როგორ ცხოვრობდნენ ბავშვები შორეულ წარსულში? როგორ ცხოვრობენ დღეს? რა შეიძლება ვისწავლოთ წინაპრებისგან ისეთი, რაც თანამედროვე ბავშვისთვისაც სასარგებლო იქნება? როგორ ცხოვრობდნენ ბავშვები შორეულ წარსულში? როგორ ცხოვრობენ დღეს? რა შეიძლება ვისწავლოთ წინაპრებისგან ისეთი, რაც თანამედროვე ბავშვისთვისაც სასარგებლო იქნება? შეიძლება თუ არა, რამე ვისწავლოთ ქვის ხანის ადამიანებისგან? "უცნაური კითხვაა, - გაიფიქრებთ თქვენ, - ჩვენ ხომ ცივილიზებული ხალხი ვართ და არა პირველყოფილი!" ეს მცდარი პოზიციაა. ქვის ხანის ადამიანები რაღაცით ჩვენზე უკეთესებიც კი იყვნენ. მართალია, სხვაგვარ ცხოვრების წესს მისდევდნენ, მაგრამ ამ წესს გარკვეული ღირსებებიც ჰქონდა.
პირველი გაკვეთილი - ნამდვილი საქმე
პირველყოფილ სამყაროში ბავშვები შრომას ადრე ეჩვეოდნენ. ისინი აგროვებდნენ ფიჩხს, საცხოვრებელი ადგილის ახლომახლო ეძებდნენ საკვებად ვარგის მცენარეებს, იჭერდნენ თევზს, აგროვებდნენ ფრინველის კვერცხებს, მოჰქონდათ წყალი, ასრულებდნენ მარტივ დავალებებს. თანამედროვე ბავშვს ასეთი მოვალეობები არ აკისრია, ის არ აკეთებს ოჯახისთვის სასარგებლო საქმეს. ამიტომ - შესაძლოა, უცნაურიც მოგვეჩვენოს - თანამედროვე ბავშვი უფრო ბავშვურია. უცნაურია, მაგრამ ამ თვალსაზრისით ინტელექტუალური განვითარება - რა კუთხითაც ჩვენსა და პირველყოფილ ადამიანებს შორის ღრმა უფსკრულია - სულაც არ არის მთავარი. მთავარი პიროვნული განვითარებაა. ამ მხრივ კი პირველყოფილი ბავშვები ნამდვილად უსწრებდნენ ჩვენს ვუნდერკინდებს. ისინი დამოუკიდებლები და ინიციატივიანები იყვნენ. პირველყოფილ ბავშვს არავინ უხსნიდა, რა უნდა გაეკეთებინა, არავინ არაფერს უჩვენებდა. მას ყველაფერი თავად უნდა აღმოეჩინა. თავის მოვალეობათა უდიდესი ნაწილი მას ტყეში უნდა შეესრულებინა, სადაც, ყველაფერთან ერთად, კარგი ორიენტაციის უნარიც იყო აუცილებელი. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი, ხელმძღვანელი არ ჰყავდა, ცუდად შესრულებული სამუშაოსთვის მას ისევე მოეთხოვებოდა პასუხი, როგორც მოზრდილ ადამიანს. პირველყოფილი ბავშვები, რასაკვირველია, პირველ რიგში მაინც ბავშვები იყვნენ; თავიანთი მოვალეობების პარალელურად ისინი დარბოდნენ, სეირნობდნენ, თამაშობდნენ. მათ, რასაკვირველია, პრიმიტიული თამაშები ჰქონდათ, რომლებიც თანამედროვე დაჭერობანას ან შვიდქვას მოგვაგონებდა. ბიჭები ბავშვობიდანვე ეჩვეოდნენ მშვილდ-ისრის სროლას; გოგონებს შესაძლოა თოჯინის მსგავსი რამ ჰქონოდათ... ასე რომ, ბავშვი ბავშვია, მაგრამ პირველყოფილი ადამიანების ბავშვობა საკმაოდ ადრე მთავრდებოდა და ისინი სულაც არ ჰგავდნენ თანამედროვე ასაკგადაცილებულ "ბავშვებს". ეს იმიტომ, რომ პირველყოფილ სამყაროში ბავშვებსაც და დიდებსაც საერთო ინტერესები ჰქონდათ. მათთვის ბავშვობა ერთბაშად არ მთავრდებოდა, ისე არ ხდებოდა, რომ ადამიანს თვრამეტ წლამდე ბავშვური ცხოვრებით ეცხოვრა, მერე კი უეცრად უამრავი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა. პირველყოფილი ადამიანი თანდათან იზრდებოდა, ისევე როგორც იზრდებოდა მისი მოვალეობები. ამის წყალობით თხუთმეტი წლის მოზარდი ფსიქოლოგიურად მზად იყო ზრდასრული ცხოვრებისთვის. ამ ასაკის ვაჟებს უკვე შეეძლოთ ნადირის მოკვლა, გატყავება, ხორცის განაწილება, საცხოვრებლის მოწყობა, ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა, გოგონებს - ოჯახის მოვლა. რაც მთავარია, ისინი იყვნენ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებები, რომელთაც ეჩქარებოდათ მონადირედ კურთხევის რიტუალის გავლა ან საკუთარ მიწურში დასახლება. ინფანტილურობის ფენომენი, ბავშვად დარჩენის სურვილი, პასუხისმგებლობის შიში ცივილიზაციის მონაპოვარია. პირველყოფილ სამყაროში ეს ფენომენი არ არსებობდა. რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? როგორც ჩანს, ისე უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომ შვილები არა მარტო ერთობოდნენ და სწავლობდნენ, არამედ გარკვეულ მოვალეობებსაც ასრულებდნენ და პასუხსაც აგებდნენ მათ შედეგზე. ეს მოვალეობები ბავშვის ცხოვრებაში სულ უფრო მეტ ადგილს უნდა იკავებდეს, თუმცა, იმავდროულად, დავალებების შესრულება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და უფროსებისადმი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულებას წარმოადგენდეს. ასეთი დამოკიდებულების შემთხვევაში ბავშვი თანდათან გაიზრდება, ნელ-ნელა გაითავისებს უფროსების პრობლემებს, აღარ შეაშინებს მოწიფული ასაკის პასუხისმგებლობები და მოვალეობები, აღარ მოუნდება, ორმოცდაათ წლამდე დედის კალთას ამოეფაროს. მიეცით პატარა ბავშვს საშუალება, არა მარტო ითამაშოს, არამედ იმუშაოს კიდეც. ამასთან, მისი მოვალეობები უფრო და უფრო რთული და საპასუხისმგებლო უნდა გახდეს, უფრო და უფრო მეტ დროს უნდა მოითხოვდეს. რაც მთავარია, ისინი უნდა აღიაროთ და დააფასოთ.
