რის ჩაცმას უკრძალავენ ცნობილი მშობლები შვილებს? ლამაზად ჩაცმა ყველას უყვარს, მაგრამ ბოლო დროს ბავშვები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. თინეიჯერები აქტიურად ადევნებენ თვალს მოდის თანამედროვე ტენდენციებს, ცდილობენ, ბრენდული იყოს მათი გარდერობი და ასევე ხშირად ბაძავენ ფავორიტ მსახიობსა თუ მომღერალს. როგორ ახერხებენ მშობლები მოზარდების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და რის ჩაცმას უკრძალავენ ჩვენი რესპონდენტები საკუთარ შვილებს, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: "მთელი ჩემი გარდერობი ათვისებული აქვს"
- ჩემი გოგო 18 წლისაა და, რა თქმა უნდა, ჩაცის საკითხი ძალიან აქტუალურია მისთვის. პატარა რომ იყო და ახალ სამოსს მოვუტანდი, ერთი კვირა მჭირდებოდა ხვეწნა, რომ ჩაეცვა, ახლა პირიქითაა, მთელი ჩემი გარდერობი ათვისებული აქვს. თავისი არ ჰყოფნის და სულ მოთქვმას, რომ რაღაც უნდა. მაგაში მე დამემსგავსა, ნეტა სწავლაში დამმსგავსებოდა ასე.
- ბრენდებზე თუ აკეთებს აქცენტს?
- უნდა ვთქვა, რომ უკიდურესად გემოვნებიანია, ჩემგან განსხვავებით, გამომწვევად ჩაცმა არ უყვარს, მაგრამ მაინც ახერხებს, ორიგინალური და თვალშისაცმი რაღაცები შეარჩიოს. მშვენივრად იცის, რომ ისეთი რამ არ უნდა ჩაიცვას, რასაც დედა ირგებს და არ აქვს პრეტენზია, რომ ძვირიანი რაღაცები ვუყიდო. ძირითადად ბაბუას ართმევს ფულს და თავად შოპინგობს. თუ რაღაც ბრენდული უნდა, ხან ჩემთან შეთანხმებით და ხან დაუკითხავად ყიდულობს. რჩევებს იღებს ჩემგან და მეც ვეკითხები აზრს, ზოგადად ერთმანეთის შეხედულებებს ვითვალისწინებთ. საყიდლებზე იშვიათად დავდივართ ერთად, რადგან არ მცალია, მაგრამ ერთნაირად ვგიჟდებით ამ პროცესზე და ვუგებთ ერთი მეორეს.
- გუგა თუ უკრძალავს გარკვეული ტიპის სამოსის ჩაცმას?
- კი, თუ სამოსი გამომწვევია, ძალიან მოკლეა, რასაკვირველია, გუგა ამაზე შეშფოთებას გამოთქვამს. ბაბუამისი ვერ იტანს დახეულ ჯინსებს, ამიტომ იმასთან რომ მიდის, არ იცვამს, არ აღიზიანებს. ძალიან მოხერხებული თაობა მოდის. ახლა რაღაც "მაჯაჯო" ფეხსაცმელი იყიდა, რომელიღაც დიზაინერის შეკერილი, მისი ასაკის თითქმის ყველა გოგოს აცვია, მინდა დავუწვა და გადავუყარო, მაგრამ არაფერი გამომდის.
- აქვს დაწესებული ლიმიტი, რამდენი უნდა გადაიხადოს ვთქვათ, სამოსში?
- კი, კი, დააახლოებით იცის, სად უნდა გაჩერდეს, თან ისიც იცის, რომ მე და გუგა არ მივცემთ ფულს, ჩვენთან არაფერი გაუვა, გულქვა და შეუვალი მშობლები ვართ. ძირითადად ბაბუას აწუხებს, მის იმედადაა და ანგარიშიანიცაა, ჩემგან განსხვავებით, მფლაგველი არაა. მე მის ასაკში ბევრად უფრო გაუმაძღარი ვიყავი და რაღაცას რომ ამოვიჩემედი, სანამ არ მიყიდდნენ, არ ვიძინებდი.
- შენი გარდერობი რომ ათვისებული აქვს გვითხარი, მაგრამ სამკაულებშიც გეცილება უკვე?
- არა, არ შემცილებია ჯერ, საბედნიეროდ. ყური გახვრეტილი არ აქვს და სურვილიც არ გააჩნია. მისი ასაკისთვის შეუსაბამოა ჩემი ყველა სამკაული და არანაირი სურვილი არ აქვს, ჩემი ბრილიანტებით გამოიპრანჭოს. არადა, მე მესამე კლასში ვიკეთებდი დედაჩემის სამაჯურებს, რისთვისაც "მკლავდა", მაგრამ ჩემი შვილი არაა ასე.
- მაკიჟის თვალსაზრისით როგორ გაქვთ საქმე?
