"საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველისა და ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ არმენის "ვიტესის" ქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას მეუღლეს, თამთა გიგაშვილს ჰოლანდიაში, ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.
თამთა მისი და გურამის სიყვარულის ამბავზე გულახდილად გვესაუბრა.
- ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ.
- შეყვარებულები რამდენ ხანს იყავით? როგორ გამოუტყდით ერთმანეთს სიყვარულში?
- ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც... შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა.
- შეყვარებულობის პერიოდში რით განებივრებდათ?
- შეყვარებულობის დროს ფაქტობრივად, სულ ერთად ვიყავით, მთელ დღეს ერთად ვატარებდით... როცა კაშოს ვარჯიში უმთავრდებოდა, იმ დროს ლექციებიდან მეც გამოვდიოდი და ერთმანეთს ვხვდებოდით. ასე ხდებოდა ყოველდღიურად... გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, კაშოს ზაფხულის გატარება ხშირად თბილისში უწევდა. მეც, დასასვენებლად წასული, მის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებდი და რამდენიმე დღეში დედაქალაქში ვბრუნდებოდი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სიამოვნებდა და უხაროდა. მე და კაშო ერთმანეთს ხშირად ვანებივრებდით სიურპრიზებით და დღემდე ასე ვართ.
- ქორწილი თუ გქონდათ?
- დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ... თეთრი კაბის ჩაცმასა და ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ალბათ ამიტომაც, საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ერთი შვილი გვყავს - ალექსანდრა ახლახან გახდა 2 წლის.
- გურამი როგორი მეუღლეა? რომანტიკული ადამიანია?
- საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული "ნატურა" არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ, ილუზიებით არ ვცხოვრობთ. ხასიათებითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახში სრული იდილიაა. განაგრძეთ კითხვა