ზოგიერთი ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული, შიმშილისა და წყურვილისგან ძალა ჰქონდათ გამოლეული კალიფორნიაში გამაოგნებელი ფაქტი გამოააშკარავა პოლიციამ. წყვილს 13 შვილი ჰყავდა დაპატიმრებული სახლში. შვილების ასაკი 2-დან 29 წლამდე იყო. ზოგიერთი მათგანი ჯაჭვით იყო დაბმული.
14 იანვარს ერთმა, 10 წლის გოგონამ მოახერხა გამოქცევა და სამაშველო სამსახურში დარეკვა.
როცა პოლიციელები მითითებულ მისამართზე მივიდნენ, შოკის მომგვრელი სურათი დახვდათ. სახლში 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი სიბნელეში, ანტისანიტარიულ პირობებში ამყოფებდნენ 13 შვილს. შვილები ბნელ ჭუჭყიან ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული, საწოლებზე მიჯაჭვულები. წყლისა და საჭმლის უკმარისობისგან ძალა ჰქონდათ გამოლეული.
მეზობლების თქმით, მათ საეჭვოდ მიაჩნდათ წყვილი, რომელმაც სახლში ნამდვილი ციხე მოაწყო. თუმცა არასდროს მოფიქრებიათ, პოლიციისთვის მიემართათ. ზოგიერთმა მეზობელმა არც კი იცოდა, რომ ამ სახლში ბავშვები ცხოვრობდნენ.
მშობლებს ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ რაიმე მიზეზი, რის გამოც ასეთი არაადამიანური რამ ჩაიფიქრეს და განახორციელეს.
მხოლოდ ის გაარკვიეს ამ ეტაპზე პოლიციელებმა, რომ წყვილმა 2011 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და 500 ათასი დოლარი დაედო ვალად. ცოლი სახლში იჯდა, ქმარი კი ინჟინრად მუშაობდა და 140 ათას დოლარს გამოიმუშავებდა წელიწადში. თუმცა გაკოტრების ცნობის შემდეგ ისიც წავიდა სახმსახურიდან.
მათი ადვოკატის თქმით, წყვილი ხშირად და სიყვარულით საუბრობდა თავის შვილებზე, თუმცა თავად ადვოკატს ისინი არასდროს ენახა.
მათ იცნობდნენ, როგორც მოსიყვარულე ოჯახს და ყველა გაოგნებულია.