"დედა სტუდენტი ყოფილა, მითხრეს, მუცელს მალავდაო, იკრავდაო და ამიტომაც 900 გრამი დავბადებულვარ" "მინდა ყველას ვთხოვო, ბიოლოგიურ დედას რომ ვეძებ, ნურავინ განმსჯის... ბევრი აძლევს ამის უფლებას საკუთარ თავს...
და კიდევ ერთი: ვფიქრობ, ჩემი ბიოლოგიური დედა საქართველოში არ ცხოვრობს, ემიგრანტი მგონია და თუ ვინმე ჩემს ისტორიას წაიკითხავს, ყველას გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ!" - 33 წლის თამთამ თავის უდიდესი ტკივილი გაგვიზიარა...
- მე თამთა ვარ, 33წლის. პირადობის მოწმის მონაცემებით დავიბადე 1984 წლის, 14 დეკემბერს. ბიოლიგიური დედის შესახებ უკვე ხუთი წელია ვიცი. სრულიად შემთხვევით გავიგე.
- შემთხვევით როგორ გაიგეთ?
- სისხლის ჯგუფმა დამაეჭვა. მეოთხე ჯგუფის სისხლი მაქვს, ჩემს მშობლებს არ აქვთ ჩემი ჯგუფის სისხლი და ზუსტად ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ ჩემში ეჭვი გაეჩინა. ჩემი ეჭვი გამართლდა! აღმოჩნდა, რომ ნაშვილები ვიყავი... ექვსი თვე არ მიძინია ნერვიულობის გამო...
- ბოლოს ვინ გაბედა, სიმართლე რომ ეთქვა?
- სიმართლეს არავინ მეუბნებოდა, ამ თემაზე საუბრს ყველა ერიდებოდა. ბოლოს ჩემმა მეგობარმა გაბედა და მითხრა. მან დიდი ხნის განმავლობაში იცოდა, ნაშვილები რომ ვიყავი. ბოლოს ახსენა ავთო ბუბუტეიშვილი. თურმე ეს კაცი იყო ჩარეული ჩემს საქმეში. მე ამ სახელმა და გვარმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მიმიყვანა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ამ სახლის დირექტორი იმ დროს, როცა მე ვიყავი ჩვილ ბავშვთა სახლში მიბარებული...
- გამზრდელი დედა როგორ შეხვდა ამ ამბავს, სიმართლე რომ შეიტყვეთ?
- მე მასთან არ მილაპარაკია ამ თემაზე. ვიცი რომ სიმართლეს არ მეტყვის. ამიტომ ვარ მარტო ამ ბრძოლაში და ასე ვეძებ ბიოლოგიურ დედას... არაფერი შეცვლილა გამზრდელ დედასთან, ისევ დედა-შვილი ვართ. არც მომავალში შეიცვლება არაფერი... ასევე ვარ გამზრდელ მამასთან... ბიოლოგიურ დედას საყვედურისათვის არ ვეძებ! უბრალოდ მინდა მოვძებნო, მივიდე მასთან. მისი ფოტო არ მაქვს. მხოლოდ მისი დარქმეული სახელი ვიცი – დიანა მქვია ნამდვილი სახელი.
- ეს საიდან გაიგეთ?
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- მითხრეს, რომ ბავშვთა სახლში დიანა მერქვა. როგორ და რანაირად მოვხვდი ბავშვთა სახლში, არ ვიცი. დედა სტუდენტი ყოფილა, მითხრეს, მუცელს მალავდაო, იკრავდაო და ამიტომაც 900 გრამი დავბადებულვარ...
ბავშვთა სახლში ბატონები მქონდა. იარები მაქვს სახეზე... როცა მიშვილეს, სიცხიანი ვყოფილვარ და ყველაზე სუსტი.
- გაქვთ იმედი, რომ ბიოლოგიურ დედას იპოვით?
- ზოგჯერ კი და ზოგჯერ - არა! მინდა, ყველას ვთხოვო, ბიოლოგიურ დედას რომ ვეძებ, ნურავინ განმსჯის... ბევრი აძლევს ამის უფლებას საკუთარ თავს...
და კიდევ ერთი: ვფიქრობ, ჩემი ბიოლოგიური დედა საქართველოში არ ცხოვრობს, ემიგრანტი მგონია. და თუ ვინმე ჩემს ისტორიას წაიკითხავს, ყველას გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ!
- თქვენ თვითონ დაოჯახებული ხართ?
- დიახ... ორი ბიჭის დედა ვარ!
მანანა გაბრიჭიძე