ბავშვის ინტიმური ზონების მოვლა ძალიან საყურადღებოა გოგონას ინტიმურ ჰიგიენას გინეკოლოგები უფრო მნიშვნელოვნად თვლიან, ვიდრე მოზრდილი ქალისას. საქმე ისაა, რომ გოგონას ჯერ ესტროგენული დაცვა არ აქვს და მათი სასქესო სისტემა ინფექციებისა და ანთებების მიმართ არამდგრადია. ამიტომ ბავშვის ინტიმური ზონების მოვლა ძალიან საყურადღებოა.
არსებობს რამდენიმე ზოგადი წესი:
1. გოგონას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადი ჰიგიენის ნივთები - საკუთარი საპონი, პირსახოცი და ღრუბელი.
2. ჰიგიენური პროცედურის წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით. წყლის ნაკადი კი ბავშვის მუცლიდან დუნდულებისკენ უნდა მიმართოთ. ამავე მიმართულებით უნდა წაუსვათ საპონიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ინფექცია შეიჭრას.
3. გამოიყენეთ РН ნეიტრალური საბავშვო საპონი.
4. ჰიგიენური პროცედურა დღეში ორჯერ - დილით და ძილის წინ უნდა ჩაუტაროთ. დასაბანმა საშუალებამ საშოში არ უნდა შეაღწიოს, რადგან შეიძლება მიკროფლორის დარღვევა გამოიწვიოს.
5. შხაპის გამოყენებისას ნაკადი ძლიერი არ უნდა იყოს.
6. ერიდეთ სინთეტიკის საცვლებს. ისინი კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და ხელს უწყობენ ანთებით პროცესებს.
7. გოგონას საცვალი რბილი ბამბის ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული.
8. საცვალი დღეში 2-ჯერ უნდა გამოუცვალოთ.
9. ბავშვის სარეცხი ყოველთვის ცალკე გარეცხეთ. პირსახოცი ინტიმური ჰიგიენისთვის კვირაში 2-ჯერ უნდა გარეცხოთ და აუცილებლად უნდა გააუთოვოთ, ისევე, როგორც საცვლები.
10. თუ სიწითლე შენიშნეთ, აუცილებნლად მიმართეთ ბავშვთა გინეკოლოგს. ეს შეიძლება იყოს ალერგია, ინფექცია, ავიტამინოზი ან ჭიებით გამოწვეული ანთება.
სასქესო ნაოჭებში გოგონებს თეთრ-ყვითელი ფერის ნადები, სმეგმა უგროვდებათ, რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს. მისი არსებობა ნორმალურია, ხოლო თუ ჭარბად დაგროვდა, საბავშვო ზეთში დასველებული ტამპონით მოაცილეთ.
წლამდე ასაკის გოგონას ჰიგიენა
ყველა პროცედურა დიდი სიფრთხილით უნდა ჩაატაროთ, რადგან ახალშობილის კანი მეტსმეტად ნაზია. საფენი 3-4 საათში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ და სველი ხელსახოცით უნდა გაუწმნინდოთ. ყოველი დეფეკაციის შემდეგ კი ჩაბანვა აუცილებელია. თავი შეიკავეთ ტალკის გამოყენებისგან, რადგან ხშირად აღიზიანებს ბავშვის კანს. უპირატესეობა სპეციალურ კრემებს მიანიჭეთ.
არ ჩაიწვინოთ ბავშვი საწოლში პამპერსის ან საცვლის გაერშე. არ გამოიყენოთ მისთვის საერთო ტაშტი ან პირსახოცი. ძალიან ხშირად პატარა გოგონები უფროსების ინფექციებით იტანჯებიან და მიზეზი ამ მარტივი და ყველასთვის ცნობილი წესების დარღვევაა.
7 წლამდე გოგონას ჰიგიენა
ყოველთვის მჭიდრო საცვალი ეცვას, განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა კაბები აცვია. მოშვებული საცვლიდან შეიძლება მტვერი შევიდეს ან ეზოში თამაშისას მიწით დაუბინძურდეს გარეთა სასქესო ორგანოები.
3 წლიდან მიაჩვიეთ, რომ ჰიგიენური პროცედურა თავად ჩაიტაროს, თანაც ყოველდღე.
ამ ასაკიდან ბავშვები ძალიან ბაძავენ უფროსებს. ნუ დაანახებთ გოგონას საფენების ან ტამპონის გამოცვლის პროცესს. საკმაოდ ბევრმა ბავშვმა დაიზიანა თავი უცხო საგნებით, როცა "დედობანას" თამაშობდა. არაფერს ვამბობთ ფეხების, ხელებისა და სახის პარსვაზე ბავშვის თვალწინ. ეს საკმაოდ გავრცელებული უსიამოვნებაა ოჯახებში.
სასკოლო ასაკიდან სქესობრივ მომწიფებამდე გოგონას ინტიმური ჰიგიენის წესები არ იცვლება. უბრალოდ, 7 წლიდან შეგიძლიათ ახმაროთ ინტიმური ადგილების დასაბანი საშუალებები. სკოლაში კი უნდა მოაწესრიგოთ ტუალეტის პრობლემა. მოუწესრიგებელი ან ხალხმრავალი საპირფარეშოების გამო ბავშვები ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში იკავებენ შარდს ან კუჭის მოქმედებას. ეს კი მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
10-11 წლიდან გოგონას უამბეთ მენსტრუაციის შესახებ და აუხსენით ყველა წესი. ასწავლეთ, რომ საფენის გამოცვლა დღეში 2-3-ჯერ აუცილებელია. ტამპონების გამოყენება კი, თუნდაც მინიმალური ზომის, დაუშვებელია.