მეორე გაკვეთილი - მიზნისკენ სვლა
მოდი, ვუპასუხოთ კითხვას: რა მიზანი აქვს ბავშვს ცხოვრებაში, აცნობიერებს თუ არა ის საკუთარ მიზანს? დედების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პატარა ბავშვისთვის რაიმე მიზნის ქონა ნაადრევია. ეს მცდარი შეხედულებაა. ცხოვრების მიზანი არის ის მთავარი რამ, რაც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანია. თანამედროვე ცხოვრება კი ისეა მოწყობილი, რომ პატარა ბავშვებს აქვთ კონკრეტული, ახლო მომავალში მისაღწევი მიზნები (მაგალითად, თოჯინას ან ველოსიპედის ყიდვა), მაგრამ ცხოვრების მიზანი არ გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით თანამედროვე ბავშვები სიბრალულს იმსახურებენ, განსაკუთრებით - თუ მათ უმიზნო არსებობას მათივე პირველყოფილი თანატოლების ცხოვრებას შევადარებთ. ყველა პირველყოფილ ბავშვს ცხოვრებაში მკაფიო მიზანი ჰქონდა, ყველა ბავშვმა იცოდა, რომ თუ ბიჭი იყო, მონადირე გახდებოდა, თუ გოგონა - მონადირის ცოლი და მისი შვილების დედა, იცოდნენ, რომ დადგებოდა დღე, როდესაც მას მონადირედ ან ქალად აკურთხებდნენ ანუ დიდებად აღიარებდნენ. ყოველი ბავშვი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ხოლო სიბერეში ისე იხსენებდა მას, როგორც ცხოვრების უმთავრეს მოვლენას. სხვათა შორის, ზრდასრულად კურთხევის რიტუალი ბევრ ტომს საკმაოდ მკაცრი ჰქონდა. ახალგაზრდებს საქვეყნოდ უნდა ეჩვენებინათ, რომ შეეძლოთ ტკივილის ატანა, იყვნენ მამაცები. ამისთვის მათ აიძულებდნენ კოცონზე გადახტომას, სიმძიმის აწევას... მიუხედავად ამისა, ყველა მოუთმენლად ელოდა გამოცდას - შეიძლება ითქვას, ელოდა ბავშვობიდან. სწორედ ამიტომ არიან თანამედროვე ბავშვები ღარიბები პირველყოფილ თანატოლებთან შედარებით - მათ არ აქვთ მიზანი, არ ელიან ასეთ მომენტს. ადამიანის ცხოვრების მთავარი სტიმული ის სიხარულია, რომელიც მას ხვალ ელის. რა თქმა უნდა, ეს "ხვალ" მომავალს გულისხმობს. რაც უფრო გრძელია მიზნისკენ სავალი გზა და რაც უფრო ძნელი მისაღწევია ეს მიზანი, მით უფრო ძლიერია მოლოდინი, მიღებული სიხარული და დიდანს გასტანს დადებითი ემოცია. თანამედროვე სამყარომ ბავშვი გაძარცვა და სანაცვლოდ მხოლოდ გარეგნული თავისუფლება შესთავაზა - მას შეუძლია, აირჩიოს მოღვაწეობის ნებისმიერი სფერო. ამაზე პირველყოფილი ადამიანი ვერც კი იოცნებებდა - მისი ბედი განსაზღვრული იყო. თუმცა არ არსებობს შენაძენი დანაკარგის გარეშე. რა შევთავაზოთ ბავშვს ამ დანაკარგის სანაცვლოდ? მართალია, თანამედროვე სამყაროში მონადირედ ან დიასახლისად მას ვერ ვაკურთხებთ, მაგრამ ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი უკვე დიდია და ამიერიდან მას განსაზღვრული მოვალეობები აკისრია. დაუსახეთ ბავშვს ძალიან შორეული და ძალიან მიმზიდველი მიზანი, რომლისკენაც ის უნდა ისწრაფოდეს, შესაძლოა, მთელი ბავშვობის განმავლობაშიც კი. სკეპტიკოსებით გარემოცული ადამიანი დროთა განმავლობაში დაივიწყებს ამას და შესაძლოა, მშობლების მიერ მოგონილ მიზანზე შემდეგ გაეცინოს კიდეც, მაგრამ სანამ ის ბავშვია, ფანტაზია თავის ფუნქციას შეასრულებს.