"რასაც არ ელოდებიან ქალისგან და იმას გააკეთებს, ამას აგრესია მოჰყვება..." - ანი ტყებუჩავას გულახდილი ინტერვიუ "ნინა არ არის ის ტიპაჟი, ვიღაცას რომ სახლში წიხლით შეუვარდება. სხვანაირი ძლიერი შეიძლება იყოს, მაგრამ თინასნაირი არ არის! თინა შევარდებოდა, რადგან სხვანაირია, სხვა ათასი ამით შეიარაღებული და შესაბამისად მის უკან სხვა პასუხისმგებლობებიც არის... ნინას მსგავსად არც მე ვარ რეალურ ცხოვრებაში აქტიური. რაც არ უნდა აღშფოთებული ვიყო, მიტინგზე გამოსვლა ჩემი გამოხატვის ფორმა არ არის"... - "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიებში დღევანდელობის აქტუალური პრობლემა – ოჯახური ძალადობა გამოიკვეთა, რამაც მაყურებლის დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია... ნინას როლის შემსრულებელი, მსახიობი – ანი ტყებუჩავა ვრცლად გვესაუბრა ფილმსა და თავის რეალურ ცხოვრებაზე...
- თქვენც ქალი ხართ და დამეთანხმებით, დღეს ძალადობა როგორი მნიშვნელოვანი თემა ხდება უფრო და უფრო მეტად! უამრავი სამწუხარო მოვლენის მომსწრე გავხდით, რაც ქალების მიმართ გააქტიურებულ ძალადობას მოწმობს! ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული თემაა... ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს! ქალს ძალადობისთვის არ სცალია, კიდევ მილიონი საზრუნავი აქვს!
- ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობის ბევრი ვარიანტი არსებობს. შეიძლება ქმარი არ გივარგოდეს, არ იყოს ძლიერი პიროვნება დ ვერ უწევდეს ოჯახის წევრებს სათანადო წინააღმდეგობას. ოჯახში, სადაც იზრდები, ვიწრო სივრცეა და შეიძლება ნორმად მიგაჩნდეს ძალადობა... როცა ოჯახის ახალი წევრი შემოდის, ძალიან რთულია შენს ოჯახს გვერდიდან შეხედო. იმედი მაქვს, რომ მასობრივად ასეთი ოჯახები არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო ნამდვილად არ არის ასეთი მძიმე სურათი. თუმცა სულ რომ ერთი ოჯახი იყოს საქართველოში, სადაც ძალადობა ნორმაა, მგონია, რომ ადამიანზე მნიშვნელოვანი არაფერია და დაცვა სჭირდება! როცა ადამიანის ფასს მივხვდებით, მაშინ უკვე ყველაფერი დალაგდება! ძალიან რთული თემაა და მოსაგვარებელი. სახელმწიფოს ყველა ორგანოს უნდა მივაწვდინოთ ხმა! არც ვიცოდი, თუ ამდენი რამ არსებობდა.
მაგალითად, შეიძლება ცხოვრობდე ოჯახში და სახელმწიფომ დააწესოს ხელშეუხებლობის ორდერი თუ რაღაც მსგავსი... მოკლედ, გადარჩენის გზა ყოველთვის არსებობს. სამწუხაროდ, პრობლემა სულ სხვა რამეა! კონფლიქტის დროს ორივე მხარეა მეტ-ნაკლებად დამნაშავე. შეიძლება ადამიანმა უღალატოს, ცუდი დედა იყოს, ან ცუდი მამა, ბებია, და ცოლი... აქ მთავარია ის, რომ ადამიანზე ძალადობის უფლება არავის აქვს! სიცოცხლის ხელყოფაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია! სულ რომ ყველაფერი აწყობილი და დალაგებული ჰქონდეს ადამიანს (აწყობილში და დალაგებულში გათბობას და დაპურებას ვგულისხმობ, ჩვენი გონება ჯერ კიდევ ვერ გასცდა ქვის ხანის მოთხოვნილებებს, სამწუხაროდ), მილიონი ფაქტორია კიდევ გარშემო, რაც მასზე მოქმედებს. ცუდი თავისთავად არის ძალიან ბევრი, კარგი კი თავად უნდა შექმნა და მოიპოვო!
