ბასტი-ბუბუს ბლოკნოტები და სტიკერები - ეს გამომცემლობა "პალიტრა L-ისა" და ბასტი-ბუბუს თანამშრომლობის პირველი შედეგია. ბასტი-ბუბუს ბლოკნოტები და სტიკერები - ეს გამომცემლობა "პალიტრა L-ისა" და ბასტი-ბუბუს თანამშრომლობის პირველი შედეგია. სამომავლოდ კი, ორი ქართული კომპანიის თანამშრომლობით კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტის შექმნა იგეგმება. უახლოეს მომავალში გამოვა ბალიშები ბასტი-ბუბუს ილუსტრაციით. უკვე მიმდინარეობს მუშაობა წიგნების სერიაზე, რომლის მთავარი გმირებიც სწორედ ბასტი და ბუბუ იქნებიან.
ბასტი-ბუბუს დირექტორის თამარ ახვლედიანის განმარტებით, თანამშმრომლობის შედეგად შექმნილი პროდუქტებით ბასტი და ბუბი თითოეულ ოჯახს უფრო მეტად დაუმეგობრდებიან.
"ეს თანამშრომლობა, პირველ რიგში, იმიტომ არის საინტერესო, რომ ორი ჭეშმარიტად ქართული კომპანია გავერთიანდით და ძალიან საინტერესო შეთავაზებებს ვუმზადებთ საზოგადოებას. ჩვენ უკვე 25 წელია ვარსებობთ და საზოგადოებამ ჩვენი გმირები ძალიან შეიყვარა. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან მათ სხვა ამპლუაშიც ეყოლებათ ბასტი და ბუბუ. ეს იქნება უფრო ახლოს და უფრო გულთან. ისინი ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდებიან. ეს ფაქტი კი ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ბასტუ და ბუბუ არიან ქართველი გმირები, რომლებიც აქ დაიბადნენ და აქ იზრდებიან. ჩვენ ყველა სიახლეს განსაკუთრებული გულისყურითა და დაფიქრებით ვამზადებთ. ამჯერად კი ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც ახლა სჭირდებოდა საზოგადოებას," - განმარტავს თამარ ახვლედიანი.
"პალიტრა L-ისთვის" ეს ქართველ გმირებთან მუშაობის შემთხვევა პირველი არაა. გამომცემლობა უკვე დიდი ხანია თოვლის გუნდა აქცია წიგნის პერსონაჟად. გამოცემულია გუნდასთან დაკავშირებული წიგნები, პაზლები, სტიკერები, სათამაშოები, ჭიქები, ბალიშები თუ სხვა. ბასტი და ბუბუს გმირების დამუშავებაშიც დიდი სამუშაო გუნდია ჩართული. "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნათია ზაქრაძის განმარტებით, პროექტს მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქართველ პერსონაჟებზეა საუბარი.
"ჩვენ დიდი ხანია წარმატებით ვთანამშრომლობთ ბასტი-ბუბუსთან. წლებია ჩვენს საბავშვო ღონისძიებებში ბასტი-ბუბუს სტუდიის ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები და უფრო საინტერესოს ხდიან მას. ბასტი-ბუბუ სტუდია ჩვენ გვერდით ი როცა საერთაშორისო პროექტების "ვინქს კლუბისა" და "დისნეის" სერიის წიგნების გამოცემა დავიწყეთ. გვიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო სერიოზულ ფაზაში შევიდა და გვეამაყება, რომ ის ბასტი და ბუბუ, რომელმაც რამდენიმე თაობა გაზარდა, საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომები იქნებიან" - განმარტავს ნათია ზაქრაძე.
ბასტი-ბუბუს თემატიკაზე შექმნილი პროდუქცია ფართოდ იქნება წარმოდგენილი წიგნის ფესტივალზეც, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება. საბავშვო კუთხეში ბასტი და ბუბუს ანიმატორები ბავშვების გამხიარულებაზეც იზრუნებენ.