"წლებია ასე სადისტურად მოკლული ადამიანი არ მინახავს" 21 წლის ანა ნაცვლიშვილმა ორიოდე თვის წინ "ფეისბუკის" პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ფრაზა გააზიარა: " სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია. ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს - მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა - მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც განიერია და არც - გრძელი".
სოციალურ ქსელში მისი აქტიურობის მიხედვით, ის სიკეთით და სიცოცხლით სავსე გოგო იყო - თბილი და მოსიყვარულე, უყვარდა მეგობრები, ცხოველები და ოცნებობდა ბედნიერ მომავალზე, თუმცა...
სამართალდამცავების მტკიცებით, მისთვის სიყვარული დასასრულად იქცა...
გოგონას სასტიკი მკვლელობის ბრალდებით სწორედ მისი შეყვარებულია დაკავებული. ისიც ანას ხნის... მას ღამის 4 საათზე შეყვარებულთან ჰქონდა მიმოწერა.
...
ამ დროს ანას შეყვარებული ახლობლებთან ერთად ტრიალებდა... იმ დილით გოგონას ძებნა სწორედ მან დაიწყო. გამთენიისას მიადგა სახლში ანას ოჯახს. კარი დამ გაუღო და მას უთხრა, ტელეფონით ვწერდი ანას, მაგრამ სოციალურ ქსელში არ მპასუხობს, არც მობილურის ზარებს იღებს და სად არისო? ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ გოგონა შინ იყო, მაგრამ ოთახში ვერ იპოვეს და ამის შემდეგ დაიწყეს მისი ძებნა, რამდენიმე საათში კი ეს შემზარავი ამბავი შეიტყვეს.
პოლიცია დანაშაულის გახსნას შეუდგა. მეზობლები და ახლობლები მომხდარს ახსნას ვერ უძებნიდნენ. გარდაცვლილს ყველა დადებითად ახასიათებდა. ვერ აეხსნათ ვის ან რატომ უნდა მოეკლა სიცოცხლით სავსე, ლამაზი გოგონა. ძალოვნებმა დანაშაული გახსნილად იმავე დღესვე გამოაცხადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ანის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ცნობილია ოფიციალური ვერსიაც, სადისტური მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო და გოგონა შეყვარებულმა შურისძიების მოტივით მოკლა.
არადა, ახლობლები იხსენებენ თითქოს დამწუხრებული დაკარგულ შეყვარებულს რა "გულმოდგინედ" ეძებდა... თურმე გამთენიისას მეგობრებთან ერთად გრიგალაშვილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზეც კი ავიდა - შეყვარებულის საძებნელად.
მართალია გოგონას ცხედარი პოლიციას ნაპოვნი ჰქონდა, მაგრამ თავიდან თქვეს, რომ თითქოს გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იწვა. თემქის საავადმყოფოში მიცვივდნენ გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები. ანის მამას თურმე ანის შეყვარებულიც მიყვებოდა გვერდით. ძალოვნები თვლიან, ამ გზით დამნაშავე შეეცადა ალიბის შექმნასო.
პოლიციამ საავადმყოფოდანვე წაიყვანა ის მოწმის სტატუსით დასაკითხად და მერე გარეთ აღარ გამოუშვეს. განაგრძეთ კითხვა