ექიმების პრიგნოზით, ეს ბიჭი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა ფეხსაცმელზე ზონარის შეკვრას, ვერ ისწავლიდა კითხვას ექიმების პრიგნოზით, ეს ბიჭი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა ფეხსაცმელზე ზონარის შეკვრას, ვერ ისწავლიდა კითხვას, მაგრამ დედა არ დანებდა...
ამერიკელი ჯეიკობ ბარნეტი აუტისტური სინდრომით დაიბადა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ბიჭი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა, ვერაფერს ისწავლიდა და საკუთარ სამყაროში გამოკეტილი დაასრულებდა სიცოცხლეს.
ბიჭის დედას, კრისტინას სხვა მოსაზრება ჰქონდა, მან ვაჟის განვითარება გადაწყვიტა, თუმცა, არ იცოდა, რას უმზადებდა მომავალი.
დღეს ჯეიკობის IQ 189 ქულას შეადგენს; უფრო მეტს, ვიდრე ალბერტ აინშტაინს ჰქონდა. მან უდიდეს წარმატებას მიაღწია მათემატიკასა და ფიზიკაში, მიიღო ნობელის პრემია. ეს ყველაფერი 14 წლის ასაკში.
ჯეიკობი რთულ მათემატიკურ დავალებებს ფანჯრის მინაზე ხსნის. კრისტინას თქმით: "მათემატიკური ფორმულებით აჭრელებული ფანჯრები უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ჯეიკობისთვის ის ცხოვრების ნაწილია.მათემატიკისადმი ინტერესს ბავშვობიდან ავლენდა, თუმცა თავდაპირველად ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა მის თავში".
3 წლის იყო ჯეიკობი, როცა პლანეტარული ორბიტების კანონებს ხსნიდა. ეს მაშინ აღმოაჩინა, როცა ბურთის ტრიალს აკვირდებოდა. 4 წლისამ აშშ-ის მთელი რუკა ზეპირად იცოდა და ერთი სახლიდან მეორეს უკმოკლესი გზა - ინდიანაპოლისიდან ჩიკაგომდე - ჰქონდა მონიშნული. 11 წლის ინდიანას უნივერსიტეტს სტუდენტი გახდა. თავდაპირველად ლექციებზე დედას დაჰყავდა. დღეს ჯეიკობი უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხზე სწავლობს. მუშაობა დაიწყო ახალ ფიზიკურ თეორიაზე, რომელსაც სპეციალისტები ორიგინალურად მიიჩნევენ.
მისი გმირები ფიზიკოსი - რიჩარდ ფეინმანი და ყოფილი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი არიან. ბარნეტი თავის სიმპათიას მარტივად ხსნის: "პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ სფეროში წარმატებას მიაღწიეს".
თავად მისი წარმატება დედის სიჯიუტემ და მონდომებამ განაპირობა. თავდაპირველად კრისტინა ფსიქოლოგების რჩევებით სარგებლობდა. სურდა, შვილი მისი შინაგანი სამყაროდან "გამოეთრია". ბავშვი დაჰყავდა ლოგოპედებთან, ფიზიოთერაპევტებთან, განვითარების სპეციალისტებთან, ნევროლოგებთან, ფსიქოლოგებთან და ა.შ.
"ყველას თავისი მეთოდი ჰქონდა, მაგრამ შედეგს ვერავინ მიაღწია. ერთ დღეს, მაშინ ჯეიკობი 3 წლის იყო, მივხვდი, რომ ჩემს ბიჭს ბავშვებთან ერთად ეზოში მთელი წლის განმავლობაში არ უთამაშია. ის მუდამ სპეციალისტებთან მეცადინეობით იყო დაკავებული. გადავწყვიტე, მისთვის ბავშვობა დამებრუნებინა და საღამოობით სკვერში გამყავდა".
ბავშვი მშვიდად იყო, როცა აკეთებდა იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ იყო ერთი სფერო - სკოლა, სადაც სპეციალური, გამარტივებული პროგრამით სწავლობდა და სადანაც მუდამ გაღიზიანებული ბრუნდებოდა.
8 წლის იყო ჯეიკობი, როცა დედამ სკოლიდან გამოიყვანა და უნივერსიტეტში მათემატიკის, ასტრონომიისა და ფიზიკის ლექციებზე დასასწრებად ატარებდა.
"სკოლიდან იმდენად დათრგუნვილი ბრუნდებოდა, რომ არც მეგობრებთან თამაშობდა, არც ჩვენთან კონტაქტობდა".
ბავშვის ცხოვრებაში დედასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მამაც. შინ ყოფნის დროს მაიკლი მუდამ აკვირდებოდა ვაჟს. "ერთი წლის იყო, როცა ფანჯარასთან დგებოდა და ჩრდილებს აკვირდებოდა, შეეძლო, საათობით ეტრიალებინა ბურთი. სხვა ბავშვების გარშემო მუდამ ქაოსია, ჯეიკობის ირგვლივ კი მუდამ სიმეტრია და მეთოდურობა იყო. ფერადი ფანქრების ყუთს იღებდა და 500 ცალ ფანქარს ცისარტყელის სპექტრის მიხედვით ალაგებდა".მაიკლი და კრისტინა მუდმივად ცდილობდნენ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. მაიკლისა და თავიანთი გამოცდილების შესახებ მათ წიგნიც კი დაწერეს. ბიჭი პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა მასზე სტატია ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა.
"ერთ დილას ფარდები გადავწიეთ და ეზოში გოგონების ჯგუფი იდგა, პლაკატებით: "ჩვენ გვიყვარს ჯეიკობი", ჯეიკობ, გვასწავლე მათემატიკა".
თავად ჯეიკობი საკუთარ პოპულარობას მშვიდად შეხვდა. არც გოგონებისგან გადამეტებული ინტერესი აღელვებს: "გოგონები ბზინავ აქსესუარებს იკეთებენ, მათი კაბები და ფეხსაცმელები ათას-ათასი დოლარი ღირს. მე ეს ყველაფერი სისულელედ მეჩვენება". - ამბობს ბიჭი.
დღეს ის 18 წლისაა და ამბობს, რომ პედაგოგობა სურს, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გადაუწყვეტია. არც იმას გამორიცხავს, რომ ოდესმე ფიზიკის გარდა სხვა რამე იქცეს მისი ცხოვრების მოტივად.
"ჩემი აუტისტურობის გამო სკოლაში ბევრი დაბრკოლება შემქმნია, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ ჩემი აუტისტურობის გამო. ის რომ არა, მე დღეს არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. აუტიზმი ეხმარება ჩემს აზრებს გზის პოვნაში, სამყაროს აღქმაში" - ამბობს ბიჭი, რომელსაც გენიოსი უწოდეს.