"გავედი და შევხედე, დედა ერთ-ერთ ბავშვს წიხლს როგორ ურტყამდა და მაშინვე ყველაფერს მივხვდი..." "ბავშვი ზედმეტად არ უნდა გაათამამო, მაგრამ ნებისმიერ უცხო ბავშვს ვეფერები და ჩემს შვილებს სითბოს როგორ დავაკლებ?! მთელი საქართველოს საყვარელი მხატვარი გავხდი. ქვეყანას ფანქარი და ფუნჯი ავაღებინე ხელში... როცა ბავშვები დამესეოდნენ ხოლმე ავტოგრაფისთვის, ჩემი გოგონა ეჭვიანობდა და აპროტესტებდა. შემდეგ ავუხსენი, შენს საყვარელ მომღერალს რომ ავტოგრაფი სთხოვო და მისმა შვილმა გისაყვედუროს, წარმოიდგინე, როგორ განაწყენდები-მეთქი"... - მხატვარი ზალიკო სულაკაური თავად გვიამბობს შვილებზე და გარდატეხის ასაკის პრობლემების შესახებ...
- 24 წლის გახლდით, როდესაც პირველ მეუღლეზე ვიქორწინე. ორი შვილი გვყავს - მიშიკო და სალომე... ორი წლის წინ მეორე მეუღლეზე ვიქორწინე, გვყავს ცხრა თვის გოგონა – თებროლე. კიდევ ერთ ბავშვს ველოდებით, რომელიც ზაფხულში გაგვახარებს... პატარა თებროლემ ლამის შემშალა და გადამრია. ძალიან თბილი და საყვარელი ბავშვია. ცოტა ხნის წინ გერმანიაში – ბერლინში გვყავდა წაყვანილი და ისე კოხტად იქცეოდა, ირგვლივ ყველას აოცებდა. ძალიან მშვიდი ბავშვია, მხოლოდ თავის დროზე უნდა აჭამო და სხვას არაფერს ითხოვს. ძალიან უყვარს ბუნება, სულ კისკისის ხასიათზეა... თებროლე ბებიაჩემის დის სახელია. რომ გადავხედეთ, არავის არ ერქვა ეს ულამაზესი სახელი და ჩვენ დავარქვით... სახლში რომ მივდივარ, უნდა ნახოთ, როგორ მხვდება - ხელებს შლის და სიხარულით ფართხალებს. გიჟდება მამიკოზე, როგორც მამიკო გიჟდება მასზე... მე ტყუპისცალი მყავს და იმდენად ვგავართ ერთმანეთს, დიდებს უჭირთ ჩვენი გარჩევა ქუჩაში. პატარა თებროლე კი გვარჩევს...
- გეტყობათ, რომ ბაშვების გაზრდაში მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებთ...
- ნამდვილად ასეა! ბავშვები ჩემს კისერზე გაიზარდნენ... პირველი შვილი რომ დაიბადა, 26 წლის ვიყავი. მითხრეს, მშობიარობას დაესწარიო, მაგრამ უარი ვთქვი. ნემსის გაკეთებას რომ ვუყურო, ამას ვერ ვუძლებ და მშობიარობას რომ დავესწრო, გული წამივა-მეთქი. თუმცა გარეთ იმდენად ვინერვიულე, ალბათ ჯობდა დავსწრებოდი... თებროლეს დაბადებას დავესწარი კი არა, ლამის ჭიპლარი გადავჭერი. ვიდეოც მაქვს გადაღებული ტელეფონით, თუ როგორ იბადება ჩვენი უსაყვარლესი თებრუშკა... პირველი შვილი რომ შემეძინა, ახალგაზრდა ვიყავი, ჯერ კიდევ დაუღვინებელი და მამობა თუ რას ნიშნავს, ეს უფრო მეტად მაშინ ვიგრძენი, როდესაც მეორე შვილი შემეძინა. სალომე მიშიკოს დაბადების შემდეგ ზუსტად რვა წელიწადში დაიბადა. ორივე 15 მაისს არიან დაბადებული. ვფიქრობდი, ბიჭისთვის დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი რა იქნებოდა და დაიკო ვაჩუქე, მეტ კარგ საჩუქარს რას ისურვებდა?! სახელი - სალომე მიშიკომ დაარქვა, თორემ ჩვენ სხვა სახელი გვქონდა შერჩეული... უფროსი შვილების გაზრდაზე უფრო დედა და ბებია ზრუნავდნენ, მაგრამ მეც მიმიღია რაღაც მონაწილეობა. თებროლეს ვაბანავებ და პამპერსსაც ვუცვლი. როცა სახლში ვარ, ყველანაირად ვცდილობ მეუღლეს მივეხმარო... მიშიკოს პატარაობისას ასე არ ვიყავი. შოკური მომენტი მქონდა: მამა რომ ხარ და ჯერ ვერ ხარ გამორკვეული, თუ რას ნიშნავს ეს და რამხელა პასუხისმგებლობაა... თუმცა ერთი რამ უნდა ვაღიარო და ვინც წაიკითხავს და თვითონაც მშობელია, ყველა დამეთანხმება: ვინმე თუ კანფეტს მომცემდა, ვერაფრით ვჭამდი, კისერში არ გადამდიოდა. ვერ წარმომედგინა, მე როგორ უნდა შემეჭამა და შვილებისთვის არ მიმეტანა... აი, ეს არის მშობლის ყველაზე მძაფრი ინსტინქტი!
