ნამდვილი ომი აფხიზლებს შვედმა ჟურნალისტმა კარლ-მაგნუს ჰელგეგრენმა გადაწყვიტა, თავის ორი ვაჟისთვის, რომლებიც ომის შესახებ ვიდეოთამაშებით იყვნენ შეპყრობილი, ნამდვილი ომი ეჩვენებინა. მან ისინი სირიასა და ისრაელში წაიყვანა, რათა ომის ნამდვილი რეალობა ეჩვენებინა და მათ გაეგოთ, სინამდვილეში რისთვის არსებობს იარაღი.
"მოგზაურობა" 10 დღე გრძელდებოდა და იქიდან დაბრუნებული ბიჭები სრულიად გარდაისახნენ. წასვლის იდეა კი შარშან სადილობისას გაჩნდა, როცა 11 წლის ლეო და 10 წლის ფრენკი მამას სთხოვეს, რომელიღაც "საომარი თამაშის" დისკი ეყიდა. მამა მეტისმეტად აღელვებული იყო შვილების "გატაცებით" და ჰკითხა მათ, თუ აცნობიერებდნენ, რა არის სინამდვილეში ომი და რა გავლენას ახდენს ის ადამიანებზე. ამის შემდეგ კი შეიმუშავა გეგმა, მათთვის ეს აუცილებელი გაკვეთილი ჩაეტარებინა.
მან ვაჟებთან გარიგება დადო: თუ მას გაჰყვებოდნენ საომარი მოქმედებების ზონაში, სადაც ის ადრე დადიოდა რეპორტაჟების მოსამზადებლად, და გარკვეულ დროს გაატარებდნენ საომარი მოქმედებების მსხვერპლთა შორის, უყიდდა ნებისმიერ ვიდეოთამაშს, რომელსაც კი მოისურვებდნენ.
"მინდოდა მათთვის მეჩვენებინა ომის ნეგატიური შედეგები, რომლებიც ჩნდება, როგორც კი ქვემეხები დუმდებიან, - განმარტა ჰელგეგრენმა, - დაზარალებული ადამიანები ხომ ვიღაცის მამები, ძმები, დები და დედები არიან".
ლეომ და ფრენკმა თავიდან არ დაუჯერეს მამას, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ის არ ხუმრობდა, გარიგებაზე დათანხმდნენ. დედამ ყველაზე ნეგატიურად მიიღო ეს წინადადება, რადგან შვილების გამო ღელავდა. "როცა პირველად ვუამბე ელიზას ამ ინიციატივის შესახებ, დიდხანს მერყეობდა. ეშინოდა მათ გამო. მერე კი დამთანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ თავადაც წამოვიდოდა, რომ შვილების გვერდით ყოფილიყო. ასე რომ, ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩვენი შვილებისთვის".
ჰელგეგრენს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მუშაობდა ჟურნალისტად, თავდაპირველად ერაყში ან ავღანეთში სურდა გამგზავრება, მაგრამ ჩათვალა, რომ იქ მეტისმეტად დიდი იყო საფრთხე, ამიტომ ბოლოს ისრაელზე შეაჩერა არჩევანი – 10 დღე გაატარეს ისრაელსა და სირიის ოკუპირებულ ნაწილებში. პირველი გაჩერება იერუსალიმი იყო, სადაც ერთ-ერთ ებრაულ ოჯახში გაჩერდნენ და ბიჭებს გარკვეული წარმოდგენა ადგილობრივ კულტურაზეც შეექმნათ. 10 დღის შემდეგ სამშობლოში – შვედეთში დაბრუნდნენ საღ-სალამათები და გაკვეთილიც კარგად ჰქონდათ ათვისებული. პირველ რიგში მამას უთხრეს, რომ აღარ აინტერესებდათ ის ვიდეოთამაშები, რომელთა თამაშიც სურდათ გამგზავრებამდე. ამის ნაცვლად მეტისმეტად დაინტერესდნენ პოლიტიკური სიტუაციით სირიასა და ისრაელში, გადმოიღეს წიგნები, შეძვრნენ ინტერნეტში და დაიწყეს შესწავლა იმ ყველაფრის, რამაც ეს ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა.