"დედამთილი სულ ეჩხუბებოდა, ცოტა ხნის წინათაც ვნახეთ თვალებდალურჯებული, დედამთილს უცემია" 18 ოქტომბერს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ჯერაც დასადგენია. შილდელები სამართალდამცველების დროულ რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ, დარწმუნებული არიან, რომ ახალგაზრდა ქალი მოკლეს, შემდეგ კი დამნაშავემ მისი თვითმკვლელობა გაითამაშა. მომხდარის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
მეზობლების თქმით, პირველი, ვინც პოლიციამ დასაკითხად დაიბარა, გარდაცვლილის მაზლი, გურამ (გია) გურასპიშვილი იყო. ის იმავე დღეს პოლიციის "პიკაპში" დაჰკითხეს. როგორც გაირკვა, პირველად რძლის ცხედარი სწორედ მან ნახა.
ციალა გურასპიშვილი, გარდაცვლილის დედამთილი: "ჩემი რძალი სულ ამბობდა, თავს მოვიკლავ, მამაჩემთან უნდა წავიდეო. მე ვეუბნებოდი, შენს სახლში წადი და იქ მოიკალი-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს საშინელება აქ ჩაიდინა, ჩემს სახლში".
სამართალდამცავებმა დაკრძალვამდე არაერთხელ დაიბარეს ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი დასაკითხად, რამაც სოფელი დააეჭვა, ითქვა, რომ მის დაკავებას აპირებდნენ. ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ სანამ ცხედარს გამოასვენებდნენ, გია სახლიდან გაიპარა და ბაღჩაში თავის მოკვლა სცადა.
გარდაცვლილის მეუღლეს რამინ გურასპიშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი ვარაუდით, მისი ცოლი გააუპატიურეს და აწამეს, მეტიც, მან ტელეკომენტარებში თავისი ძმა დაადანაშაულა და ფიქრობს, რომ მას რამდენიმე თანამზრახველიც ჰყავდა. თუმცა, მოგვიანებით შეხედულება შეიცვალა და ამბობს, რომ პოლიციის ზეწოლით მიიტანა ძმაზე ეჭვი. განაგრძეთ კითხვა