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ ზალიკოს უფროსი შვილების ფოტო
{{ArticleSplitCont}}
- მიშიკო უკვე 21 წლისაა... როგორ გაიარეთ ყველაზე რთული წლები, გარდატეხის ასაკი?
- მიშიკო ახლა დაღვინდა და ჩემზე ძლიერი მხატვარია... იყო რთული წლები და ძაღლი და კატასავით ვიყავით, როდესაც შვილს შენი არაფერი ჯერა. რთული ტიპაჟი იყო, მაგრამ უნიჭიერესი. საუკეთესო გამოთქმა რომ არსებობს: "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა" - ასეა ზუსტად! მიშიკო ყველანაირად ჩემზე ძლიერია! ვამაყობ მისით! ისე კი თავს მრავალშვილიან მამად მივიჩნევ, რადგან ჩემი შვილებიდან ყველა მათგანი სამ-ოთხ ბავშვს უდრის, იმდენად თავისებური ხასიათის არიან...
გარდატეხის ასაკი ძალიან რთულია და ბევრი პრობლემა იჩენს თავს. ჩემი რჩევა რა მოსატანია, მაგრამ ვფიქრობ დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვი როგორ ოჯახში იზრდება. მე სადაც ვიზრდებოდი, ჩემს ოჯახში უცენზურო სიტყვა არასოდეს მსმენია... ოჯახის წევრები მოწიწებით ვექცეოდით ერთმანეთს და ჩემგანაც უწმაწური სიტყვები არავის გაუგია. ჩემი შვილიც ასეა! როდესაც ამაზრზენად მეტყველებ, მოქმედებაც შესაბამისია! მერე აღარც უნდა გაგვიკვირდეს, დანას რომ ხმარობს ადამიანი და თავი სხვაზე მაგარი ჰგონია... ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩემთან ცენტრში ბავშვის დაბადების დღეზე წამყვანები მოვიდნენ და მითხრეს, ბავშვებმა ჭიტლაყი ამოგვარტყეს და შენც თუ ამოგარტყესო... გადავირიე, ხომ მაშინვე ყურს ავუწევ ბავშვს, ეგ რომ გამიბედოს-მეთქი. გავედი და შევხედე, დედა ერთ-ერთ ბავშვს წიხლს როგორ ურტყამდა და მაშინვე ყველაფერს მივხვდი. დედისგან უკვე ჩვეულებრივი რამ იყო ადამიანისთვის წიხლის კვრა. დავიზაფრე ნანახით, შემრცხვა, გავწითლდი და უკან გამოვბრუნდი... ოჯახში და საზოგადოებაში ბავშვი ასეთ რამეს არ უნდა ხედავდეს! ისიც მესმის, რომ ძალიან სიდუხჭირეა, მაგრამ აუტანელია, ქუჩაში რომ გაღიმებულ ადამიანს ვერ ნახავ! ღმერთმა ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გვაჩუქა და მადლიერება ღიმილით უნდა გამოვხატოთ. ყველა წუთი უნდა დავაფასოთ! მეტი სიყვარული უნდა გვქონდეს ერთმანეთის - "დედამიწას სიყვარული ატრიალებს!"...
- ახლა უკვე თქვენს გოგონასაც გარდატეხის ასაკი აქვს...
- სალომე მამიკოს მესაიდუმლეა! მამიკოს გოგოა და ყველაფერს მიყვება. ეტყობა, არ გამომდის მასთან მკაცრი მამობა და ჩვენ უფრო კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ვიდრე მე და მიშიკო ვუგებდით... ბავშვი ზედმეტად არ უნდა გაათამამო, მაგრამ ნებისმიერ უცხო ბავშვს ვეფერები და ჩემს შვილებს სითბოს როგორ დავაკლებ?! მთელი საქართველოს საყვარელი მხატვარი გავხდი. ქვეყანას ფანქარი და ფუნჯი ავაღებინე ხელში... როცა ბავშვები დამესეოდნენ ხოლმე ავტოგრაფისთვის, ჩემი გოგონა ეჭვიანობდა და აპროტესტებდა. შემდეგ ავუხსენი შენს საყვარელ მომღერალს რომ ავტოგრაფი თხოვო და მისმა შვილმა გისაყვედუროს, წარმოიდგინე როგორ განაწყენდები-მეთქი...
ვისაც შვილი არ ჰყავს, ვერ წარმოიდგენს, ეს რამდენად დიდი ბედნიერებაა! სასწორზე რომ მთელი სამყაროს ბავშვები დააყენო ერთმ მხარეს და მეორე მხარეს შენი შვილი, ეს ერთი ბავშვი სამყაროს ბავშვებს გადაწონის, რადგან შენი შვილია და სულ სხვა შეგრძნებაა!
- უფროსი შვილები თქვენთან ცხოვრობენ?
- ჩემთან არ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს ხშირად ვნახულობთ!
მანანა გაბრიჭიძე