უფასოა თუ არა ჯანმრთელობის ცნობა ე.წ. ფორმა 100 ბევრმა მოქალაქემ ზუსტად არ იცის, რა შეღავათები ეკუთვნის სახელმწიფოსგან. mshoblebi.ge სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწოფო პროგრამების შესახებ, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებენ. ამჯერად 6 წლამდე ასაკის ბავშვებს შევეხებით, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მაგდა კოტრიკაძე იმ კითხვებს პასუხობს, რომლებიც მშობლებმა სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდის საშუალებით დასვეს.
- სასწრაფოთი მიყვანილი პაციენტი და იგივე პრობლემით საკუთარი ტრანსპორტით მისული პაციენტი ერთნაირად ფინანსდება?
- მიმართვის ფორმას მნიშვნელობა არა აქვს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებს უნაზღაურდებათ კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების მართვა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის ფორმისგან დამოუკიდებლად.
- ყველა კლინიკაში ერთნაირად მოქმედებს საყოველთაოთი განსაზღვრული დაფინანსება? ზოგიერთი კლინიკა მეტს ახდევინებს, ზოგი - ნაკლებს.
- კრიტიკული მდგომარეობების და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების დაფინანსების პირობები სამედიცინო დაწესებულებებში თანაბარია, ხოლო სხვა გადაუდებელი მდგომარეობების, გეგმური ქირურგიული სამედიცინო მომსახურების და ონკოლოგიური მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება სახელმწიფო ასანაზღაურებელი თანხის (სატარიფო არეალის) და მოსარგებლის სტატუსის მიხედვით.
- რა პროცედურები უნდა გაიაროს მშობელმა, რათა ბავშვს დაუფინანსდეს ოპერაცია ან ძვირადღირებული კვლევა?
- ქირურგიული მომსახურების დაფინანსების მისაღებად, პირველ ეტაპზე მიმართავს შესაბამისი პროფილის ქირურგ-სპეციალისტს, ოპერაციის დაგეგმვის შემთხვევაში, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო დაწესებულება ავსებს შესაბამისი ფორმის განაცხადს; სერვის ცენტრის/სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის (რეგიონი) მიმართვის შემთხვევაში, მშობელი წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას:
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი. ანგარიშფაქტურა, კალკულაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და მოსარგებლეს/წარმომადგენელს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში , ანაზღაურებას ექვემდებარება მოსარგებლის მიერ შერჩეულ პოლიკლინიკაში გეგმური ამბულატორიული მომსახურება : ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი; ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/ რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია;, კომპიუტერული ტომოგრაფია გარკვეული ჯგუფის მოსარგებლეთათვის მაგ: (შშმ პირები, 0-5 წლის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები და საპენსიო ასაკის მქონე პირები);
ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინისისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები:, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ- ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევები);

- ფინანსდება თუ არა საყოველთაო დაზღვევით ხერხემლის გამრუდებასთან და ბრტყელტერფიანობასთან დაკავშირებული სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო პროცედურები?
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება მითითებულ დიაგნოზთან დაკავშირებული სადიაგნოსტიკო (გარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევისა) და სამკურნალო პროცედურები.
- ჯანმრთელობის ცნობა, ე.წ. ფორმა 100 არის თუ არა უფასო?
- ამბულატორიულ დონეზე პოლიკლინიკაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ფორმა NIV-100/ა არის უფასო.
- 1 წლამდე ბავშვის შემთხვევაში რამდენი პროცენტით ფინანსდება კრიპტორქიზმის ოპერაცია.
- პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის სატარიფო არეალის 80%-ით
- რა პროცენტით ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით ამბულატორიული კვლევები, მაგალითად ჰელმინთებზე, ენდოკრინულ დაავადებებზე.
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება მითითებულ დიაგნოზთან დაკავშირებული სადიაგნოსტიკო პროცედურები გარდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯისა (TSH)(პოლიკლინიკაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით)
- თვენახევარია ელოდებიან 4 წლისბავშვისთვის დაფინანსებას ოპერაციისათვის, სად უნდა გავარკვიოთ, როდის დააფინანსებენ?
- ჩვეულებრივ დაფინანსების დაყოვნება არ ხდება 2 თვეზე მეტ ხანს, საკითხის დეტალურად შესასწავლად საჭიროა მშობელმა მიმართოs საყოელთაო ჯანდაცვის სერვის-ცენტრს და დაუყოვნებლივ გაიგებს, რატომ დაგვიანდა პასუხი. არის გარკევული კოდები, რომლებიც არ ფინანსდება და არის კოდები რომლებიც ჩვეულებივ ფინანსდება და ა.შ…
მანანა გაბრიჭიძე