიღეს და "ფიფქია და შვიდ ჯუჯაში" ერთ-ერთი ჯუჯა უნდა მეთამაშა, დიმა ხვთისიაშვილს ვთხოვე, ჩემს პერსონაჟს ყველაფერი ლექსად ეთქვა ანუ მინდოდა, პოეტი ჯუჯა ვყოფილიყავი. დამეთანხმა. მერე საახალწლო შოუების დროს მოხდა იგივე, შემდეგ - "ღამე და თუთიყუშის" დადგმისას, კვლავ ჩემი ლექსები გამოვიყენეთ. რაღაც პერიოდის მერე "აღმოჩენა" გავაკეთე. ზოგჯერ ემოციებს ვერ ერევი, ასეთ დროს ლექსის წერა გენიალური გზაა. მეშინოდა, მაგრამ მაინც დავდე "ფეისბუკზე". ერთი-ორი დღე არ შევსულვარ და როცა ჩემი გვერდი გავხსენი, ბევრი მოწონება და დადებითი კომენტარი დამხვდა. ნელ-ნელა გავთამამდი. რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუკზე" მკითხეს, - რამდენი ლექსი გაქვსო? არ ვიცი, რადგან არ ვითვლი.
- გასულ წელს საკმაოდ ემოციური ფაქტი მოხდა მოზარდის სცენაზე. წლების უნახავი დედა, სპექტაკლის ბოლოს გამოჩნდა დარბაზში. მოდი, ამ სიურპრიზზე მოგვიყევი...
- მორიგ სპექტაკლს ვთამაშობდი, როცა მოულოდნელად დარბაზში ლალი გამოჩნდა. თუმცა, მანამდე რა მოხდა, იმასაც გეტყვით: ბავშვობის მეგობარი, კოკი მდივანი დავკარგე. ის მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან და მომხდარის გამო ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. ლალის ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ალბათ, მაშინ მიიღო, როცა თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობდი. ძმაკაცის გარდაცვალებიდან ცოტა დრო რომ გავიდა, შედარებით დავმშვიდდი, მომხდართან შეგუება დავიწყე და ცხოვრება ტკივილთან ერთად გავაგრძელე, დედამ სწორედ მაშინ დაგეგმა ჩამოსვლა, რაც ალბათ, სწორიც იყო, რადგან იმ მძიმე დღეებში შეიძლება, ჩვენ შორის დიალოგიც კი ვერ შემდგარიყო. ლალი მსახიობია, წლების განმავლობაში ჟურნალისტადაც მუშაობდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი დაბრუნება პომპეზური უნდა ყოფილიყო. როგორც გმირი და გამარჯვებული დედა, ისე მოსულიყო ჩემთან და ასეც გააკეთა (იღიმის). იმ დღეს, თეატრში რომ მივედი, ყველა მიღიმოდა. ცოტა ხანში ნინო ლორთქიფანიძემ მითხრა: გიგაზე სიუჟეტს აკეთებენ, თეატრში ბევრი კამერა იქნება, ერთ-ორ სიტყვას შენც გკითხავენ და არ გაგიკვირდესო. მართლაც, მოვიდნენ, რაღაც კითხვები დამისვეს, მათ შორის: გჯერათ თუ არა, რომ ოცნებები ხდებაო? - კი-მეთქი, - ვუპასუხე. რა თქმა უნდა, მაშინაც ვერაფერს მივხვდი. სპექტაკლს "მე ვხედავ მზეს" ბევრი მაყურებელი ჰყავს და იმ დღეს კიდევ უფრო მეტი მოვიდა, ალბათ იცოდნენ, რა იგეგმებოდა. ბოლოს, სცენაზე ბატონი დიმა შემოვიდა და მაყურებლის წინაშე ერთგვარად წარმადგინა. ძალიან შემრცხვა. ასეთ დროს სულ უხერხულობის განცდა მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. იმ პერიოდში სულ ვწუწუნებდი, რომ კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. ვიფიქრე, ალბათ ახლა ბატონი დიმა იტყვის, რომ ვიღაცამ მთავარ როლზე დამამტკიცა-მეთქი და ამ დროს, სულ სხვა სიტყვები წარმოთქვა: ოცნება აგიხდა, დედაშენი აქააო. ლოჟაში კამერები აინთო და ლალი, სცენისკენ კიბეზე თაიგულით ხელში დაეშვა. მუხლები ამიკანკალდა და ძალა წამერთვა, გავითიშე. ვერ ვიგებდი, რა რეალობაში ვიყავი. 2 დღე დამჭირდა აღსაქმელად. ლალის ხელით ვეხებოდი: "დე, შენ ხარ?!" დედა ორი კვირით იყო ჩამოსული და ისევ გაემგზავრა. თეატრში ჩვენი შეხვედრის სცენამ ბევრი აატირა.
მეკითხებოდნენ, როგორ გაუძელიო? მაგრამ მე დედაჩემის უფრო მიკვირს, - 3 საათი ლოჟიდან უყურებდა შვილს და ტიროდა. თან, ბოლომდე ვერ გამოხატავდა თავის ემოციას, რადგან ირგვლივ კამერები იყო. დიდი მადლობა თეატრს, რომ დედას ჩამოსვლის საიდუმლო შეუნახა. იხილეთ სრულად ინტერვიუ