თუმცა როგორ შეიძლება კარგზე ფიქრი, როცა გცემენ, შენს თავისუფლებას ზღუდავენ?! ოჯახში იქნება თუ დაწესებულებაში, როცა შენ 24 საათი ჩაგაგონებენ, რომ ძალიან ცუდია, ნებისმიერ ძალიან ძლიერ პიროვნებასაც კი გაუჭირდება ამის გადალახვა! ყველაფერი დალაგებული და გაუთოებული უნდა იყოსო, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ასე არ არის?! თავისთავად ყველამ კარგად იცის, რა არის კარგი და ცუდი, ამაზე შეთანხმებულები არიან რელიგიის თუ ქვეყნების წარმომადგენლები... ასე ჩვენ ბავშვების ქცევა თითქმის არასოდეს არ მოგვწონს, მაგრამ სულ რომ ცუდი ვეძახოთ და ისე გავზარდოთ, როგორი ბავშვი გაიზრდება ადვილი წარმოსადგენია. ასეა ნებისმიერი ადამიანიც. მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს ადამიანი განვითარებას და სულ რომ ცუდი ეძახო ვერავინ ვერ აიტანს. ამიტომაც ინგრევა ოჯახები... ახლა როდესაც სერია ძალადობაზე იყო, ისეთი რამეები გავიგე, გაოცებული ვარ. ზოგი წერდა კომენტარებს სულ არ დამწყდა გული ქმარმა რომ მიმატოვა, იმდენად ცუდი ქმარი იყოო... "ნინას ბლოგსაც" როგორი რეაქცია მოჰყვა. რასაც არ ელოდებიან ქალისგან და იმას გააკეთებს, ამას აგრესია მოჰყვება...
- დიახ... ოჯახში ქმარი ცდილობს დილით სამსახურში წავიდეს, საღამოს მოვიდეს, გადაიხადოს გადასახადები, ხანდახან მეგობრებთან ერთად გაძვრეს და ცოლს მეტის სურვილი თუ გაუჩნდა, ეს აღარ მოსწონს. ნორმად არ ითვლება იმ ადამიანებში, ვისაც აღარ სურს განვითარება და ძალიან რთულია მისთვის ამის გაცნობიერება და აღიარება... ბოლო სერიებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დავინტერესდი კომენტარებით და გავოცდი, ისეთი ხალხი წერდა, ნინას რაღა უნდაო... თავისი დედამთილი ეხმარება, ქმარს საჭმელი მოაქვს, ხუთ ბავშვს ძიძა უზრდის და მეტი რაღა უნდაო... ანუ ხუთი შვილის დედას საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აღარ აქვს? - ჯერ ხუთი შვილი რომ ჰყავს ქალს, იმას რამდენი ძიძაც არ უნდა ჰყავდეს, ყველაფერი დედის გასავლელია - დამოუკიდებლად ჭამიდან დაწყებული, ბანაობით, კიჭებით, სიარულით და სიტყვებით დამთავრებული... ძალიან ეჭვი მეპარება, ამ ყველაფერს თუ რომელიმე კაცი გაუძლებს. ამიტომაც გახდნენ ალბათ ქალები ძალიან ძლიერები, რადგან ჩვენი მშობლების თაობა სხვანაირად იყო...
- ვიღაცას სურს გაიტანოს ოჯახის ამბები გარეთ, ვირაცას არა... ჩვენ გვეკითხება თუ არა ყველაფერზე კომენტარს ვაკეთებთ სოციალურ ქსელში. მე არ ვარ სოციალურ ქსელში დიდად აქტიური, არ გამოვირჩევი დიდად არც პოსტებით და არც კომენტარებით... თუ რაღაც არ მოგწონს შეგიძლია `დააჰაიდო~, `ანფოლოუ~ გაუკეთო... მესმის რომ სოციალური ქსელი ბევრ რამეს ისეთს გვთავაზობს, რაც არ მოგვწონს, მაგრამ გამოსავალი არსებობს. ზოგი იმაზეც კი ღიზიანდება სახლში რომ ზის თავად და სხვა ქალი მასზე აქტიურია... ძალიან მარტივია საერთოდ არ ნახოს მისი აქტიურობა, ისევე როგორც ტყელევიზორის სხვა არხზე გადართვა. ყველაზე ძნელია ოჯახში არ იყოს ძალადობა. რაღაც მექანიზმები უნდა ამუშავდეს. მაგალითად სანამ ღვედი კანონი არ გახდა, მანამდე ვერ გავარკვიეთE კარგი რომ იყო. სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და კანონმა დაარეგულიროს ყველაფერი!
