რა უნდათ მშობლებს ყველაზე მეტად? ჩვენი მკითხველები იცნობენ მაია შერვაშიძეს, ერთ ძალიან აქტიურ, პოზიტიურ და მხიარულ დედიკოს, რომელიც არა მარტო თავის ორ შვილს უხალისებს და უბედნიერებს ბავშვობას, არამედ სხვა მშობლებსაც ასწავლის ამას (იხილეთ მისი ინტერვიუ და გაიცანით კიდევ უფრო უკეთ). მაიას აქვს გვერდი მოდი ვითამაშოთ, სადაც ხშირად დებს პოსტებს, თუ როგორ შეიძლება გავართოთ ბავშვი, მოვიფიქროთ თამაშები მასთან ერთად და ვასწავლოთ ბევრი კარგი რამ.
ამჯერად მაიკომ და მისმა თანამოაზრეებმა, რომლებსაც მოგვიანებით უფრო ახლოს გავიცნობთ, ძალიან საინტერესო აქცია-პიკნიკი დაგეგმეს, სადაც mshoblebi.ge მიიწვიეს და ყველამ ერთად ვეცადეთ გაგვეგო, რა უნდათ ყველაზე მეტად მშობლებს... მაია თავად გვიამბობს ამ დღეზე, რომელიც საოცრად მხიარულად გაატარეს ერთად მშობლებმა და ბავშვებმა და მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია:
- მეტი დრო შვილებთან ერთად! - ეს ის მთავარი ფრაზაა, რომელიც ლისის ტბაზე ჩვენს მიერ ჩატარებული პიკნიკის სტუმრებს გვაერთიანებს. თუმცა ამ ფრაზის მიღმა კიდევ ბევრი რამეა, რაზეც ყურადღების გამახვილება გვსურს ამ ღონისძიების ორგანიზატორებს.
პიკნიკის მიზანი იყო შეგვექმნა ბავშვებისთვის და მშობბლებისთვის სასიამოვნო გარემო, შეძლებისდაგვარად სუფთა გარემოში. სადაც ბავშვებს ექნებოდათ საშუალება ეთამაშათ კრეატიული და განსავითარებელი თამაშები, ჩართულიყვნენ ფიზიკურ აქტივობებში. ხოლო მშობლებს განტვირთვასთან ერთად ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების საშუალება ჰქონოდათ მყუდრო გარემოში.
გაგეცნობით: ჩვენ ვართ 2 დედა, მაიკო და იანა. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე წლის წინ წამოვიწყეთ სოციალურ ქსელში აქტიურობა (გვიპოვეთ ფეისბუქზე «Ecobaby Georgia“ და «მოდი თამაშოთ»), სადაც ჩვენს გამოცდილებას, ინფორმაციას უსაფრთხო სათამაშოებზე, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში თავად ვუმზადებთ ჩვენს შვილებს, ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზე, და კიდევ ძალიან ბევრ მშობლებისთვის საინტერესო თემაზე ვწერთ. ჩვენც ჩვეულებრივი დედები გახლავართ და ჩვენს მეგობრებს, აუდიტორიას ვუზიარებთ გამოცდილებას, მათთან და ჩვენს შვილებთან ერთად ვიზრდებით, სულ ინფორმაციის ძიებაში ვართ, რადგან გვჯერა ინფორმაციაა ძალაა, ცოდნა ძალაა, რომლითაც ჩვენს შვილებს უკეთეს და უსაფრთხო მომავალს შევუქმნით.
საბედნიეროდ და ჩვენდა სასიხარულოდ, ათასობით დედა დაგვიმეგობრდა, გვაძლევენ მეტ სტიმულს და ძალას ვიყოთ აქტიურები, ვიმოქმედოთ და იქნებ შევცვალოთ კიდეც საქართველოში არსებული მდგომარეობა - მშობლისა და შვილის ინტერესებიდან გამომდინარე. პიკნიკზე, რომელიც სრულიად ჩვენი ორგანიზებული იყო, თავად წამოვიღეთ სახლებიდან და ჩვენით გავაკეთეთ დეკორაცია და ყველაფერი, რაც პიკნიკზე იყო... მოსულმა მშობლებმაც ყველამ თავისი წილი ჯანსაღი სასუსნავი წამოიღეს.
დავპატიჟეთ ყველა მსურველი, აქტიური დედიკოები, რომლებიც სხვადასხვა საბავშვო სფეროში მოღვაწეობენ, ერთს პრესქული აქვს, მეორე არაჩვეულებრივი ფოტოგრაფია - 3 შვილის დედა მარიამ ღვედაშვილი. ლამაზი პიკნიკის ფოტოები სწორედ მან გვისახსოვრა იქ მოსულ სტუმრებს.
უმნიშვნელოვანესი იყო mshoblebi.ge-ს რედაქტორების თანადგომა და მადლობა თქვენ, რომ ყოველთვის მზად ხართ, მშობლებისა და შვილებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმეები აკეთოთ...
უამრავი რამ გვაწუხებს მშობლებს. ჩვენ ჩვენი თავის და საზოგადოების იმედიღა გვაქვს, ვატყობთ, რომ ნაკლებად არსებობს ქვეყანაში დაინტერესებული ძალა, მოქმედი ძალა, რომელიც მშობლების და შვილების განვითარებისა და ჩვენი შვილების უსაფრთხოდ, სწორად გაზრდით, თაობების ჯანსაღად და სწორად გამოზრდით იყოს დაინტერესებული. ერთ სტატიაში რთულია ყველა არსებული პრობლემის და მშობლების სურვილების გამოხატვა. ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე ეს იგრძნობა და იკითხება, თუ რა უნდა მშობელს საქართველოში!!! უნდა გარემო თავისი შვილის უსაფრთხოდ და ჯანმრთელად, ბედნიერად გაზრდისა და განვითარებისთვის. და მეტი დრო იმისთვის, რომ იყოს შვილთან... გვინდა მივაწვდინოთ ყველას ხმა და ვეცადოთ რაიმეს გაუმჯობესებას, შეცვლას, თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის.
ჩვენ საქართველოს საზღვრებს გარეთ ვცხოვრობდით ბევრი წელი, იანა ჩვენი ჩეხი რძალია. ქართველი მეუღლის სიყვარულმა იგი საქართველოში წამოიყვანა, ცხოვრობს თბილისში და გამუდმებით უწევს შედარებების გაკეთება, თუ რა აკლიათ მშობლებს და შვილებს საქართველოში, რა პრობლემების წინაშე ვართ, რა გვჭირდება უკეთესი გარემოსთვის. მე შვილებით და მეუღლით გერმანიაში ვცხოვრობდი 10 წელიწადზე მეტია, შვილი სკოლაში შეყვანა საქართველოში გადავწყვიტე, მეც აქ ვცხოვრობ და ასევე გამუდმებით ვაწყდები პრობლემებს და დიკომფორტს, კონკრეტულად - მშობლების და შვილების გადმოსახედიდან.
იქნებ რაიმეს შეცვლა შევძლოთ, შემოგვიერთდით, იყავით ინფორმირებულები და აქტიურები. როგორც შეგვიძლია, რამდენადაც შეგვიძლია ვეცდებით გვქონდეს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ჩვენი და თქვენი შვილებისთვის.