"მსახიობის ცოლობა ძალიან რთულია" მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ მშობლები და ბავშვობა გაიხსენა. გვიამბო, როგორ იზრდებოდნენ მისი თაობის ბავშვები და რა როლი შეასრულეს მშობლებმა მის კარიერასა და მომავლის შექმნაში.
- დღეს რომ მსახიობი ვარ, სულ მშობლების დამსახურებაა... დედა საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო და მეც თითქმის ბაღის კედლებში გავიზარდე. მეხუთე კლასში ვიყავი და ყოველდღე ისევ საბავშვო ბაღში დავდიოდი... ძალიან აქტიური ბავშვი გახლდით - ვმღეროდი, ვცეკვავდი, ლექსებს ვამბობდი, დედაჩემი გაკვეთილებს იქვე მამზადებინებდა და ასე ვიზრდებოდი. საბავშვო ბაღში ბევრი სათამაშო ჰქონდათ და ეს მომწონდა. ბავშვებს იმ დროს არ გვქონდა იმდენი სათამაშო, რამდენიც დღევანდელ ბავშვებს აქვთ.
- მამა თეატრში მუშაობდა, მაგრამ თეატრში მას არ დავყავდი. უფრო მეტად დედა დამატარებდა. მამა მაინც ეკონომისტი იყო, ბუღალტერი კაცი გახლდათ და მხოლოდ მაშინ მივყავდი, როდესაც პრემიერა იყო. დედისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ყოველთვის მზად იყო თეატრში წავეყვანე. არ გამოტოვებდა სპექტაკლს მარჯანიშვილის თუ რუსთაველის თეატრში, ასევე ოპერაში... მეშვიდე კლასიდან ვოცნებობდი, მსახიობი გავმხდარიყავი და ამ ოცნების ახდენით დედა ძალიან გავახარე. მას ძალიან უნდოდა, ამ პროფესიას გავყოლოდი...
- მშობლები ყოველთვის ღელავენ ბიჭი გარდატეხის ასაკში ქუჩას ზედმეტად არ მიენდოს... როგორ გაკონტროლებდათ დედა?
- მაშინ ნარკოტიკზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, სიგარეტის მოწევასაც ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ... ქუჩის გარეშე აბა როგორ იქნებოდა, ქუჩა დღესაც არსებობს ჩემში... იმ დროს კი ბეწვის ხიდზე გავდიოდით ჩემი თაობა... მითუმეტეს, ჩემს უბანს ბაზრის უბანი ერქვა და საოცარი სიჭრელე იყო. მთელი თბილისი მანდ იყრიდა თავს, მათ შორის სრულიად ინტელიგენცია... გალაკტიონ ტაბიძე მანდ ვნახე პირველად.
- გავიდა წლები და ოჯახი შექმენით...
- თეატრში გავიცანი ჩემი მეუღლე, როგორც მაყურებელი თავის მეგობართან ერთად. ლამაზი გოგო იყო და მომეწონა... მსახიობის ცოლობა ძალიან რთულია. სულ გასტროლები, არეული რეჟიმი. ჩემმა მეუღლემ ძალიან შემიწყო ხელი... ერთი შვილი გვყავს. ჩემი ქალიშვილი პიანისტია, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს. ადრე გერმანიაში იყო, ახლა თურქეთშია... მახსოვს რომ დაიბადა, იმ დღეს სპექტაკლი მქონდა. თან სპექტაკლის ნერვიულობის ქარ-ცეცხლი მქონდა, თან მეუღლის მშობიარობის... რასაკვირველია, შვილის შეძენა უდიდესი ბედნიერება იყო. სამშობიაროს ეზოში დავიწყეთ შამპანურის ბოთლების გახსნა და სახლში გავაგრძელეთ ქეიფი. რომ ამბობენ, გოგო და ბიჭიო, პირველი შვილი სულ ერთია, რა იქნება... მერე შეიძლება გინდოდეს შენს ბიჭს და ჰყავდეს, ან გოგოს ძმა...
ერთი შვილიშვილი მყავს – სანდრო ღაღანიძე-მიკუჩაძე... ცხონებულ ჯანსუღ ჩარკვიანს ჰკითხეს, შვილი ჯობია თუ შვილიშვილიო და ჯანსუღმა უპასუხა, – შვილიშვილი ჯობია, შვილის ოხტში ამოვაო... შვილიშვილი ჯობია იმიტომ, რომ პატარა ყოველთვის უფრო კარგი, გემრიელი და საყვარელია! შვილიშვილი იმეორებს შვილის პატარაობას და ამიტომ ძალიან გიყვარს! მე და ჩემი შვილიშვილი ძმაკაცები ვართ და ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ...
ახალგაზრდებს ვურჩევდი, კარგი ქართული ოჯახები შეექმნათ და შეენარჩუნებინოთ. ყოვლად შეიუძლებელია ღალატი! მსახიობები ყველას მექალთანეები ჰქონია, მაგრამ ასე არ არის! ედიშერ მაღალაშვილს და რამაზ ჩხიკვაძეს თითით საჩვენებელი ოჯახები ჰქონდათ, გიჟდებოდნენ თავიანთ მეუღლეებზე და ყველასთვის მაგალითის მიმცემი იყვნენ...
მანანა გაბრიჭიძე