საქართველოში მცხოვრები დედები ხშირად შენატრიან ხოლმე უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ოჯახებს საქართველოში მცხოვრები დედები ხშირად შენატრიან ხოლმე უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ოჯახებს. იქაური განათლების, ჯანდაცვის თუ სოციალური დაცვის პროგრამები ხომ ბევრად ჯობია ჩვენსას და ოჯახიც უფრო დაცულად გრძნობს თავს. გერმანიაში მცხოვრებ დედას ნატო ბეჟანიშვილს იქაურ ყოფა-ცხოვრებაზე ვესაუბრეთ - რა სხვაობას ხედავს საქართველოსთან შედარებით თუნდაც სკოლაში, კლინიკებში ან კვების საკითხებში. ნატოს ბერძენი მეუღლე და ერთი შვილი, 7 წლის ანა ჰყავს, რომელიც პირველ კლასში სწავლობს. ნატო ქართული ენის და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელია, უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად საქართველოდან ჯერ საბერძნეთში მოხვდა, იქ გათხოვდა და რამდენიმე წელიწადში გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
- თქვენს შვილს მრავალენოვანი გარემო აქვს გამოცვლილი. რა ენაზე საუბრობთ ოჯახში, ბავშვთან?
- ანამ ბერძნულიც იცის, ინგლისურიც, ქართულიც და გერმანულიც. ქართულად სუფთად ვერ საუბრობს, გერმანული გრამატიკის მიხედვით აწყობს წინადადებებს, მაგრამ ყველაფერი ესმის და ყველაფრის თქმას ახერხებს. ჩვენს სახლში ყოველთვის ცხოვრობს ერთი ნათესავი მაინც საქართველოდან. მათი და ჩემი წყალობით ქართული მაინც არ ავიწყდება.
- ყოფილი მასწავლებელი და პირველკლასელის მშობელი ხართ. ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენი შვილის სკოლაში ისეთი, რაც საქართველოში ვერ ექნებოდა?
- როცა მასწავლებლად ვმუშაობდი, მართლა ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მესწავლებინა ყველაფერი თამაშით და ხალისით. აქ, ჩემი შვილის მაგალითზე მივხვდი, რომ ხალისით სწავლა მართლა შესაძლებელია. ანამ პირველ კლასში ძალიან ბევრი რამე შეითვისა, გამრავლების ტაბულაც კი დააწყებინეს და ბავშვი ვერც კი ხვდება, როგორ შეიძლება მეცადინეობა დაგეზაროს. ამ პროცესში უსიამოვნო მომენტებს თითქმის ვერ ხედავს. ეს მისი განსაკუთრებულობა კი არაა, საერთოდ ასეთი განწყობაა ბავშვებში. ჩემი ძმისშვილებიც პირველკლასელები არიან და თბილისში ცხოვრობენ. მათი მეცადინეობა დაძალების და წუწუნის გარეშე შეუძლებელია. მართალია, საქართველოში ყველა ბავშვი არ იტანჯება სწავლის პროცესით, მაგრამ ეს ამბავი გატაცებისგან და სიამოვნებისგან მაინც შორს დგას.
- როგორ ახერხებენ ამას მასწავლებლები, ცოტას აძლევენ სამეცადინოდ?
- არა, საკმაოდ ბევრს აძლევენ, მაგრამ საინტერესო საკეთებელია. წიგნები მხოლოდ სკოლაში აქვთ, სახლამდე მხოლოდ ფურცლები მოაქვთ, რომელზეც დავალებას ასრულებენ. ძალიან ბევრს ხატავენ და რაც ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბავშვები ყველაფერს აკეთებენ აზრიანად. მასალის დასწავლას კი არ სთხოვენ, უნარ-ჩვევებს უვითარებენ, ფიქრს ასწავლიან... არ ჰგავს ჩვენს სტანდარტულ გაკვეთილს და საშინაო დავალების მომზადებას. თითქოს კი არ სწავლობენ, თამაშობენ და ერთობიან. არადა ძალიან ბევრი რამე შეისწავლეს ამ თამაშ-თამაშში. ასწავლიან ჰიგიენასაც. ეს ცალკე საგანია. 4 კლასის მერე ხდება ბავშვების შეფასება და მათ დონეების მიხედვით ანაწილებენ სხვადასხვანაირ კლასებში.
Video როგორ მოემზადა პატარა ანა გერმანიაში პირველი კლასისთვის
- სკოლა უფასოა, როგორც ვიცი...