- ძალიან სადად იკეთებს. ზამთარში ამოჩემებული ჰქონდა "ზაგარნი" ტონალური, რაზეც მე ცალკე ვგიჟდებოდი და გუგა – ცალკე, მაგრამ ახლა და ახლა იშვიათად იყენებს. ვეუბნებოდი, ნუ მოისპობ სახის კანს ამის გამო-მეთქი, კარგი კანი აქვს და არ საჭიროებს ასეთ დატვირთვას. ამ ასაკში ექსპერიმენტებს იტარებენ ხოლმე და ჩემი გოგოც არაა გამონაკლისი.
- ამ ბოლო დროს წამოვიდა ტენდენცია, მშობლები შვილების პატივსაცემად იკეთებენ ტატუებს, ხომ არ გიფიქრია ამაზე? ან თავად ბაიას ხომ არ აქვს ტატუს გაკეთების სურვილი?
- ერთი-ორჯერ გამოთქვა სურვილი, მაგრამ იქვე ჩავუხშე. რომ დაბერდები და მოჭკნები, რა სანახავი იქნება ეს ტატუ?! სანამ ლამაზია მხარი და ბეჭი, კიდევ ჰო, მაგრამ რომ დაჭკნები, გვირგვინზე მიმჭკნარი მიხაკივით, მერე? დროებითი კი სხვა თემაა. მე არ მიყვარს ტატუები და არც მაქვს. მუდმივი რაღაცები მაშინებს, თან მერე მოშორებას იცი, რამდენი წვალება და ფული უნდა? თან ბოლომდეც არ იშლება. ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, მე არ მიზიდავს, ვისაც მოსწონს, უნდა გაიკეთოს, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. სხვათა შორის, სახელმწიფო სამსახურში ტატუთი არ იღებენ, თუ ადამიანს აქვს, უნდა მოიშოროს და შემდეგ იფიქროს იქ მუშაობის დაწყებაზე. პირსინგები, ცხვირის, ჭიპის გახვრეტა არ მაღიზიანებს, თან თუ აღარ მოგინდება, მოიძრობ სიბერეში და ეგ იქნება, გინდა გამოაჩენ, გინდა – არა. ლამაზ მუცელს უხდება საყურე, მომწონს, ოღონდ მე არ გავიხვრიტავ იმიტომ, რომ რთული მოსავლელია, ტანსაცმელი თუ ხშირად შეეხო, ღიზიანდება და გაფრთხილება სჭირდება.
სოფია სებისკვერაძე: "ჩემი შვილის ყოველი დღე იწყება კითხვით - რა ჩავიცვა?!"
- დამოუკიდებლად ჩაცმა ჩემმა შვილმა დაახლოებით შვიდი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პირველ-მეორე კლასში იყო. ისე, პატარაობაში რამდენიმე კაბა ჰქონდა ამოჩემებული და უნდოდა, სულ ის ცმოდა. რაც არ უნდა მომერგო ბავშვისთვის, ზემოდან აუცილებლად უნდა გადამეცვა მისთვის საყვარელი "ფუშფუშა" წითელი კაბა.
- შემდეგაც გამოჰყვა პრეტენზიულობა?
- კი, კი და რაც იზრდება, უფრო და უფრო მძაფრდება, იმიტომ, რომ ყოველი დღე იწყება კითხვით - რა ჩავიცვა?! ჩემს აზრს ითვლისწინებს და თუ არ ვართ ერთსა და იმავე ქალაქში, მაშინ "ვაიბერით" მაჩვენებს ხოლმე შერჩეული სამოსის შესაძლო ვარიანტებს და მეც ვეუბნები, მოირგოს თუ არა. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ მარის კარგი გემოვნება აქვს, თავისი სურვილითაც კარგად უხამებს ფერებს და სამოსს ერთამეთს, ბოლომდე ჩემზე არაა დმოკიდებული ამ საკითხში.
- შოპინგზე სიარული უყვარს?
- მართალია, ლამაზად ჩაცმა უყვარს, მაგრამ ძალიან არ მოსწონს შოპინგი, სულ ცუდ ხასიათზეა ამ დროს, წუწუნებს და ერთი სული აქვს, როდის გამოვა მაღაზიიდან, ვიღლებით ამ პროცესით.
- ბრენდებს თუ აქცევს ყურადღებას?
- არა, არა, ჯერ ბრენდომანია არ დაწყებია.
- შენი გარდერობითაც ხომ არ სარგებლობს?
- სარგებლობდა, მაგრამ ახლა ვეღარ, იმიტომ, რომ პატარა აქვს უკვე ჩემი სამოსი, გაიზარდა. თუმცა არის ისეთი რაღაცები, რასაც ერთმანეთისას ვიცვამთ.
- დედის პოზიციიდან უკრძალავ რაიმეს ჩაცმას?
- არ მომწონს, რომ უნდა, ჩაიცვას ჩემი ოდნავ მაღალძირიანი ფეხსაცმელი, ან "ბათინკი", რომელიც მის ასაკთან შესაფერისი არ არის, თორემ დანარჩენი არაფერი ამიკრძალავს.
- მოდის თანამედროვე ტენდენციებს ერთად განიხილავთ ხოლმე?
