ამერიკის კლინიკის ქართველი დირექტორის რჩევები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და მოსახლეობას "აუცილებელია ტესტირება მარტივად ხდებოდეს და ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს! დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება ადრე მოხდეს ამ დაავადების დიაგნოსტირება, პაციენტების მკურნალობაში ჩართვა და სულ კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რომ რაღაც არ გაიქცეს"... - ამერიკის კლინიკის ქართველი დირექტორი ზაზა ვარსიმაშვილი მნიშვნელოვან საკითხებზე ამერიკიდან გვესაუბრა.
- ამერიკაში დაახლოებით ათი წლის წინ ჩამოვედი... ქალაქ სკრენტონში ინფექციური დაავადებების კლინიკის დირექტორად ვმუშაობ. სკრენტონი გახლავთ პენსილვანიის შტატში, ნიუ-იორკთან და ფილადელფიასთან ახლოს... ყველაზე მეტი აქცენტი ჩვენს კლინიკაში შიდსის მკურნალობაზეა. დაახლოებით შვიდ საგრაფოს, პენსილვანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს ვემსახურებით...
ეს დაავადება არ იკურნება, მაგრამ სწორი მკურნალობით ვირუსის დონე ორგანიზმში შეუმჩნეველი ხდება. ადამიანი ჩვეულებრივად ცხოვრობს, როგორც სხვა ქრონიკული დაავადების პირობებში, მაგალითად როგორც დიაბეტით დაავადების დროს. ჩვენი მკურნალობის მეორე მიზანი ისიც არის, რომ ადამიანი ასეთ პირობებში დაავადების გადამდებიც აღარ არის, სხვის ინფიცირებას არ მოახდენს. ეს უმთავრესია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
- მთელ მსოფლიოში უამრავი ცნობილი ადამიანი ყოფილა შიდსით დაავადებული... თქვენს კლინიკაშიც ალბათ პაციენტებს შორის მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც იყვნენ...
- დიახ, შიდსით დაავადებული ცნობილი ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენს კლინიკაში ასეთი არავინ ყოფილა. თუმცა ასეთი შემთხვევა რომც ყოფილიყო, ინფორმაცია დახურულია. შეიძლება პაციენტი არ მალავდეს და საჯაროდ აცხადებდეს, მაგრამ კლინიკაში პაციენტის უფლებები დაცულია და ყველა ინფორმაცია დაფარული. შეუძლებელია კლინიკის პერსონალიდან ინფორმაცია ვინმემ გაგიზიაროთ.
- რამდენად ხართ საქმის კურსში რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?
- როგორც ვიცი, საქართველოში ბევრი ადამიანი მალავს შიდსით თუ არის დაავადებული და ძალიან დიდი სტიგმაა ამ მხრივ... აქაც იგივეა! ჩრდილო-აღმოსავლეთ პენსილვანია საკმაოდ კონსერვატიული მხარეა, უმეტესად კათოლიკი მოსახლეობაა... ვთქვათ ფილადელფიაში შეიძლება კლინიკას სახელი ჰქონოდა – შიდსის ცენტრი, მაგრამ აქ ასეთ სახელწოდება ვერ ექნება. ძალიან ბევრი პაციენტი თავს შეიკავებს ამ სახელწოდების კლინიკაში იმკურნალოს.
- რას ურჩევდით საქართველოში როგორც პაციენტებს, ასევე მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს...
- კონფიდენციალურობა ისევ და ისევ სტიგმის გამო ხდება და სტიგმასთან ბრძოლა ძალიან რთულია! შეიძლება რაღაცეები გააკეთო, წინსვლა იყოს, მაგრამ სტიგმა მაინც დარჩეს! პაციენტის კონფიდენციალურობა აუცილებლად დაცული უნდა იყოს! პაციენტი როგორც გადაწყვეტს, მაგრამ კანონი არავის არ ავალდებულებს, ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს. Bბევრმა ცნობილმა ადამიანმა რომ აღიარა, მაგრამ ისინი ამას სხვა მიზეზითაც აკეთებენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ სტიგმა მოიხსნას და ამ დაავადებასთან საბრძოლველად მეტი თანხები გამოიყოს. ცნობილი ადამიანებისთვის შეიძლება უფრო ადვილი იყოს ამ დაავადებაზე ლაპარაკიც და დაავადებასთან ბრძოლაც! ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ყველაფერი სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული. რამე ფორმულა, ყველას რომ მოერგოს, ასეთი არ არსებობს!
