ეს ამნეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევაა კლაივ ვერინგის ცხოვრების აზრი ყოველთვის იყო მუსიკის სიყვარული და საყვარელი ცოლი დებორა, რომელიც მისი მუზა იყო და ყოველთვის შთააგონებდა ახალ ქმნილებებზე. ვერინგი იყო შესანიშნავი მუსიკოსი, დირიჟორი, ტენორი და პიანისტი. მისი ცხოვრება ალბათ ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა, რომ არა შემთხვევა, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ბედი.
ერთხელ კლაივი შინ რომ მოვიდა, ვერაფრით დაიძინა – თავის ძლიერმა ტკივილმა არ მოასვენა. წამლები მიიღო, მაგრამ ტკივილი არ გაუჩერდა. შემდგომში ახალი სიმპტომები გაჩნდა: ტემპერატურა მოემატა და მეხსიერების პრობლემები დაეწყო. რამდენიმე დღეში ვერინგს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ჰერპესული ენცეფალიტი. დაავადებამ მისი ნერვული სისტემა დააზიანა, რის შედეგადაც მის ტვინს აღარ აქვს უნარი, ახსოვდეს რაიმე 30 წამზე მეტხანს. კლაივს არ ახსოვს თავისი წარსულის ძირითადი ნაწილი და წამიერად ივიწყებს ყველაფერს, რაც აწმყოში ხდება. საკუთარი შვილების სახელებსაც კი ძნელად იხსენებს ხოლმე. ეს ამნეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევაა.
დიაგნოზის დასმიდან მუსიკოსის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. კლაივის წარსული და რეალობა მის თვალწინ ქრებოდა.
თავისი ცხოვრების რაღაც მომენტების აღბეჭდვა მაინც რომ შესძლებოდა, დღიურის წარმოება დაიწყო. ჩანაწერები საკმაოდ უცნაური და მოკლე იყო: "გავიღვიძე", "ფხიზლად ვარ", "14:10 – ახლა საკმარისად აქტიური ვარ", "14:35 – სავსებით აქტიური ვარ". ის თითქოს სასოწარკვეთილი ცდილობდა, საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
მისი საყვარელი ცოლი დებორა იმ პერიოდს იხსენებს, როგორც "დაუსრულებელ ტანჯვას". კლაივი იმ დროს საავადმყოფოში იწვა და დებორას თქმით, მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებოდა ხოლმე, როცა ცოლი აკითხავდა. დებორა საათობით ეჯდა ქმრის გვერდით, თუმცა როგორც კი მიდიოდა, კლაივი კვლავ დეპრესიაში ვარდებოდა.
გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ კლაივს არასოდეს დავიწყებია თავისი ცოლი. ამ ფაქტს მეცნიერებიც ვერ ხსნიან.
დებორაზე ერთი წლით ადრე იქორწინა, ვიდრე საშინელ დიაგნოზს დაუსვამდნენ. და მთელი ეს წლები, მას მერე, რაც დასნეულებულია, ყოველდღე ხელახლა ეცნობა ქალს პირველად, ხელახლა ერთი ნახვით უყვარდება და კვლავ აღაფრთოვანებს მისი სილამაზე. მისი ტვინისა და გულისთვის, მისი შეგრძნებებისთვის დაუვუწყარია ის განცდა, რომ ეს ქალი მისი საყვარელი ქალია და ყოველ დანახვაზე ხელახლა თავდავიწყებით მინჯურდება.
30 წამიდან მას მერე, რაც დებორა მიდის, კაცს ის ავიწყდება, რომ ისევ შეუყვარდეს ისევ ისე, უგონოდ.
მიუხედავად ყველაფრისა, კლაივს არ აქვს დარღვეული ე.წ. პროცედურული მეხსიერება, ამიტომ პროფესიული უნარები შეინარჩუნა და კვლავ უკრავს ფორტეპიანოზე, თუმცა ვერ იმახსოვრებს ნოტების თანმიმდევრულობას მუსიკალურ ნაწარმოებებში.
თავისი ცოლის გარეშე ალბათ დანებდებოდა, მაგრამ დებორა მისი მხარდაჭარა და ღუზა ამ ცხოვრებაში. დებორამ ამაღელვებელი წიგნიც დაწერა, თავისი ქმრის ცხოვრებასა და გამუდმებულ ბრძოლაზე სნეულებასთან "Forever Today" ("ყოველთვის დღეს"). ცოლის მხარდაჭერით და მისი სიყვარულის წყალობით, კლაივი დღეს თავს ბედნიერად გრძნობს, თუნდაც სნეულების მიუხედავად. ამ წყვილმა შეძლო, საშინელი დაავადებისთვის სხვა მხრიდან შეეხედა. ახლა კლაივ ვერინგისთვის ცოლთან ყოველი შეხვედრა ნამდვილი საოცრებაა.