"როდესაც დაკავებული ხარ და პროფესია გაქვს ქალს, ოჯახსაც აუცილებლად ისე მიხედავ, როგორც საჭიროა" "როდესაც დაკავებული ხარ და პროფესია გაქვს ქალს, ოჯახსაც აუცილებლად ისე მიხედავ, როგორც საჭიროა! ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არასოდეს დაკლებიათ ჩემი ყურადღება. გადასარევი მეუღლეც მყავდა, რომელიც ხელს ძალიან მიწყობდა და მეც ყოჩაღად ვიქცეოდი"... - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შაგუს ბაბუდას როლის შემსრულებელი მაკა გოგიჩაიშვილი თავის გმირსა და რეალურ ცხოვრებაზე გვესაუბრა...
- "ჩემი ცოლის დაქალების" ქასთინგზე ძალიან ადრე დამიძახეს. თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 2012 წელი იყო. რატომღაც უკან ვიხევდი და არ მივდიოდი. ორი კვირა მირეკავდნენ და ხან რას ვიმიზეზებდი, ხან რას... დაიწყო სერიები და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დამირეკა ეკა მჟავანაძემ, რომელიც ქასთინგმენეჯერია. ეკამ გაბრაზებულმა მითხრა, კარგი არ გინდოდა დიდი ლუკმა და ერთი დღისთვის მაინც მოდი, რაღაც პატარა ეპიზოდია ჩასაწერიოო... უკვე ნანახი მქონდა სერიალი და ძალიანაც მომწონდა. ამიტომაც წავედი და გადამიღეს როგორც ჟუჟას დაქალი... ისე დავიტირე გარდაცვლილი მეგობარი - ჟუჟა, რომ იმის შემდეგ სადაც არ მივდივარ, ყველგან ჟუჟას მახსენებენ... ხო რამდენი წელი გავიდა, მაგრამ შარშან პარიზში ვიყავი ჩასული ქართველების გამოფენაზე და მთელი ქართული დიასპორის წარმომადგენლები მეკითხებოდნენ, საიდან გვეცნობიო...
ახლახან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბაბუდას როლზე აღმოვჩნდი. ასე დამაბრუნეს სერიალში. ჯერჯერობით ეს სერიები გადავიღეთ და არ ვიცი, კიდევ გადამიღებენ თუ არა.
- არ ვარ ვაკელი, პლეხანოველი გახლავართ... მსახიობი ვარ, უკვე 53 წელია თეატრში ვმოღვაწეობ. მითამაშია ტრაგიკული და მხიარული როლებიც. სერიალში ჩემი გმირი ისეთი პიროვნებაა, რომელსაც მიუხედავად თავისი ასაკისა, სურს ფეხი თანამედროვეობას აუწყოს. ახალგაზრდებთან რომ არის, ისეთ ჟარგონებს იყენებს, როგორც ისინი... ასეთი ქალები მართლაც არიან ჩვენს ირგვლივ.
ძალიან სასიამოვნოა გადასაღებ მოედანზე ყოფნა. მე ოდნავაც არ ვარ პრეტენზიული, მაგრამ რომ ვხედავ უფროს-უმცროსობა როგორ არის დაცული, ჩემთვის მაინც ესაა მთავარი – თეატრში, ოჯახში თუ ქუჩაში... გადაღებაზე რომ შევდივარ, გამნათებლიდან დაწყებული, ხმის ოპერატორებით დამთავრებული, მსახიობებზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, მათგან ძალიან დიდ სიმპათიას და პატივისცემას ვგრძნობ... ძალიან კარგები არიან, გადასარევი გუნდია! გიორგი ლიფონავა არაჩვეულებრივი ადამიანი, ტაქტიანი, ნიჭიერი ბიჭია, ქეთი დევდარიანი - უნიჭიერესი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ სერიალში გადაღებას რომ დავთანხმდი.
- რატომაც არა! თუ ვიქნები სერიალში დიდხანს, გამიხარდება... თუმცა ჩემი გმირი იმდენად მაღიზიანებს, ვერ ვუყურებ. ჩემი შვილიშვილები მსაყვედურობენ, კარგი რა ბე, რატომ არ უყურებ, ძალინ კარგი იყავიო... ვერაფრით შევძელი ვუყურო, დავბერდი ალბათ და იმიტომ გავხდი ასეთი.
- ძალიან დიდი ოჯახი მაქვს... შვილები, შვილიშვილები, დის შვილები... (ქალბატონი მაკას ვაჟი მერაბ ბოქოლიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია კალათბურთში - რედ.) მათ დედები აღარ ჰყავთ, ერთი მე დავრჩი და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი... საკუთარი ორი შვილი მყავს და ოთხი შვილიშვილი. აქ რომლებიც მყავს შვილიშვილები, მათ აღზრდასა და გაზრდაში ძალიან დიდი წვლილი მაქვს. პარიზში რომ მყავს შვილიშვილები, მათ წელიწადში ერთხელ თუ ვნახულობ. ორი კვირით ჩამოდიან და მათ სათანადო ბებიობას ვერ ვუწევ. სტუმრებივით არიან და საყვედურსაც ვერაფერზე ვეტყვი, ცუდი შთაბეჭდილებით რომ არ გავუშვა.
მანანა გაბრიჭიძე