რამდენ ხანს უნდა გავაჩეროთ ბავშვი კურორტზე, რომ შედეგი დაეტყოს? გაზაფხულის სეზონისთვის რომელი კურორტია სასურველი, რამდენ ხანს უნდა წავიყვანოთ ბავშვი, რომ კურორტის შედეგი დაეტყოს და დასვენების ნაცვლად საფრთხე არ შევუქმნათ, ამ მეტად მნიშვნელოვან თემებზე რჩევას mshiblebi.ge-ს მკითხველს ცნობილი ექიმი ინგა მამუჩიშვილი აძლევს...
- ქალბატონო ინგა იწყება დამტვერვის პერიოდი სურამისთვის, ბორჯომისთვის, ბაკურიანისთვის. როდიდან როდემდე გრძელდება ეს პერიოდი, რისთვის არის სასარგებლო?
- კურორტზე ბავშვის გაყვანა საჭიროა და აუცილებელი! ბავშვი უნდა გავარიდოთ იმ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციას, რაც დღეს თბილისში გვაქვს! განსაკუთრებით როცა ამხელა გამონაბოლქვია მანქანების, მომატებულია ტყვიის შემცველობა! ამიტომ ბავშვი ზაფხულში მაინც უნდა გავიყვანოთ და სასურველია, უფრო დაბალმთიან კურორტებზე. არსებობს მაღალმთიანი და დაბალმთიანი კურორტები: დაბალმთიან კურორტებში არის გარდამავალი ჰავა, ნესტი ნაკლებია... წლამდე ასაკის ბავშვები უფრო მეტად უნდა გავიყვანოთ თბილისის შემოგარენში, ახლოს მდებარე კურორტებზე. როგორიც არის მაგალითად – წყნეთი, კიკეთი, მანგლისი... არაჩვეულებრივი, მაღალმთიანი კურორტია ბახმარო, სადაც შეზავებულია ზღვის, მთის ჰავა და ძალიან სასარგებლოა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისთვის, ალერგიული ბავშვებისთვის...
რაც შეეხება დამტვერვას, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება მაქვს. დამტვერვის პერიოდში მშობლები ყველანაირად იჭირვებენ, ოღონდაც ბავშვი მაინცდამაინც იმ დროს გაიყვანონ. მე სულაც არ ვთვლი აუცილებლობად, იმიტომ რომ 21-ე საუკუნის თითქმის ყველა ბავშვს ბრონქების ჰიპერმგრძნობელობა აქვს. ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ოფსტრუქციული მდგომარეობა და უარესი მოხდეს. დამტვერვის პერიოდს რასაკვირველია თავის დადებითი ჩვენება აქვს და ამას ექიმები ეტყვიან, სჭირდება თუ არა. თავიდან ბოლომდე ექიმმა უნდა შეაფასოს, შეიძლება თუ არა ამ ბავშვის გაყვანა დამტვერვის პერიოდში. თუ არადა ბავშვი ჩვეულებრივად უნდა გაიყვანონ ზაფხულის პერიოდში. მსურს ჩვენი მშობლები დავამშვიდო, რადგან ყველას არ აქვს საშუალება ძვირადღირებულ კურორტებზე გაიყვანონ. თუ აქვთ სოფელი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ჰაერია და ნატურალური პროდუქტებია, ასეთ ადგილებზე ბავშვების წაყვანა ძალიან სასარგებლოა.
- რასაკვირველია ბავშვი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ბუნებასთან რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი რომ მიიღოს, რისი საშუალებაც თბილისში ძალიან მცირეა.
- მე ვთვლი, რომ არ ღირს ძვირი მანგლისი... ყველამ თავის ჯიბეს უნდა მოარგოს კურორტზე ბავშვის წაყვანა, მაგრამ მაინც ყველას ვურჩევ, რომ დაბალმთიან კურორტებზე გაიყვანონ ბავშვები და თბილისთან ახლოს. თუ ბავშვს სამედიცინო დახმარება დაჭირდება და ამისგან დაზღვეული არავინ ვართ, თბილისთან ახლოს უნდა იყვნენ.