- სახელმწიფო სკოლა ყველა უფასოა. აქვს გახანგრძლივებული, სადაც გადასახადი დამოკიდებულია მშობლის შემოსავლებზე. შეძლებული მეტს იხდის, გაჭირვებული - ნაკლებს. ბაღები მხოლოდ ფასიანია. აქაურ ბაღში პარასკევობით ბანენ ყველა ბავშვს, თავს, ტანს. ამას ვერაფრით შევეჩვიე და ვეხვეწებოდი, ნუ დაბანთ-მეთქი. ძალიან თბილი გარემო იყო, სამაგიეროდ, დისციპლინას აჩვევენ პატარაობიდანვე. რაც არის განრიგი, არავიტარ შემთხვევაში არ დაარღვევს არც ბაღი, არც სკოლა. არ არსებობს დაგვიანება, ყველა იცავს წესრიგს. ქართველ მშობლებს ეს უფრო სტრესული გვეჩვენება, სამაგიეროდ, ბავშვები ამით აქაური რიტმისთვის ემზადებიან.
სამაგიეროდ, ძალიან ჭირს ადგილები ბაღშიც და სკოლაშიც. ქვეყანა უნდა შეძრა, რომ დაარეგისტრირო. ძალიან წარმატებულები არიან აქ აქ მცხოვრები ქართველი მოსწვლეებიც და სტუდენტებიც, ადგილობრივებს ნაკლებად აქვთ სწრაფვა, რომ მაინცდამაინც გიმნაზიაში ან უნივერსიტეტში მოხვდნენ. მათთვის ეს არ არის დიდი მოთხოვნილება.
- ბავშვიანი ოჯახებისთვის ძალიან აქტუალურია ექიმებისა და მკურნალობის თემა. ვირუსები ბავშვებში ხშირია და მშობელი სულ მობილიზებულია ამ კუთხით. ხშირად ექიმის გარეშე, თავადაც ასმევენ წამლებს. თქვენთან რა ხდება?
- ვირუსები აქაც ხშირია, მაგრამ პედიატრების კაბინეტებთან რიგებს ვერ ნახავთ. ბავშვს დაზღვევით ჰყავს თავისი ექიმი, რომელიც ერთი კვირაც რომ ჰქონდეს ბავშვს 39 სიცხე, გეუბნება, რომ საშიში არაფერია და გაუვლის. ბევრი წამალი და პროცედურა არ უყვართ. თუ მისვლა გინდა, უნდა ჩაეწერო და როდის მოგიწევს, ვინ იცის. ასეა უმრავლეს შემთხვევაში, თუმცა მე, როცა ძალიან შევშინდები ხოლმე, ქართულად მივადგები პედიატრის კარს, დარეკვის გარეშე და ვითხოვ მიღებას. ვინაიდან ვირუსიანი ბავშვი მახლავს, ეშინიათ სხვებს არ გადაედოთ და ურიგოდ მიშვებენ. სამაგიეროდ, თვალის ექიმი რომ დამჭირდა, ექვსი თვის შემდეგ ჩამწერეს სიაში. მაინცდამაინც იმ დღეს ვერ მოვახერხე მისვლა და ისევ თვეობით უნდა ვიცადო. კიდევ კარგი, საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ და მანდ მივიყვან ოფთალმოლოგთან.
როგორ ზრდიან შვილებს ამერიკელები - ინტერვიუ ქართველ ემიგრანტ დედასთან, რომელიც შვილებს ქართულ ტრადიციებზე ზრდის
- გერმანელი და ქართველი ექიმების მიმართ ერთნაირი ნდობა გაქვთ?
- შეიძლება ასეც ითქვას. ანა რომ სტომატოლოგთან მიიყვანა ჩემმა ქმარმა, უთხრეს, რომ ბავშვს 7 კბილი აქვს დასაბჟენი და ეს ნარკოზით, ერთჯერად პროცედურაზე უნდა მოხდესო. ჩემმა ქმარმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და მომდევნო დღეს დაიბარეს. მე, რა თქმა უნდა, აღვშფოთდი და ანესთეზიოლოგს მივადექი იმის გასარკვევად, რა საჭირო იყო ნარკოზიანი პროცედურა კბილების დასაბჟენად. ძალიან განაწყენდა, რატომ დავაყენე ეჭვქვეშ მისი გადაწყვეტილება და მითხრა, თქვენ, მშობელი არ ხართ მზად ამ პროცედურისთვისო. მივიყვანე სხვა ექიმთან და საბოლოოდ 8 კბილი დაიბჟინა მარტივად, ისე, რომ ინექციაც არ დასჭირვებია. როგორც გავიგე, დაზღვევით მომსახურე კლინიკებს სახელმწიფო კარგად უხდის, ამიტომ ასეთ რთულ პროცედურებს ხშირად ნიშნავენ.