- კი, ძირითადად მისი საყვარელი მსახიობების მიბაძვით იცვამს, მაგალითად, მოსწონს ჰოლანდ როდენი სერიალიდნ "Teen Wolf".
თეა გობეჯიშვილი: "ნიტას სულ ენატრება კაბები"
- როგორც ყველა გოგოს, ნიტასაც უყვარს ლამაზად ჩაცმა, განსაკუთრებით კაბები, რადგან იშვიათად აცვია და ალბათ ამიტომ. ძირითადად სპორტულად და პრაქტიკულად იმოსება, ამის გამო სულ ენატრება კაბა.
- სამოსის შერჩევისას დიდხანს ფიქრობს?
- არა, დამყოლია ამ საკითხში. თუ ახალი სამოსი აქვს, შეიძლება თქვას, იმას ჩავიცვამო, თორემ ზოგადად პრეტენზიული არ არის.
- თუნდაც პატარაობაში თუ ჰქონდა ამოჩემებული სამოსი?
- კი, "ფუშფუშა" კაბები მოსწონდა ძალიან და სეზონის და მიუხედავად ყველაზე მეტად უხაროდა ამის ჩამცა, მეც არ ვუშლიდი. მგონია, რომ იმ კაბას რომელიღაც ზღაპრის გმირს უკავშირებდა წარმოსახვაში. მახსოვს, ბავშვობაში რაც მეტი "აბორკა", ბრჭყვიალა და "კრუჟავა" ჰქონდა, მით უფრო მიზიდავდა ასეთი კაბები, ნიტაც იგივეს იმეორებდა. როდესაც გასტროლზე ან უბრალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიყავი და მისთვის ვიძენდი სამოსს, აუცილებლად ვითვალისწინებდი მის სურვილს და ჩამომქონდა ერთი "ფუშფუშა" კაბა მაინც, რადგან ვიცოდი, ყველაზე ძალიან ის გაახარებდა.
- ნიტას რამდენად უყვარს საყიდლებზე სიარული?
- მე შემიძლა საათობით ვიარო და არ ვიღლები ამ პროცესით, მაგრამ ნიტასთვის შემიმჩნევია დაღლილობა, დიდხანს არ შეუძლია სიარული. ამაში მგონი, უფრო მამამისს ჰგავს. გადაწყვეტილებასაც მალე იღებს, შეხედავს, თუ მიხვდა, რომ მოსწონს, მაშინვე იყიდის, მე უფრო მეტს ვფიქრობ. შეიძლება სამჯერ მოვიარო, მერე მივბრუნდე და ფიქრის შემდეგ შევიძინო.
- დღევანდელი ბავშვები მოდის ტენდენციებს და ბრენდებსაც აქცევენ ყურადღებას...
- ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მისდევს მოდის ტენდეციებს, შეიძლება საერთოდ არამოდურმა სამოსმა მიიპყროს მისი ყურადღება და მგონი, არც იცის, რა არის მოდაში. ძალიან დაკავებულია და ამაზე სასაუბროდაც კი არ რჩება დრო, ასე რომ, ასეთ დეტალებზე ყურადღებას არ ამახვილებს.
- უშლით რაიმეს ჩაცმას?
- არა. თუ ფერები არ უხდება ერთამენთს ან სამოსი არ ეხამება, ვეუბნები, თორემ დანარჩენს არაფერს ვუშლი. მაგრამ ნიკას ფეხსაცმელზე აქვს გართულება, ამ დეტალს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, არ მოსწონს ზოგადად, "ბასანოშკები" და ყოფილა შემთხვევა, როცა უთხოვია ნიტასთვის, რომ გამოეცვალა.
- შენც გიშლის "ბასანოშკების" ჩაცმას?
- დიახ, არ მოსწონს, ამიტომ მარტივად ვწყვეტ ამ საკითხს, ძირითადად კედი მაცვია და ორივე კმაყოფილები ვართ. ფეხსაცმლის თვალსაზრისით ნიტა ძალიან პრეტენზიულია, უნდა ანახვო და ისე იყიდო.
- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვს ძვირად ღირებული სამოსი არ უნდა უყიდო, თუნდაც იმიტომ, რომ არ გათამამდეს, ეთანხმებით ამას?
- ბავშვის სამოსი სულაც არ ღირს იაფი, უნდა უყიდო თუ არა ძვირად ღირებული, ეს საშუალებაზეა დამოკიდებული. შეიძლება რაღაც ძალიან მომეწონოს, იმ მომენტში მქონდეს თანხა და შევიძინო, მაგრამ ფასზე ბავშვთან ყურადღება სულაც არ გავამახვილო და არ მივანიშნო, რომ განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. ჩემთვის მთავარია, სამოსი მომეწონოს, ოღონდ შეიძლება სულაც არ იყოს ძვირი. ზოგადად, ფასზე საუბარი და აქცენტის გაკეთება არაა საჭირო და არ უნდა იყოს ეს ბავშვთან განხილვის საგანი.
ციცი ომანიძე