როგორ თუშეთზე ოცნებობს გიორგი სეხნიანიძე
საქართველოს ულამაზესი კუთხე — თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. სხვა ქართველი მთიელების, მოხევეების, ფშაველების და ხევსურების მსგავსად, თუშებიც საუკუნეების განმავლობაში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით ცხოვრობენ. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან - ჩეჩნეთი, დასავლეთით - ხევსურეთი, სამხრეთით კი - კახეთი ესაზღვრება. სწორედ თუშეთის ულამაზეს სოფელში, შენაქოში აიდგა ფეხი მთის საამაყო შვილმა, გიორგი სეხნიაიძემ. ბებოს კალთას გამოკერებული პატარა გიორგი ხშირად დადიოდა მთის ფერდობებზე სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. სწორედ ბებო უყვებოდა ამ მცენარეებზე და მათ სასარგებლო თვისებებზე. დღეს გიორგი თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა არდადეგების დროს, ზაფხულის პერიოდში თუშეთის სახლს მეორე სიცოცხლე უბრუნდება, ჩარაზული კარები იღება, კერაში ცეცხლი ინთება, გიორგი მთაში ბრუნდება… წლების შემდეგ გიორგიმ ბებიისგან ნასწავლი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. იგი მთაში ხუთი სახეობის სამკურნალო ჩაის აწარმოებს.- ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს ერთ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქალაქ თელავში მაქვს გატარებული. იქ დავამთავრე სკოლა. დასვენების დღეებს და არდადეგებს ამავე რაიონში, სოფელ ლალისყურში ვატარებდი. სოფელში, რომელსაც ოთხივე კუთხით სალოცავები აქვს შემოვლებული. სოფლის უხუცესთა გადმოცემით სოფელში 13-14 ეკლესია იყო. დღესაც ბევრი მათგანი ისევაა შემორჩენილი. ალბათ სწორედ მათი მფარველობით მოვედით აქამდე. წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს ადგილი?
ჩემს ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თუშეთს. მოგეხსენებათ, თუშეთის გზა ჩაკეტილია ოქტომბრიდან მაისამდე, რის გამოც ვერ ხერხდება საავტომობილო მიმოსვლა. ზაფხულში კი, როცა გზა იხსნება, თუშეთისკენ მივემგზავრები. თუშეთი იყო, არის და იქნება ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ. მთა ის ადგილია, სადაც მართლა თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს, როცა საღამოს კოცონთან, მეგობრების გარემოცვაში დროს სასიამოვნოდ ვატარებ, ჟღერს თუშური ჰანგები და თუშეთის ულამაზესი ხედებით ვტკბებით.
კლასში რამდენიმე ძალიან ცელქი ბავშვი რომაა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ძალიან მოუსვენარი, ყველაფერი მაინტერესებდა. ხშირად დავყავდი ბებიას მთის ფერდობზე, სადაც სამკურნალო მცენარეებს აგროვებდა. მცენარეების ცნობა სწორედ ბებომ მასწავლა. დავყვებოდი მინდორში სხვადასხვა ბალახის შესაგროვებლად, რომლებსაც ის სამკურნალო დანიშნულების გარდა, მატყლის ნატურალური ბაწრის შესაღებად იყენებდა. ბავშვს მეტი რა უნდა, მეც დავდევდი, ხან ვეხმარებოდი და ხან ალბათ ხელსაც ვუშლიდი. ბებო ამ გაზაფხულზე გარდაიცვალა... როგორც ყველა თუში ქალი, ქსოვდა, თელავდა ხალიჩებს. ნამუშევრებში ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ბუნებრივ მასალებს და საღებავებს. მატყლის ძაფს როცა რთავდა, აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული საღებავებით ღებავდა, რომელიც ბუნებაში მოიპოვებოდა.
- როდის გადაწყვიტეთ, ბებიის ნასწავლი საქმე შემოსავლის წყაროდ გექცია?
- ორი წლის წინ, როცა საკუთარი საქმის წამოწყება მომინდა, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, თუ რა უნდა გამეკეთებინა. გამომდინარე იქიდან, რომ თუშეთის სოფელ შენაქოში კაფეტერიას ვამუშავებთ, გამიჩნდა სურვილი, სტუმრებს ნატურალური პროდუქციით გავმასპინძლებოდი. სურვილი გამიჩნდა, მათ შორის ყოფილიყო ჩაის ის სახეობებიც, რომელიც მათში დიდ მოწონებას იმსახურებს და მივხვდი, რამდენად დიდი შანსები ჰქონდა ამ ძვირფასეულობას. განაგრძეთ კითხვა