- ანუ მანდაც ხდება ასეთი "აფიორები"?
- აქ ხდება თუ ხდება... სადაც არ ხარ, იქ გგონია სამოთხე, მაგრამ ასე არაა. როგორც საქართველოშიც არიან პროფესიანალიც და აფერისტი ექიმების, ასევეა აქაც. თუმცა სისტემა, რა თქმა უნდა, ძალიან მოწესრიგებულია, ისევე, როგორც აქაური ხალხი. ექიმის მიმართაც მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე ჩვენ. ერთხელ საქართველოში ყოფნისას ავად გახდა ანა და ჩემმა ძმამ პედიატრთან წაგვიყვანა, რომელიც ბინაზე იღებდა. წინასწარ შევუთანხმდით, რასაკვირველია. ჩემი ბერძენი ქმარი ძალიან გაოცდა, როცა ვუთხარით, რომ კლინიკაში კი არა, სახლში ვაკითხავდით ექიმს, მაგრამ იქ მისული შიგნითაც არ შემოვიდა. დაგვავლო ხელი და მანქაში დაგვაბრუნა. მიზეზი? ექიმის სახლიდან მწვადის ძალიან მძაფრი სუნი გამოდიოდა, ეტყობოდა, იმ დროს წვავდნენ სამზარეულოში. ჩემი ქმარი გაოგნდა, როგორ შეიძლება ექიმი ელოდებოდეს პაციენტს და ამ დროს მწვადს წვავდესო. ვერ ვენდობიო... მოკლედ, სხვადასხვანაირ სამყაროში გაზრდილი ხალხი ვართ და მოვლენებსაც ამის მიხედვით ვაფასებთ.
- არ შემიძლია არ შევეხო კვების საკითხს. როგორი მიდგომაა ბავშვის კვების მიმართ?
- ძალიან დიდი პროპაგანდა მიმდინარეობს ჯანსაღი კვების. ეს სასკოლო პროგრამაშიც შედის. ბავშვები ისე გემრიელად ახრამუნებენ სტაფილოს და ბულგარულებს, შეგშურდება. სკოლაში ბუფეტი არ არის. ყველაფერი ბავშვს სახლიდან მიაქვს წასახემსებელი. სასადილო არის მხოლოდ გახანგრძლივებულის ბავშვებისთვის და იქ მიირთმევენ სადილებს. ერთ ღამეს ბავშვს გული აერია, თუმცა დილამდე გამოკეთდა.
მეორე დღეს წერილი გამოატანეს სკოლიდან - გუშინდელ საკვებში რაღაც ნაწლავის ჩხირი აღმოვაჩინეთ და ბოდიშს გიხდითო. თვენახევრის განმავლობაში ეს სამჯერ განმეორდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თბილისში სკოლიდან რომ მოგიტანს ბავშვი ასეთ შეტყობინებას, რა რეაქცია ექნება მშობელს. აქაურ მშობლებს კი პროტესტის გრძნობაც არ გასჩენიათ, თითქოს არაფერი მომხდარა... გაგებით მოეკიდნენ...
ფასტ ფუდს რაც შეეხება, აქ ჩამოსულ ჩემს ქართველ ნათესავებს ხშირად უთქვამთ, აქ ქუჩაში მშიერი მოკვდებიო. თბილისში რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგიძლია ხაჭაპური მიირთვა და იაფად დანაყრდე, აქ ვერ მოახერხებ. ასეთი საეჭვო საცხობს აქ საერთოდ ვერ ნახავ, რაც არის, ძალიან ხარისხიანია და საკმაოდ ძვირი ღირს.
- მასწავლებლებთან კომუნიკაციას ახერხებთ?
- მხოლოდ წერილობით. სამაგიეროდ, გამორიცხულია, დროული და ამომწურავი პასუხი არ მიიღო.
წაიკითხეთ ასევე:"აქაურ სკოლებთან განსხვავება ძალიან დიდია" - როგორ მოემზადა პატარა ანა გერმანიაში პირველი კლასისთვის