დღეს მკურნალობა ძალიან გამარტივებულია. ადრე თუ რვა და ათი წამალი უნდა დაელია პაციენტს დღეში, დღეს ერთი წამალიც საკმარისია. რეჟიმი კარგად უნდა დაიცვას და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წარმოვიდგინოთ დიაბეტით დაავადებული, რომელიც თავს კარგად აკონტროლებს. პაციენტი საზოგადოებისთვის არ არის საშიში, დაავადებას სხვას არ გადადებს და არ ავრცელებს... პაციენტისთვის მთავარია დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ საზგადოებისთვის ისაა მთავარი დაავადება არ გავრცელდეს... აუცილებელია დაავადების დროულად გამოვლენა, მაგრამ გამოვლენას აზრი არ აქვს თუ არ იარსებებს სისტემა, ადამიანები მკურნალობაში ჩართონ.
- ათი წელია ამერიკაში იმყოფებით... რა შემთხვევა ყოფილა თქვენს პრაქტიკაში ყველაზე განსაკუთრებული?
- რამდენიმე კვირის წინ სამსახურში მივედი და მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე, სადაც გვერდით ნაგავსაყრელია... რომ დავიხედე, ადამიანი ძირს ეგდო, რომელიც უკვე გარდაცვლილი მეგონა. როცა მივუახლოვდი, აღმოვაჩინე რომ ცოცხალი იყო. ვიფიქრე მაწანწალა იყო და გარეთ ყოფნისას გაიყინა. თუმცა კარგად ჩაცმული ჩანდა და საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა... ჩემი კოლეგაც მოვიდა, ერთობლივი ძალებით გავაღვიძეთ და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, სახლიდან წამოსული იყო და ასეთ დღეში ჩავარდა. კლინიკაში შემოვიყვანეთ, სოციალური სამსახური ჩავრიეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა... ამ შემთხვევაზე პრესამაც დაწერა. თვითონ მოვიდა რამდენიმე დღის შემდეგ გახარებული მეუღლეს შევურიგდიო და მადლობას გვიხდიდა, გადამარჩინეთო.
- უფრო მეტი რომ გვითხრათ თქვენს შესახებ... ამხელა გამოცდილების შემდეგ თუ გიფიქრიათ საქართველოში დაბრუნდეთ და ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სფეროს წინსვლას ემსახუროთ?
- ამაზე მზა პასუხი არ მაქვს. დაბრუნებაზე ყველა ქართველი ვფიქრობთ... რამე პროგრამა რომ არსებობდეს, აქედან გაეწიოს დახმარება და გამოცდილების გაზიარება, დიდი სიამოვნებით გავუწევდი... ქართველები ძალიან ცოტა ვართ და ძალიან დაქსაქსულები ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რისი მიზეზიც ის არის რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა.
განათლებით ექიმი ვარ, დამთავრებული მაქვს თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტი 1988 წელს და შემდეგ არამიანცის საავადმყოფოში ვმუშაობდი. შემდეგ ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში ვთანამშრომლობდი. ამერიკული ორგანიზაცია იყო, რომელიც ძალიან მრავალფეროვან პროგრამებს ატარებდა საქართველოში. ჩვენი ოფისი თბილისში ამიერკავკასიის პროექტებს უწევდა კურირებას...
ამერიკაში, ჩრდილო- აღმოსავლეთ პენსილვანიის ჯანდაცვის ადმინისტრაციის მაგისტრის დიპლომი მაქვს. შემდეგ რეზიდენტურა დავამთავარე და ძალიან ბევრი საინტერესო, ადმინისტრაციის პროექტი მაქვს განხორცილებული, სანამ კლინიკის დირექტორად დავინიშნებოდი...
მანანა გაბრიჭიძე