ბავშვებსაც თვითონ გვივლიდა, იატაკებსაც ხეხავდა და ფანჯრებსაც წმენდდა, ფეხითაც დადიოდა... "მეც და ელდარმაც ჩვენი ცხოვრება ისე ავაწყვეთ, რომ ერთმანეთს არაფერს ვუზიარებთ, მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ, რომ მთელი ჩემი შემოქმედება იქეთაა მიმართული, დანაკლისი დღეები რომ გავუმართლო დედაჩემს და მამაჩემს! ორივე ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან"... - ამბობს ცნობილი რეჟისორი – გიორგი შენგელია, რომელმაც გვიამბო თუ როგორი დედა იყო ქართული კინოს მშვენება – ნატო ვაჩნაძე...
- დედაჩემი – ნატო ანდრონიკაშვილი ვაჩნაძისა თავადის ქალი გახლდათ, მოგეხსენებათ, დიდგვაროვანი ოჯახიდან... თუმცა ლევ ტოლსტოი ამბობდა რომ ადამიანმა ყველა სამუშაო თვითონ უნდა შეასრულოსო და სირცხვილია, ადამიანმა სხვისი შეკერილი ჩაიცვაო. ბოლოს, მაგალითად, ლევ ტოლსტოიმ ფეხსაცმელების კერვა დაიწყო... ეს ყველაფერი ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ ის აზროვნება, რაც სტალინმა, ლენინმა და ყველა მაგათმა შექმნეს, ბიოლოგიურად არასრულფასოვანი ხალხის აზროვნებაა. ამ უტოპისტებზე ალბათ ცალკე უნდა დაიწეროს...
რაც შეეხება დედაჩემს, იგი თვითონ ასრულებდა ყველა სამუშაოს და თავის თავსაც თვითონ უვლიდა. არავითარი პარიკმახერი და მსგავსი რამ მისთვის არ არსებობდა. ბავშვებსაც თვითონ გვივლიდა, იატაკებსაც ხეხავდა და ფანჯრებსაც წმენდდა, ფეხითაც დადიოდა... ეს არის სწორედ უდიდესი არისტოკრატიზმი. სხვათა შორის, ბავშვობიდან რაც მახსოვს, ვინც დადიოდნენ ჩვენთან ნათესავები ანდრონიკაშვილების მხრიდან, ყველა ასეთი უბრალოები იყვნენ!
- ისინი არ იყვნენ კინოს ვარსკვლავები...
- ამას არ აქვს მნიშვნელობა! დედაჩემი ძალიან უშუალო იყო და ეს ეკრანზეც კარგად ჩანს! ადამიანი რომ ეკრანზე ხედავს მსახიობს, სწორედ ის ხდება მისთვის სიმპათიური, რომელიც უშუალოა... ვერავის ვერაფერს მოატყუებ! ამიტომ უყვარდა ხალხს! როდესაც ფილმის - "სიყვარული ვენახში" გადაღება მქონდა კახეთში, იქვე ქალები ვაზს ფურჩქნიდნენ, რომლებმაც სადილზე მიგვიწვიეს... წამოღებული ჰქონდათ ღვინო, ლობიო, მწნილი და ასე შემდეგ... მათ არ იცოდნენ, ვინ ვიყავი, საუბარი რომ დავიწყეთ. ვკითხე, კინო თუ გიყვართ-მეთქი და კი, ადრე დავდიოდით, მაგრამ ახლა დავბერდითო... საყვარელი მსახიობების ჩამოთვლა რომ ვთხოვე, ერთმა ქალბატონმა დაუფიქრებლად თქვა და სხვებმაც თავი დაუქნიეს – ნატო ვაჩნაძე, სპარტაკ ბაღაშვილი და კოხტა ყარალაშვილი... სამივე ძალიან ალალი იყვნენ და რასაც თამაშობდნენ დადებით გმირებს, ზუსტად ისეთივე იყვნენ ცხოვრებაშიც...
- შვილების მიმართ მკაცრი დედა იყო თუ მეგობრული?
- ეს კითხვა ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის! დღემდე მე თუ კი რამ ავადმყოფობები მჭირს, ეს იმიტომ, რომ დედა 15 წლისამ დავკარგე... აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, თუ როგორი დედა იყო ის, როგორ ზრუნავდა ჩვენზე და გვეფერებოდა. მე თან ყველაზე უმცროსი ვიყავი... მეც და ელდარმაც ჩვენი ცხოვრება ისე ავაწყვეთ, რომ ერთმანეთს არაფერს ვუზიარებთ, მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ, რომ მთელი ჩემი შემოქმედება იქეთაა მიმართული, დანაკლისი დღეები რომ გავუმართლო დედაჩემს და მამაჩემს! ორივე ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან. 4 წლის ვიყავი, მამაჩემი რომ დაიღუპა. მხოლოდ ის მახსოვს, ლოგინში რომ ჩამიგორებდა ხოლმე... ორივე ძალიან კარგი პიროვნება რომ იყვნენ, იმიტომაც უხაროდათ ხალხს იმ კინოს ნახვა, სადაც ჩანდნენ! ხალხისთვის ცხოვრობდნენ!
სხვათა შორის, ასეთი დამთხვევები ბევრია! ამერიკელებს შესანიშნავი მსახიობები ჰყავდათ, რომლებიც უბრალოებით გამოირჩეოდნენ. ძალიან კარგი ხალხი იყვნენ თავიანთი ბუნებით! ჩვენთან მახინჯმა სისტემამ ბევრი რამ შეცვალა, ახლა კიდევ მომესმა ოქტომბრის რევოლუცია უნდა ვიდღესასწაულოთო და რომ ვუყურებ რუსულ გადაცემებს, ეგ ჩ..ები ყველგან მარცხდებიან! ეს სიტყვა აუცილებლად დაწერეთ, არაფერი შეარბილოთ!
მანანა გაბრიჭიძე