ცოტა გულჩათხრობილი ბავშვია, საკუთარი ემოციების გამოხატვა არ ეხერხება
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისელი დავით ნემსაძე გახდა. ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10-წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. ის ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება. ამ ინფორმაციამ იმდენი მკითხველი დააინტერესა, რომ გადავწყვიტეთ, წარმატებული პატარა მოჭადრაკის შესახებ დედას, თამარ იმნაძეს გავსაუბრებოდით და უკეთ გაგვეცნო ეს ნიჭიერი ბიჭუნა.
- დავითის დაბადებას იმდენი სირთულე ახლდა, ექიმებმა ხელწერილიც კი დაგვაწერინეს, 18 საათი გაგრძელდა მშობიარობის პროცესი, გვითხრეს, ან დედა გადარჩება, ან შვილიო, მის დაბადებას არავინ ელოდა და მას მერე სულ მქონდა განცდა, რომ რაღაცით გამორჩეული იქნებოდა ჩემი შვილი.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ 2 წლის ასაკში ანბანის 33 ასო იცოდა და კითხულობდა, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს. თავიდან ბაღში არ იღებდნენ, გამგემ რომ შეამოწმა და ბავშვი ნამდვილად კითხულობდა, გაოცებული დარჩა . სამი წლის ასაკში იცოდა ყველა სახელმწიფოს დედაქალაქი და ანგარიშობდა ასის ფარგლებში, მათემატიკის მიმართ ასეთი დიდი ინტერესის და დამოკიდებულების გამო გამო თვალებზე ნერვული წიკები დაეწყო და ცოტა ხნით შევეშვით. 5 წლის დავითი, რადგან ძალიან მოუსვენარი იყო, შევიყვანეთ ჭადრაკზე. შეყვანიდან სამ თვეში დამწყები ბავშვების ჩემპიონატზე გაიმარჯვა თურქეთში. ჯამში 4 წლის განმავლობაში 40 თასი და მედალი აქვს მოპოვებული. შარშან ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში და გავიდა მსოფლიოს ათეულში, მე-7 ადგილი დაიკავა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვინც გახდა მონღოლი, მას ჰქონდა ერთი წაგება და ისიც დათოსთან.
- როგორია დავითის ერთი ჩვეულებრივი დღე?
- ძალიან დიდი პასუხუმგებლობით გამოირჩევა. თითქმის დრო სათამაშოდ არც რჩება, კომპიუტერიც კი არ გვაქვს სახლში. არც უჩნდება სურვილი კომპიუტერით თამაშის. დილით მიდის სოლაში, სკოლის შემდეგ 2-დან 8 საათამდე არის ჭადრაკზე, სადაც ორი მასაწავლებელი ამეცადინებს. ასე გრძელდება ყოველდღე. თვითონ დავითი ცოტა გულჩათხრობილი ბავშვია, საკუთარი ემოციების გამოხატვა არ ეხერხება. სასკოლო საგნებს თითქმის ყველას ერთანაირად სწავლობს. განსაკუთრებით უყვარს მათემატიკა. მე არ მახსოვს გვემეცადინა, მე-4 კლასშია და თვითონ სწავლობს ყველაფერს.
- როგორია თქვენი აღზრდის მეთოდი?
- ძალიან მკაცრი დედა ვარ. ორი შვილი მყავს, პატარა 4 წლის არის. ვცდილობ, რომ ჩემი შვილები იყვნენ პატრიოტები და აქედანვე იციან, რომ დედა ერთადერთ რამეს არ აპატიებს ცხოვრებაში, რომ მეგობარს უღალატონ, რადგანაც მეგობრობა ყველაზე ძვირფასი რამ არის .. ბავშვების დილა იწყება ფრაზით, "ვემსახურები საქართველოს", ეს ტექსტი საწოლის მოპირდაპირე მხარეს აქვთ გაკრული.(იცინის)
- როგორ შეხვდა დავითი გამარჯვებას, როგორი მოლოდინი ჰქონდა?
- ძალიან დაძაბულია. ჭადრაკი ძვირიანი სპორტია და ამას ძალიან განიცდის. დაფინანსები არ არის და მშობლები თვითონ ვცდილობთ მონაწილეობა მივაღებინოთ ბავშვებს ჩვენი სახსრებით ტურნირებში. ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს დავითს, რომ დედა და მამა ბევრს შრომობენო და სწორედ ამიტომ მინდა მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და გავახარო ისინიო. ევროპის ჩემპიონატზეც მიდის დათო აგვისტოში, ნოემბერში კი ესპანეთში მიემგზავრება.
- მამა როგორ შეხვდა დავითის წამატებას?
- ბუნებრივია, ძალიან გახარებულია. მამას ზოგადად ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მის წარმატებაში. მთელი დღე ის დაატარებს ჭადრაკზე და არ შორდება გვერდიდან. გვერიდება პედაგოგის, რვა საათი რომ მოახლოვდება, ყველას სახლში უნდა წასვლა. ეს კი ეუბნება მასწავლებლებს, რომ კიდევ ეთამაშონ.
რუსკა კილასონია