- არადა, ნინა არ არის ასეთი ქალი და არ ვიცი, მაყურებელმა როგორ მიიღო ეს ყველაფერი. ნინა არ არის ის ტიპაჟი, ვიღაცას რომ სახლში წიხლით შეუვარდეს. სხვანაირი ძლიერი შეიძლება იყოს, მაგრამ თინასნაირი არ არის! თინა შევარდებოდა, რადგან სხვანაირია, სხვა ათასი რამით შეიარაღებული და შესაბამისად მის უკან სხვა პასუხისმგებლობებიც არის... ნინას მსგავსად არც მე ვარ რეალურ ცხოვრებაში აქტიური. რაც არ უნდა აღშფოთებული ვიყო, მიტინგზე გამოსვლა ჩემი გამოხატვის ფორმა არ არის. უთქვამთ, იქნებ თქვა რამეო, მაგრამ მიტინგზე შეიძლება იმდენად ემოციურად ვთქვა სათქმელი, რომ ყველაფერი გავაფუჭო. შეიძლება სათქმელი უფრო მეტად ჩემი საქმით გამოვხატო. რასაც კარგად აკეთებ, ჯობია ის საქმე აკეთო, ვიდრე ათას რამეს მიედ-მოედო... ნინას შემთხვევა განსხვავებული იყო. როცა ადამიანი მხოლოდ შენ გწერს, მცემეს და მიშველეო, ძალიან რთულია, ეს დააიგნორო და რეაქცია არ გქონდეს! ასე შევარდნას ალბათ არც ნინა არ გეგმავდა, მაგრამ ასე მოხდა და აეწყო. ალბათ ასე ხდება იმ ადამიანებშიც, რომლებიც შემდეგ მასობრივი ძალადობის წინააღმდეგ მიდიან. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ერთ მშვენიერ დღეს არავის არ გაუღვიძია, არიქა, ახლა დღეს მიტინგი უნდა მოვაწყოო. როცა ადამიანი გულწრფელი ხარ, სხვანაირად ვერ მოიქცევი.
- ძალიან რთულად ვუმკლავდები, რაც არ უნდა ადვილი ჩანდეს შორიდან. ურთულესია ორივე ერთდროულად და ეს არ ეხება კონკრეტულ პროფესიას. ნებისმიერი ადამიანი ამ დღეშია, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშაც არის ბავშვები, თუნდაც მარტო ღამით. ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური სახლში გაქვს! მიუხედავად იმისა, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო, ყველაფერს მერე მაინც მიხვდები. როგორც სიჩუმეში რომ ხარ და მაშინ ხვდები, ხმაური რა ცუდი რამეა. დაახლოებით ასე ხდება. როცა ძალიან იღლები და უკვე ცუდად ხარ, მაშინ გრძნობ ყველაფერს. ჩვენთან ხომ არ არსებობს ნორმალური გრაფიკი, ყველა გადაჭარბებულად ვმუშაობთ. ოჯახს კიდევ თავისი პრობლემები აქვს, რაც ათას სტრესთან არის დაკავშირებული. მშობიარობის შემდეგ არ მოგწონს შენი თავი, სანამ ფორმაში ჩადგები და ასე შემდეგ... კომუნისტების დროს ორი წელი იყო დეკრეტული შვებულება. მე კომუნისტების დრო არც მახსოვს და არც მივტირი, უბრალოდ ვახსენე. ორი წლის მერე ყველაფერი გაცილებით მარტივია. მე პირადად პირველი ბავშვი ათი თვის იყო, როცა სამსახურში გავედი. მეორეზე უფრო გამიადვილდა ყველაფრის აწყობა და ერთ თვეში გავედი... ბებიები მეხმარებიან და როგორც მე ღამის ხუთ საათზე მომწერენ გეგმას, მეორე დღეს სად ვმუშაობ, ისე ვწერ ბებიებსაც და ისინიც ჩემს რეჟიმში მუშაობენ. ძიძა არ მყავს, ასე გადავწყვიტეთ. უფროსი უკვე დადის ბაღში და ძალიან ბედნიერია.
მანანა გაბრიჭიძე