ბავშვისა და ცხოველის ურთიერთობა ყოველთვის უსაფრთხო არ არის ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვები, რომლებიც ძაღლის, კატის, ზაზუნას და ოქროს თევზების "კომპანიაში" იზრდებიან, უფრო მაღალი ინტელექტის მქონენი არიან, ადაპტაციის უკეთესი უნარი აქვთ, მაგრამ ბავშვისა და ცხოველის ურთიერთობა ყოველთვის უსაფრთხო არ არის.
ყველაზე ხშირად ჩვენს შვილებს შინ ძაღლებთან, კატებთან, ზღვის გოჭებთან, ჩიტებთან და თევზებთან აქვთ ურთიერთობა. ხშირ შემთხვევაში ეს სასარგებლო კონტაქტებია, ზოგჯერ კი ხიფათის შემცველიც.
კატები - სანამ კეთილები არიან
ერთი შეხედვით, მათზე ალერსიანი ცხოველი არ არსებობს. სამაგიეროდ, ძაღლებისგან განსხვავებით, საკმაოდ ჭირვეულები არიან. არის შემთხვევები, როცა კატა პატრონს კბენს ან კაწრავს. რამდენად საშიშია კატის ნაკბენი ან ნაკაწრი?
მედიცინაში ცნობილია კატის ნაკაწრით გამოწვეული ინფექციური დაავადება ფელინოზი. მას სპეციფიკური ბაქტერიები იწვევენ, რომლებიც კატებზე, განსაკუთრებით კი კნუტებზე "ბინადრობენ".
ფელინოზის შემთხვევათა 90% სწორედ ამ ალერსიანი ცხოველების ბრჭყალების დამსახურებაა.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი 3-დან 21 დღემდეა. პირველი სიმპტომები ასეთია:
ნაკაწრი დიდხანს არ ხორცდება
დიდდება ლიმფური ჯირკვლები
მატულობს სხეულის ტემპერატურა
აღინიშნება თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგჯერ ნაწლავის ფუნქციის დარღვევები, კანზე გამონაყარი
ფელინოზის მკურნალობა ხანგრძლივი და რთულია, რადგან თერაპიას ადვილად არ ემორჩილება. ამიტომ ბავშვს ცხოველთან ზედმეტად ნუ გაათამამებთ. პირველივე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.