"რომ ვუყურებ, თითქმის ორი კვირით ადრე დგამენ ნაძვის ხეს, მეც მინდა ჩემს სახლშიც ნაადრევად იგრძნობოდეს საახალწლო განწყობა..." სულ რამდენიმე დღე დარჩა ახალი წლის დადგომამდე. სადღესასწაულო განწყობა, მხიარული გარემო, პოზიტიური ატმოსფერო ახალი წლის წინა დღეებში თითოეული ადამიანის ოჯახში სუფევს. საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა, თუმცა ნაძვის ხე ჯერ არ დაუდგამს. მის ოჯახში ტრადიციულად 31 დეკემბერს ირთვება ნაძვის ხე. მომღერალმა გულისტკივილი გამოთქვა, რადგან ბავშვებთან ერთად ვერასოდეს იღებს ამ სასიამოვნო და სახალისო პროცესში მონაწილეობას.
- ჩვენს ოჯახში არის ტრადიცია, რომ ნაძვის ხეს ვრთავთ 31 დეკემბერს. რომ ვუყურებ, თითქმის ორი კვირით ადრე დგამენ ნაძვის ხეს, მეც მინდა ჩემს სახლშიც ნაადრევად იგრძნობოდეს საახალწლო განწყობა, მაგრამ რა ვქნა, ტრადიცია ტრადიციაა. მე არასოდეს არ ვრთავ ნაძვის ხეს. ძირითადად ჩემი შვილები რთავენ თავისი გემოვნებით და ოჯახის დანარჩენი წევრები ეხმარებიან. ერთი თვის განმავლობაში დგას ჩვენს სახლში ნაძვის ხე.
- წელს როგორი ნაძვის ხე გექნებათ?
- არ ვაპირებთ რამე შევცვალოთ, რადგან ძალიან ლამაზი სათამაშოები გვაქვს. უბრალოდ ყოველ წელს ვამატებთ ახალ სათამაშოს. ერთადერთი შეიძლება ნაძვის ხე შევცვალო და ცოტა დიდი ვიყიდო. სანამ ჩემი უმცროსი შვილი პატარა იყო, დიდ ნაძვის ხეს ვერ ვდგამდით. ახლა უკვე დიდი გოგოა, აღარ შემოაცლის სათამაშოებს, აღარ დააცლის ტოტებს და თამამად შეგვიძლია დავდგათ დიდი ნაძვის ხე.
- ბედობა დღის და მეკვლეობის თუ გჯერათ?
- რომ გითხრათ, მჯერა და თვეებით ადრე ვიწყებ ფიქრს ვინ შეიძლება შემოვიდეს ჩემს სახლში მეკვლედ, მოგატყუებთ. 31 დეკემბერს, როგორც წესი, ვმუშაობ და გამთენიისას მოვდივარ სახლში, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში მე მიწევს მეკვლეობა. ჩემი შვილი ლიზა, როცა პატარა იყო, ის იყო ხოლმე მეკვლე. უბრალოდ სახალისო მომენტია, პოზიტიური, თორემ ამით ნამდვილად არ ვხელმძღვანელობ როგორი წელი მექნება.
- ახალ წელთან დაკავშირებით რამე ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- სამწუხაროდ, უკვე 18 წელია ახალი წლის ღამეს სახლში არ ვხვდები. ძირითადად მიწევს ჩემს კოლეგებთან ერთად, ან სადმე გზაში. თუმცა სახლში ყველაფერი ისეა, როგორც ტრადიციულად ყველა ოჯახში. აქვთ სამზადისი, ფუსფუსებენ სახლში, მხიარულობენ, შლიან სადღესასწაულო სუფრას და ბედნიერად ხვდებიან ახალ წელს. მე მოვდივარ გვიან და მომაქვს მათთვის საჩუქრები.
- საახალწლოდ რომელი კერძები ამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას?
- როგორც ყველგან, ჩვენთანაც შეუცვლელია საცივი, გოჭი, გოზინაყი და მერე სხვა დანარჩენი.
- რა სურვილები გაქვთ საახალწლოდ?
- რა თქმა უნდა, სურვილები უცვლელია. მინდა ყველას ოჯახში იყოს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ხვავი და ბარაქა. მინდა გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა.
მერი ბლიაძე