ყველამ არ იცის, როდის მოამზადოს კორკოტი და როგორი უნდა იყოს საკურთხი? არ არსებობს ოჯახი, სადაც მიცვალებულთა ხსოვნას არ აფასებენ. ქართველები საფლავებსაც მოწიწებით ვუვლით და გარდაცვლილთა ხსენების დღეებიც წესების დაცვით გვინდა აღვნიშნოთ. თუმცა ყველამ არ იცის, როგორ მიაგოს პატივი გარდაცვლილს და როგორ აღნიშნოს მიცვალებულთა დღე, როდის მოამზადოს კორკოტი და როგორი უნდა იყოს საკურთხი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- მიცვალებულთა მოხსენიებისთვის წლის განმავლობაში დაწესებულია განსაკუთრებული დღეები. რომელია ეს დღეები და რატომ დაწესდა?
- ყველა მიცვალებულს არ ჰყავს მომხსენებელი. რამდენიმე თაობის შემდგომ იშლება მეხსიერებიდან წინაპართა სახელები. ამიტომ ეკლესიამ IV საუკუნიდან დააწესა საგანგებო დღეები მოხსენიებისა. მოციქულთა გარდამოცემა მტკიცედ დაიცვეს მათმა მოწაფეებმა, ხოლო წმინდა საბა განწმენდილმა კი V საუკუნეში საგანგებო მსახურება შექმნა მათდამი მიძღვნილი. მიცვალებულის ხსენების დღეები მოძრავია და აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ უმჯობესია, საეკლესიო კალენდარი გამოიყენოთ, სადაც ყველა ეს დღე გასაგებად არის აღნიშნული.
- მიცვალებულთათვის ტრადიციულად ხორბლისგან ვამზადებთ კორკოტს ან წანდილს. ერთი მარილიანია, მეორე - ტკბილი. აქვს მნიშვნელობა, როდის რომელს მოვამზადებთ?
- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ სურვილისამებრ ორივე მოამზადოთ. კორკოტი ერთგვარი მსხვერპლია და ამასთანავე ხორბალი განასახიერებს ნაყოფს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ლპება და ახალ თავთავს იღებს. ჩვენც გამოვხატავთ ნდობას ღვთისადმი, რომ ჩვენს სულებს მსგავსად აღადგენს სასუფევლისთვის.
- რატომ ამზადებენ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საკურთხს და რისგან უნდა შედგებოდეს იგი?
- ქრისტიანებს ადრე მიჰქონდათ ეკლესიაში ძღვენი, მოიხსენიებდა სასულიერო პირი და შემდგომ გაჭირვებულებს ურიგებდნენ ოჯახის წევრები. საკურთხში აუცილებლად უნდა შედიოდეს მარილი, ზეთი, ღვინო, ხორბალი. ხოლო დანარჩენი ისაა, რაც გინდათ, რომ ძღვნად მიართვათ ქრისტიანს მოწყალების სახით.
- საკურთხი ეკლესიაში უნდა იკურთხოს. შემდეგ უნდა წამოვიღოთ თუ იქვე დავტოვოთ გაჭირვებულთათვის?
- თუ თავად იცნობთ გაჭირვებულებს, შეგიძლიათ წაღება და მათთვის განაწილება. შეგიძლიათ ეკლესიაშიც დატოვოთ.
- გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში რომელი ფსალმუნები უნდა უკითხონ ახლობლებმა და რა მნიშვნელობა აქვს მის წაკითხავს?
- ოცივე კანონი უნდა ვიკითხოთ ახლობლებმა, კარგი იქნება, თუ ჯგუფს შევქმნით და თითო კანონად გადავინაწილებთ. ვიცით, რომ მე-40 დღე განსაკუთრებულია. მოსე 40 დღე ელოდებოდა სჯულის მიღებას, ეგვიპტელებმა 40 წელიწადი იხეტიალეს აღთქმულ მიწამდე მისასვლელად, ქრისტემ 40 დღე იმარხულა. მიცვალებულის სული მეორედ თაყვანისცემის შემდგომ მოიხილავს ჯოჯოხეთის ჯურღმულებს და ნახავს, თუ როგორ იტანჯებიან ცოდვილთა სულები, რის შემდეგაც მესამედ მიიყვანენ ანგელოზები უფალთან მუხლდრეკისთვის, სადაც განეჩინება ადგილსამყოფელი ქვეყნად ჩადენილი საქმისამებრ. ჩვენი მხრიდან ფსალმუნების კითხვა, ლოცვა, წირვა ხელს შეუწყოფს მისი სულის ხვედრი შეამსუბუქოს ღმერთმა. უფლის მოწყალებაზე ვართ ყველანი დამოკიდებულნი.
- ვიცით, რომ ყველა მიცვალებულის მოხსენიება არ შეიძლება...
- თვითმკვლელნი, ლოთობაში აღსრულებულნი, ერეტიკოსები (მწვალებლები), სხვა აღმსარებლობის ადამიანნი, მოუნათლავნი, ნარკოტიკში გაპარულნი, ღვთის მგმობელნი, ათეისტნი, რომელთაც არ მიაჩნდათ ქრისტე მხსნელად.
- მოუნათლავსა და თვითმკვლელს წესს არ უგებენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი სულების საოხად?
- მოწყალება გავცეთ მათ სახელზე, რათა უფალმა შეუმსუბუქოს ხვედრი.
- რამდენი ხანი უნდა ატაროს გარდაცვლილის ახლობელმა შავი ტანსაცმელი?
- გლოვა სასოწარკვეთის გარეშე და ლოცვაში 40 დღე შავებით საკმარისია.
- მიცვალებულთა საფლავის მოწყობისთვის ბევრი რამ არის საჭირო?
- ჯვრის ნიშნით გამოთლილი ქვა. სრა-სასახლეები არ სჭირდება მიცვალებულის სულს.
- აუცილებელია მიცვალებულის საფლავის კურთხევა და ეს რამდენჯერ უნდა მოხდეს?
- წელიწადში ერთხელ კარგია.
- შეკვეთილ წირვასაც შევეხოთ... რა მნიშვნელობა აქვს მას?
- წირვისას მოხსენიება ყველაზე აღმატებულია, ამ დროს ბარძიმში ჩაეშვება მიცვალებულის სახელზე ნაკვეთი ნაწილი და უფალს ვთხოვთ მისი წმინდა სისხლით განიწმინდოს აღსრულებულის ცოდვები.
- ქელეხი ჩვენი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია, ასევე ორმოცი და წლისთავი... აუცილებელია ამის აღნიშვნა?
- უმჯობესია გლახაკებს დაურიგდეს ის, რასაც მხოლოდ საკუთარი თავისა და საზოგადოების თვალის დასანახად ვიქმთ. მარტივად შეიძლება ქელეხის გადახდა, დანაზოგი კი გაჭირვებულისთვის გასაცემად გადავინახოთ, რაც ზეცაში შეკრებილი სალარო იქნება.
- ორმოცსა და წლისთავზე სუფრა უფრო სხვების გამასპინძლებაა. მიცვალებულის სულისთვის რა უნდა გაკეთდეს ამ დღეებში?
- წირვა ან პანაშვიდი გადაახდევინეთ მოძღვარს, ეს სუფრაზე მეტია.
თეა ცაგურიშვილი