"რა ვქნა, მიყვარს ცეკვა და კარგადაც გამომდის!"-ო მაუწყა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად და ხანგრძლივი დროით სარგებლობთ, თვალში მოგხვდებათ მგზავრები, რომლებსაც ხან არეულობა, ხან დისკომფორტი ხანაც კონფლიქტი შეაქვთ მოცემულ სიტუაციაში. როგორც წესი, აბეზარ მგზავრს არავინ იმჩნევს და ცდილობენ ურეაქციოდ მოიცილონ თავიდან. აქ მოყვანილი შემთხვევა კი განსხვავებულია. ის ქარტველმა ემიგრანტმა ქალბატონმა გააზიარა სოციალურ ჯგუფში და ბევრი დაარწმუნა, რომ ზოგჯერ ყველაზე უხერხული და უსიამოვნო სიმართლის პირში თქმა ადამიანზე ძალიან სასიკეთოდ მოქმედებს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მოქმედება თბილისში ხდება:
"გუშინ ავტუბუსში ავედი და ჩემ ადგილზე მოკალათდი, ერთი ბოლო გაჩერებიდან, მეორე ბოლო გაჩერებამდე ერთი საათი კითხვით მინდოდა დროის მოკვლა და წიგნი გადავშალე. პირველივე გაჩერებაზე ქალი ამოვიდა. ვიცანი. სადღაც ორი თვის წინაც ამოვიდა და რისხვით დამატყდა თავს - ადგილს რატომ არ მითმობო. ურეაქციოდ მოვიგერიე შეტევა. რა ვქნა, ვერ ვიტან სინაგლეს და ამ ქალბატონს ჩემგან ადგილის დათმობა ნამდვილად არ ეკუთვნოდა. ჩემთვის კი გავიფიქრე: " ალბათ შემდეგისთვის, მოგზაურობისას პასპორტი გულზე უნდა მეკიდოს, ან ასაკი შუბლზე უნდა დავიწერო!"- ამ აზრმა გამახალისა. იმ ქალისთვის კი ადგილი არავის დაუთმია, თუმცა ჩასვლამდის თითქმის ყველას გადაუარა მორალის სწავლებით და სინდისის-ნამუსზე შეგდებით. ვერავინ ვერ ააგდო სკამიდან. მძღოლმაც ვერ დააშოშმინა და მივხვდი, რომ კარგად იცნობდნებ ამ ქალბატონს. წყევლა-კურთხებით მალევე ჩავიდა.
ეხლა კი ჩემს გვერდით მოკალათდა, გაუმართლა, პირის დაღებაც ვერ მოასწრო, რომ ადგილი დაუთმეს. არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ მე წიგნში მქონდა ჩარგული თავი, დაიწყო და აღარ გაჩერდა. სულ რამოდენიმე გაჩერებაში ვეზიარე მთელ მის ბიოგრაფიას: რომ მრავალშვილიანი დედა და ბებიაა, რომ ცალკე ცხოვრობს ბინაში საკუთარი სურვილით და ძალიან კმაყოფილია ამით; რომ შვილებს განუცხადა, ჩემთვის მინდა მარტო ვიყო, თქვენი შვილების მოსამსახურეობა არ მინდაო; რომ ძალიან უყვარს ცეკვა და შვილები და შვილიშვილები ვერ აჩერებენ ქორწილში შალახოს რომ უბერავს ხოლმე.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
არ გეგონოთ მხოლოდ თხრობას დასჯერდა, მსმენელის სრული ყურადღება მუჯლუგუნებით მოითხოვა და ჩემმა წიგნმა მალევე ისევ ჩანთაში ჩაყვინთა. ჩემგან თავის ქნევასაც აღარ დაჯერდა, ხმოვანი პასუხები, დასტურები და ქება დიდება მოითხოვა. არ დამიმადლებია.
"რა ვქნა, მიყვარს ცეკვა და კარგადაც გამომდის!"-ო მაუწყა. არ ვიცი რა ბუზმა მიკბინა და რადგან ასე უნდოდა არა მარტო მსმენელი, მოსაუბრეც, ვუპასუხე: "თქვენ ჩხუბიც ძალიან კარგად გამოგდით, იმის მიუხედავად, რომ მიზანს ვერ აღწევთ!" - მეთქი.
აი მაშინ კი თავისი დიდებული პერსონიდან ყურადღება ჩემზე გადმოიტანა, გაფართოვებული თვალებით შემომხედა და მკითხა: "მიცნობთ?" - თქვენი ერთხელ ნახვაც საკმარისია თქვენს გასაცნობად - ვუპასუხე ღიმილით. რა გასაკვირია, რომ განმარტება მოითხოვა და მეც ასევე ღიმილით გავახსენე წინა შეხვედრა, თუმცა, როცა რამე ცხოვრების წესად გაქვს ქცეული, როგორ გაიხსენებ ერთ რომელიმე შემთხვევას.
"თქვენ ალბათ ეხლაც საცეკვაოდ მიდიხართ მთელი დღე სახლში დასვენებული, ან უკვე გადაღლილიც ხართ ცეკვით... და რას ერჩით მგზავრებს, თუნდაც ახალგაზრდებს, ან სამსახურიდან გადაქანცულები რომ ბრუნდებიან, ან იქნებ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და ფეხზე დგომა მართლა უჭირთ. მგზავრები ალბათ გრძნობენ, რომ ასაკის მიუხედავად, ჯან-ღონით სავსე ქალი ხართ, თორემ უსუსური იმ ალიაქოთს ვერ ატეხს, რაც თქვენ შეგიძლიათ!
საპასუხო შეტევის მოლოდინში კუთხეში მივიყუჟე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ჩაფიქრდა, სახეზე სინანული გამოესახა და დამნაშავის ტონით მომიხადა მადლობა, რითიც, სიმართლე გითხრათ, გამაოცა... მერე გამიღიმა და როგორც მივუხვდი, სრული გულწრფელობით და შეუნიღბავი მადლიერებთ მითხრა: "გეტყობათ, ძალიან გულღია ადამიანი ხართ ეს რომ მითხარით. როგორ მცხვენია!" - ჩასვლისას კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა.
ერთ ადამიანში რამდენი რამ შეიძლება იმალებოდეს. სიმპატიით განვეწყვე იმ ქალის მიმართ, რომელმაც თავი ძალიან ცუდად დამამახსოვრა პირველი შეხვედრისას...
და ყოველთვის რომ არ ხდება მეორე შეხვედრა?!.."
ლეილა ინაშვილი