ბევრია, ვისაც სურდო, ცემინება, ხველება გაციებისა და ვირუსის სიმპტომები ჰგონია
ალერგიული რინიტი, ალერგიული ხველა - ამ ტერმინებს ბოლო პერიოდში ხშირად გაიგებთ. ბევრია, ვისაც სურდო, ცემინება, ხველება გაციებისა და ვირუსის სიმპტომები ჰგონია, მოგვიანებით კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის ალერგიით არის დაავადებული და გაციების წამლები ამიტომაც არის არაეფექტური. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზამთრის პერიოდში, როცა ვირუსები აქტიურდება და კონკრეტული ალერგენებიც უფრო მეტად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე.ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე გირჩევთ, თუ როგორ განასხვავოთ ალერგია და გაციება და როგორ მოიქცეთ თუ თქვენ გარკვეული ალერგენების მიმართ მგრძნობიარე ხართ.
- თავდაპირველად ვისაუბროთ ზოგადად დაავადებაზე, რა არის ალერგია და რატომ უწოდებენ მას 21-ე საუკუნის სენს?
- ალერგია არის ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია გარემოში არსებული ალერგენების მიმართ, რომლებიც როგორც წესი უვნებელია. მაგალითად ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტში ვართ მტვერთან, მცენარეებთან, შინაურ ცხოველებთან, ვიღებთ მედიკამენტებსა და საკვებს, მაგრამ ალერგიული გამოვლინება არ გვაქვს. თუმცა სხვადასხვა ფაქტორების გამო ის ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის შეიძლება ალერგიული გახდეს. ალერგია არ არის იმუნიტეტის დაქვეითება, რაც პაციენტებს ხშირად ჰგონიათ.
ალერგიას 21-ე საუკუნის დაავადებას უწოდებენ, რადგან მისი გამომწვევი მიზეზები განსაკუთრებით ამ პერიოდში გააქტიურდნენ. ეს არის ეკოსისტემების ცვლილებები, გლობალური დათბობა, მშენებლობის გაზრდილი რაოდენობა, არარაციონალურად მიღებული მედიკამენტები, საკვები, რომელიც უამრავ დანამატსა და ემულგატორს შეიცავს. ზოგადმა ქიმიზაციამ, გარემოს დაბინძურებამ, გენეტიკურმა განწყობამ განაპირობა ის, რომ ალერგიული დაავადებები ძალიან გაზრდილია.
- ზამთრის პერიოდში რომელი ალერგიები აქტიურდება?
- ზამთრის პერიოდში ხშირია ალერგია ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ცემინების, სურდოს, ცხვირიდან წყლისებური გამონადენის, ასევე თვალების ქავილის სახით. ხშირად ეს სიმპტომები ძალიან გავს გაციების სიმპტომებს, ამიტომ ხშირად ადამიანს შეცდომით ჰგონია, რომ გაციებულია, თუმცა ამ დროს შეიძლება დამნაშავე მიზეზი ალერგია იყოს.
ზამთრის პერიოდში სიცივის ალერგიასაც ვხვდებით, რომელიც გამონაყრით, ხელების, სახის, თითების შეშუპებითა და სიწითლით შეიძლება გამოვლინდეს, განსაკუთრებით ზიანდება ის უბნები , რომელიც ტანსაცმლით არ არის დაფარული
- როგორ გავარჩიოთ ალერგია და გაციება?