ძალიან წინააღმდეგი ვარ ეგრეთწოდებული `ფეშენ~ დასვენების. დედებს გაჰყავთ ბავშვები ძალიან ძვირადღირებულ სასტუმროებში, აქცევენ ერთ სივრცეში ბავშვებს, სადაც ისინი მუდმივად კონტაქტში არიან და ხშირად იქ ზაფხულის ვირუსული ინფექციები იფეთქებს. ყოველთვის ჯობია ცალკე კოტეჯებში ან სახლებში იყვნენ ბავშვები, ერთმანეთთან რომ ფართო კონტაქტი არ ჰქონდეთ კარს შიგნით. უმჯობესია ბავშვები ერთმანეთან უფრო მეტად ღია გარემოში კონტაქტობდნენ. როდესაც ბავშვები მინახავს სასტუმროს ჰოლში, გამიფიქრებია, რომ ერთი ბავშვი ცუდად ახველებს, შემდეგ მეორეც ავად გახდება, მესამეც...ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები.
ხდება, როცა დედები შვილებისთვის ათი დღე მთას და ათი დღე ზღვას არჩევენ. ათი დღე არაფერს არ იძლევა და ფაქტიურად აკლიმატიზაციის პერიოდია. ბავშვს არ დაუმთავრებია აკლიმატიზაციის პერიოდი მთაში და ზღვაზე მიჰყავთ. ამას ჯობია დაბლმთიან ან მაღალმთიან კურორტზე ერთი თვე მაინც იმყოფებოდეს ბავშვი. არც ზღვაზე დასვენების წინააღმდეგი ვარ. წლამდე ბავშვებისთვის არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შემდგომ პერიოდში კი. მთავარია მშობელმა დაიცვას ყველა ის ნორმა, რაც ზღვაზე დასვენებისას საჭიროა. ბავშვი მზეს, დაბინძურებულ ადგილებს უნდა მოვარიდოთ... ჩემი თვალით მინახავს, როგორ დატოვეს თვის ბავშვი მზის გულზე და თვითონ ზღვაში შევიდნენ. ეს სასწაული იყო! ქოლგის ქვეშაც კი არ იყო ბავშვი, რაც კატასტროფაა. ახლოსმყოფმა ხალხმა შეიფარეს ბავშვი თავის ქოლგის ქვეშ, სანამ მსობლები გამოვიდოდნენ. ეს მეტყველებს, რომ მშობლების განათლების დონე, თუნდაც სამედიცინო, ძალიან დაბალია!
კარგია მთის და ზღვის შესაბამისად მონაცვლეობა, მაგრამ ისევ და ისევ მე ვარჩევ მთის კურორტს - ბაკურიანი, ცემი, შოვი, კოჯორი, მანგლისი, წყნეთი და სხვა... ზოგჯერ წყნეთში ადიან მშობლები, აქვე ახლოს ქირაობენ ბინას, სადაც მანქანების ძალიან დიდი მოძრაობაა. აუცილებლად ცოტა შიგნით უნდა შეარჩიონ ბინა.
- ძალიან კარგი იქნება ერთი თვე თუ ადგილზე გაჩერდებიან. ორი კვირა ცოტაა, რადგან სამი დღე აქეთ-იქეთ აკლიმატიზაციის პერიოდია. 10-12დღე უნდა იყვნენ ერთ ადგილზე, მაგრამ ერთი თვე უკვე გადასარევ შედგეს იძლევა!
- ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ბავშვი მინახავს მაგის გამო გართულებულ მდგომარეობაში. მითუმეტეს, როდესაც ამ მტვერს თაფლში ურევენ. ეს ტექნოლოგიები ჩემთვის აბსოლუტურად შეუსწავლელია. ისიც არ ვიცი ზუსტად არის თუ არა მტვერი, როგორ არის შეგროვებული. აუცილებლად შესწავლა ჭირდება, რადგან არ არის ტექნოლოგიურად დამუშავებული. შეიძლება იქ ისეთი რამ შეეპაროს, მთლად უარესი მოხდეს ბავშვის ჯანმრთელობისათვის. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც თაფლში შერეული გირჩის მტვერი აჭმევდნენ და
რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვი გადასარევად იყო... შემდეგ ბავშვი იმდენად ცუდად გახდა, ალერგოლოგიის ცენტრში გადავამისამართე, ურთულესი ვითარება იყო! ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ მშობლებს! არც ის მომწონს დამტვერვის პერიოდში რომ მიჰყავთ, იქ ჯერ კიდევ ძალიან ცივა და ბავშვები ჩათბუნულები დაჰყავთ. თუ უნდა შევფუთოთ და შალები ჩავაცვათ, აზრი არაფერს აქვს! ბავშვი უნდა იყოს ღიად, მზეზე და კანი სუნთქავდეს. Mმზის მეშვეობით გამომუშავდება დ ვიტამინი. ამისთვის გვინდა სწორედ ზაფხულის კურორტები!
მანანა გაბრიჭიძე