ლექციები აღზრდის თემებზე და ბავშვის ხარისხიანი ტანსაცმელი 2-3 ლარად! ქართველ მშობლებში ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება ეკოლოგიური საკითხები, ჯანსაღი კვება, სწორი აღზრდა, ბავშვთან ერთად თავისუფალი დროის სწორად გატარება და სულ უფრო მეტ დედას უჩნდება სურვილი, ამის შესახებ სხვა დედებსაც გაესაუბროს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია, გააზიაროს და მიიღოს გამოცდილება. გვეამაყება, რომ ამ საკითხების გააქტუალურებაში უდიდესი წვლილი მიგვიძღვის და ასევე გვიხარია, რომ არიან დედები, რომლებიც თავად უძღვნიან ამ თემებს ძალიან დიდ დროსა და ენერგიას და ცდილობენ ბევრი დედა ჩართონ ერთგვარ ”კომუნაში”, რომელიც სწორედ მშობლების განათლების, უნარ-ჩვევების ამაღლებას, ევროპული სასარგებლო გამოცდილების დანერგვას, ბავშვთან ერთად აქტიური და რაც მთავარია, ჯანსაღი და სასარგებლო დასვენების დაგეგმვას გულისხმობს. საიტი mshoblebi.ge მათ გვერდით უდგას ამგვარ წამოწყებებში.
ცოტა ხნის წინ ორი ასეთი აქტიური დედის - მაია შერვაშიძის და იანა კოვალოვას ინიციატივით ლისის ტბაზე გაიმართა ღონისძიება პირობითი სახელწოდებით "მეტი დრო შვილებთან ერთად" (იხილეთ მეტი ამ ღონისძიების შესახებ), ორიოდე დღის წინ კი მათივე ინიციატივით "მზიურის" პარკში დაიგეგმა საინტერესო ივენთი - საბავშვო ბაზრობა და ლექცია მშობლებისთვის.
თემაზე გვესაუბრება ერთ-ერთი ორგანიზატორი მაია შერვაშიძე, ბევრისთვის ცნობილი გვერდის "მოდი ვითამაშოთ" ავტორი და შემქმნელი:
- საქართველოში პირველად გაიმართა ეს საბავშვო ბაზრობა/baby bazaar. იდეა @ecobaby georgia-ს დამფუძნებელს, იანა კოვალოვას ეკუთვნის. ერთხელ მითხრა, რომ ჩეხეთში ხშირად ტარდება მსგავსი ბაზრობები და გაუხარდებოდა, თბილისშიც ყოფილიყო. მეც ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარე - გერმანიაშიც ხშირად ტარდება მსგავსი ბაზრობა და ჩვენც სიამოვნებით ვსტუმრობთ ხოლმე, ვიძენთ კარგ საბავშვო ნივთებს შეღავათიან ფასებში, ვიკრიბებით მეგობრები, ხალისიანად ვატარებთ დროს. ასეთ ბაზრობებზე გამოაქვთ ხარისხიანი, მეორადი (ძალიან ხშირად, სულ ახალი) ნივთები, ტანსაცმელი, სათამაშოები, საბავშვო წიგნები და სხვა ნივთები და ძალიან იაფად იყიდება ხოლმე. გერმანიაში ის საკმაოდ საჭირო და სახალისო ღონისძიებად ითვლება. ჰოდა, გადავწყვიტეთ საქართველოში, თბილისში მცხოვრები მშობლებისთვისაც მოგვეწყო საბავშვო ბაზრობა. თავიდან ცოტათი ვშიშობდით, რომ ქართული საზოგადოებისთვის შესაძლოა უხერხული ყოფილიყო მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი აქტივობა მოჰყვა ივენთის ფეისბუქზე გაზიარების შემდეგ.საოცარი მუხტი და მხარდაჭერა წამოვიდა მშობლებისგან, გვწერდნენ პირადში, რომ იდეა ძალიან მოსწონთ და მონაწილეობის მიღება სურთ. ჩვენს ბაზრობას საქველმოქმედო ხასიათიც შევძინეთ - გაყიდული ნივთების 20% პროცენტს მშობლები გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ტოვებდნენ ან მოტანილ ნივთებს მთლიანად შესაწირად გვიტოვებდნენ. დავუკავშირდით ასოციაცია "დრონს", რომელსაც ქართული საზოგადოება უკვე ძალიან კარგად იცნობს. ისინი ამ ეტაპზე ცოტნიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეხმარებია, ჩვენი ღონისძიებიდან შემოსული თანხა და ტანსაცმელიც სწორედ მათ გადაეცემათ.