- პირველ რიგში სიმპტომებით, ალერგიის დროს ცხვირიდან უფერო, თხელი, წყლისებური გამონადენია, ხშირია ცხვირის ქავილი, ჩივილებს ტემპერატურა არ ახლავს, გაციების დროს კი ცხვირიდან მოყვითალო ფერის შესქელებული გამონადენია, შესაძლებელია ახლდეს ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი. ყურადღებას ასევე ვამახვილებთ დაავადების დასაწყისზე და ხანგრძლივობაზე. ალერგიის დროს ცემინება, სურდო იწყება ალერგენთან (ოთახის მტვერი, ცხოველების ეპითელიუმი ა.შ) კონტაქტისთანავე და გრძელდება მუდმივად დამნაშავე ალერგენების ზემოქმედების გამო, ხოლო გაციების დროს, ვირუსთან კონტაქტიდან 1-3 დღის შემდეგ გა გრძელდება 3-7 დღე თუ თქვენ ხვდებით, რომ გაციების ნიშნები ძალიან გაგიხანგრძლივდათ, შესაძლებელია ალერგია იყოს და შესაბამის სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
როგორ ხდება იმის დადგენა, თუ რაზე აქვს ადამიანს ალერგია?
დადგენა ხდება კანის სინჯების ჩატარების მეშვეობით. ამ დროს ხდება ალერგენის უშუალო ზემოქმედება პაციენტის კანზე. ტესტი შეიძლება ჩატარდეს როგორც საინჰალაციო (ალერგენები, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან შესუნთქვით - მცენარეთა მტვერი, ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, სოკოს სპორები), ასევე კვებითი ალერგენების მიმართ. სასურველია, პაციენტს სინჯის გაკეთებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ალერგიის წამალი არ ჰქონდეს დალეული. თუ ალერგია იმდენად მწვავეა, რომ მედიკამენტების გარეშე ვერ ძლებს, მაშინ ვენური სისხლში შესაძლებელია სპაციალური აპარატის გამოყენებით განისაზღვროს ალერგენების (ოთახის მტვრისა და მცენარეული მტვრის, ცხოველთა ბეწვის, სოკოების, ფუტკრის შხამის, საკვების) საწინააღმდეგო ანტისხეულები - ეგრეთ წოდებული სპეციფიკური IგE.
- როგორ უნდა მოხდეს ალერგიასთან ბრძოლა და შესაძლებელია თუ არა მისი საბოლოოდ განკურნება?
- პირველ რიგში უნდა დადგინდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზი, სწორედ გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული რეკომენდაციები, მაგალითად თუ ალერგიაში დამნაშავე ოთახის მტვერია, ადამიანი უნდა მოერიდოს ოთახში ხალიჩების ქონას, რბილ სათამაშოებს რომელზედაც ხშირად გროვდება მტვერი, წიგნის კარადებს და ა.შ, ხშირად სველი წესით უნდა დალაგდეს ბინა. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, თუ ალერგიული ჩივილები სრულად არ ქრება შესაძლებელია ალერგიული ვაქცინაციის ჩატარება. ალერგიული ვაქცინაცია გულისხმობს აღმავალი დოზით ორგანიზმში დამნაშავე ალერგენის შეყვანას, რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება ალერგიის გამომწვევ მიზეზთან. თუ ადამიანი დროულად მიმართავს ექიმ ალერგოლოგს შესაძლებელია ალერგიისგან სრული განკურნებაც, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია და დაავადების ფორმაზე და სიმძიმეზე არის დამოკიდებული.
ეს გარკვეუწილად დამოკიდებულია ალერგენზე. მაგალითად, თუ ალერგია კვებითია, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, რომ იმ კონკრეტული ნივთიერების მიღებისგან თავი დავიცვათ. თუ ალერგია არის მტვერზე, საქმე უფრო რთულადაა, რადგან ოთახის მტვრის საბოლოოდ განადგურება შეუძლებელია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალერგოლოგის სწორ რეკომენდაციებს. მაგალითად, უნდა მოვერიდოთ ოთახში ხალიჩებს, რბილ სათამაშოებს, წიგნის კარადებს, რომლებიც ხშირად ალერგიის მაპროვოცირებელი ხდება. თუ ალერგიის გამომწვევი შინაური ცხოველებია და მათი სახლიდან გაყვანა ვერ ხრხდება, მაშინ მინიმუმ საძინებელ ოთახში მაინც არ უნდა შევუშვათ.