თემები, რომლებიც 2017 წელს ჩვენი ვებგვერდის 5 მილიონამდე მკითხველმა ნახა! წლის ბოლოს ყველა აჯამებს გასული წლის შედეგებს. რასაკვირველია, ჩვენც ვეცადეთ შეგვეჯამებინა, როგორი იყო 2017 წელი ვებგვერდისთვის, რომელიც სულ სამი წლის წინ, 2014 წლის 1 ივნისს შეიქმნა და მოასწრო ამ მცირე დროში, მკითხველთა უზარმაზარი არმიის მოზიდვა, დაახლოება და ერთგულ მეგობრებად ქცევა. ჩვენ თქვენთან ერთად ვსწავლობთ, ვიზრდებით, ერთად ვზრდით ჩვენს შვილებს და ვცდილობთ, ვაკეთოთ ბევრი კარგი საქმე, პირველ რიგში კი - მივაწოდოთ ბევრი საჭირო, სასარგებლო, აუცილებელი და ხანდახან სახალისო ინფორმაცია თუ რჩევა მშობლებს.
რაც შეეხება გასულ წელს, პირველ რიგში სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2017 წლის განმავლობაში თითქმის 5 მილიონი მკითხველი გვყავდა - უფრო ზუსტად 4 600 238.
ყველაზე კითხვადი რუბრიკები იყო ფსიქოლოგია და ჯანმრთელობა.
ყველაზე კითხვადი სტატიებიც, რომელთაგან ზოგიერთი 100 ათასზე მეტ ადამიანს აქვს წაკითხული (!), ამ სფეროს ეხება - ფსიქოლოგიასა და ჯანმრთელობას.
ცნობილი ექიმის, ბატონი თემურ მიქელაძის ინტერვიუ მშობლების ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, აღზრდის მეთოდებზე და ა.შ., ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა გასულ წელს და 324364-მა ადამიანმა წაიკითხა! იხილეთ სტატია
ასევე პოპულარული იყო კიდევ ერთი პედიატრის, ინგა მამუჩიშვილის მოწოდება მშობლებს, თუ რატომ არ უნდა აკოცონ ბავშვებს ხშირად ახლობელ-უცნობებმა, განსაკუთრებით კი - ცხვირ-ტუჩის მიდამოებში. ეს სტატია 226168-მა ადამიანმა წაიკითხა. (იხილეთ სტატია).
სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევის გამო, ძალიან აქტუალური იყო 2017 წელს მენინგიტის საფრთხე და სწორედ ამ დაავადების შესახებ ცნობები წაიკითხა სტატია 292922-მა ადამიანმა (იხილეთ სტატია).
სპინერებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, რომელშიც მსოფლიო ბავშვებთან ერთად ქართველი ბავშვებიც ჩაერთნენ, რასაკვირველია, ჩვენც არ გამოვაკლდით. მხოლოდ ჩვენ ვუამბეთ მკითხველებს, რისთვის იყო სინამდვილეში ეს ნივთი და რა უარყოფითი თვისებები ჰქონდა. ეს სტატია ასევე ყველაზე კითხვადებს შორის აღმოჩნდა და 137632-მა ადამიანმა წაიკითხა (იხილეთ სტატია).
ფსიქოლოგიური სტატიებიდან კი ყველაზე აქტუალური და კითხვადი აღმოჩნდა თემა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვი თანატოლებმა არ დაჩაგრონ. ფსიქოლოგების ამ საკითხთან დაკავშირებული რჩევები 407241-მა ადამიანმა წაიკითხა (იხილეთ სტატია).
კიდევ უამრავია ასეთი თემა და სტატია, რომელმაც თქვენი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ვიმედოვნებთ, მომავალ წელს მკითხველი მხოლოდ მოგვემატება და თემებიც იქნება კვლავაც აქტუალური, საჭირო და გამოსადეგი. და რაც მთავარია, მეტს დავწერთ პოზიტიურ, სასიამოვნო ამბავს და ნაკლებს ტრაგედიებსა და საფრთხეებზე, რომლებიც ძველ წელს დავუტოვოთ.
ყველას გისურვებთ ყველაზე ძვირფასის - თქვენი შვილების ჯანმრთელობას, ასევე თქვენს, მშობლების ჯანმრთელობას - რაც ასევე აუცილებელია შვილების ბედნიერი აწმყოსა და მომავლისთვის, ულევ ბედნიერებას, ხვავს, ბარაქას და ძალიან კარგ წელს.