იდეის მსგავს ატაცებას არც ველოდით, ჩვენც, ჩვენი სტუმრებიც და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერ დაესწრო ან გვიან შეიტყო ბაზრობის შესახებ, იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალშიც მოვაწყობთ საბავშვო ბაზრობას და ჩვენ მათ ეს შევპირდით. უფრო მასშტაბური ბაზრობის გამართვას ვგეგმავთ, სადაც მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, დეიდებს ყველას ექნებათ საშუალება შეიძინონ კარგი ნივთები კარგ ფასად და ამავდროულად ხალისიანად გაატარონ დრო.
ბავშვებიც აქტიურად ჩაერთნენ ყიდვა-გაყიდვის პროცესში და სახლში წასვლა აღარ უნდოდათ. მათთვის კრეატიული გასართობებიც გვქონდა წარმოდგენილი, მაგალითად, ფერად-ფერადად შეღებილი მაკარონებისგან სამკაულების აწყობა. მათი გახარებული და კმაყოფილი სახეების ყურება ჩვენი ჯილდოა. ასე რომ, დაგველოდეთ, მორიგ baby bazaar-ს უკვე ვგეგმავთ.
ბაზრობასთან ერთად ჩვენი კიდევ ერთი, უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრა გავმართეთ, მშობლებისა და შვილების შეხვედრა. შეგახსენებთ, წინა შეხვედრა ლისის ტბაზე პიკნიკის სახით მოვაწყეთ, ამჯერად "ახალი მზიურის" კაფეში შევიკრიბეთ. მოწვეული გვყავდა მონტესორის ბაღის პედაგოგი, ქალბატონი ელენა დამერი, რომელმაც ამჯერად სრულიად უფასოდ ჩაგვიტარა საოცრად საინტერესო და ინფორმატიული სემინარი, ბავშვის განვითარების ეტაპებზე, სათამაშოს სწორად შერჩევაზე და სხვა.
მსგავსი შეხვედრებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს სტუმრებსაც და უამრავ სხვა მშობელს, რომლებიც გამუდმებით აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას ჩვენი ფეისბუქის გვერდებზე. ასეთი დიდი ინტერესი რომ არ ყოფილიყო, ჩვენც ალბათ აღარ მოვინდომებდით ამ ოჯახური შეხვედრების მოწყობას, ამდენი დროის, ენერგიის და სხვათა შორის, საკუთარი თანხების დახარჯვასაც.
ეს არის შეხვედრები, სადაც ბავშვები თამშობენ ჩვენს მიერ მომზადებული კრეატიული და სააზროვნო თამაშებით, სათამაშოებით, ურთიერთობენ და ვითარდებიან. მშობლებს აქვთ დრო და მომენტი, შეხვდნენ სხვა დედებს, ისაუბრონ, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, წამოჭრან მშობლებისთვის საჭირბოროტო საკითხები და ეძიონ გამოსავალი ერთობლივად, მიიღონ ინფორმაცია ბავშვის ჯანსაღ კვებაზე, სწორ განვითარებაზე და უბრალოდ გაატარონ დრო შვილებთან ერთად სასიამოვნო და მყუდრო გარემოში.