ამ უგემრიელეს ხილს სამკურნალო თვისებებიც აქვს ატმის შემადგენლობის 7-12% შაქარია, 0,08%-1,02% - მჟავები, 0,5-1,2% - პექტინოვანი ნივთიერება. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც. ატმის ზეთს (ოლეუმ პერსიცორუმ), რომელიც მისი თესლისგან მიიღება, მედიცინაში ნუშის ზეთის იაფ შემცვლელად იყენებენ. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ მიგდალინს, ეთერზეთებს, სტეროიდებს, სიტოსტერინს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა. თესლის ჭამა არ შეიძლება - შესაძლოა, მოგწამლოთ. თუ ადვილად ცივდებით, ბევრი ატამი უნდა მიირთვათ - დამტკიცებულია, რომ ეს ხილი იმუნურ სისტემას აძლიერებს, მაგრამ თუ კუჭი ან ჭარბი წონა გაწუხებთ, მაინცდამაინც ნუ მიეძალებით. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ უგემრიელეს ხილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. იგი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ იყენებენ ატმის ფოთლებს, ყვავილებს და თესლს. მაგალითად, ფოთლის ნატურალურ წვენს - 3-6 მლ-ს - იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს, ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობის მოსაშუშებლად ხმარობენ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.
ჭიების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად
3-7 გ ატმის გამხმარი თესლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
რევმატიზმის, თავის ტკივილისა და გასტროენტერიტის დროს
1 სუფრის კოვზი ხმელი, დაფშვნილი ატმის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი წყლის აბაზანაში, გადმოდგით ქურიდან და 2 საათის შემდეგ გაწურეთ ორფა დოლბანდში. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ატმის კომპოტი მდიდარია კალიუმით და უხდება გულს
საჭიროა: 1 კგ ატამი, 1,5 კგ შაქარი. მომზადების წესი: ატამი მოთუთქეთ (ორი-სამი წუთით ჩაყარეთ ქააფქაფა წყალში და ამოიღეთ), გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ჩაყარეთ ქვაბში შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩ/ჭ ცხელი წყალი და გაადნეთ. ჩაამატეთ ატამი და ადუღეთ.
ატმის მურაბა
საჭიროა: 1 კგ ატამი (დაჭრილი), 1 კგ შაქრის ფხვნილი, 1 ჩ/ჭ წყალი. მომზადების წესი: ატამი გაფცქვენით და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. დაასხით ცივი წყალი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ მოადუღეთ სიროფი, გააცივეთ და ჩაყარეთ მასში ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები. შედგით ცეცხლზე და ნახევარი საათი ადუღეთ. გადმოდგით და გააჩერეთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ისევ შედგით ცეცხლზე და ხარშეთ მომზადებამდე. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი.